დღეს ზუსტად 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში სპეცრაზმის მონაწილეობით დააკავეს. სპეცოპერაცია 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 07:30 საათზე დაიწყო და 2 საათში პარტიის თავმჯდომარის დაკავებით დასრულდა.
რადიო თავისუფლების გადაღებულ შიდა და გარე კადრებში ჩანს, რომ საპოლიციო ძალების ოდენობა რამდენიმე 100-ეულს აღემატება. მათ შორის ადგილზე იყო პოლიციის ათეულობით, 2 სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო მანქანები. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი პოლიციას სრულად ბლოკირებული ჰქონდა, გადაადგილება აკრძალული ჰქონდათ პარტიის წევრებს, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს.
სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ძალებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან 1 მარტს გამოითხოვა. წერილში, რომელიც ამ დრომდე უპასუხოდ არის დატოვებული, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაცია იყო მოთხოვილი:
- ვისი უშუალო ბრძანებით დაიწყო ოპერაცია და ვინ ხელმძღვანელობდა მას;
- რომელი დანაყოფები მონაწილეობდნენ და რა შემადგენლობით;
- რა ტექნიკური საშუალებების მობილიზება მოხდა და რა საშუალებები გამოიყენა უწყებამ;
- რა ქიმიური საშუალებები გამოიყენეს სპეცოპერაციისას;
- რა იყო ოპერაციის ჩატარების საერთო ღირებულება;
- ამ ოპერაციაში მონაწილეობისთვის გაიცა თუ არა ფინანსური რაიმე სახის დანამატი და რამდენი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 მარტს ამოეწურა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიას განეკუთვნებოდა, მაშინ ამ საკითხზე არც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უნდა ესაუბრა პარლამენტის ტრიბუნიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5 მარტს დეპუტატის კითხვას, მელიას დასაკავებლად გამოყენებული საპოლიციო ძალების შესახებ, ასე უპასუხა:
"შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. იქ იყვნენ როგორც მაშველები, ასევე გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, მეხანძრეები, რომლებიც გარეთ იყვნენ, შიგნით არ შესულან... მაგას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. შიგნით შესული, პირიქით, ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი დაგვხვდა შიგნით".