გიორგი გახარია პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრის საჭიროებაზე წერს

გიორგი გახარია

ტელეარხებისთვის მიცემული კომენტარის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩენის შესახებ „ტვიტერზე" წერს.

„დღეს განვაცხადე, რომ მე ვრჩები საქართველოს პოლიტიკაში. ამჟამად მე ვმუშაობ იმისთვის, რომ განვსაზღვრო ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური დღის წესრიგის შექმნა ევროპული მომავლისთვის", - წერს გახარია.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. მან მიზეზად დაასახელა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. მის გადადგომამდე მელიას დასაკავებლად მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო".

ასევე ნახეთ გიორგი გახარია ნაციონალურ მოძრაობას: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ

ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ გახარია პარტიის შესაქმნელად ემზადება. მედიაში, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ახალი პარტია შესაძლოა, "ქართული ოცნების" სიაში მის მიერ ჩასმული კადრებით დაკომპლექტდეს, დაფინანსება კი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან მიიღოს.