საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის შეფასებით, ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებების დროს ოპოზიცია რომ ულტიმატუმით წარდგა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა აღიარა.
„ულტიმატუმი არის, რომ ვაღიაროთ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, თავზე ნაცარი დაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება არჩეული და საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს ყავას თუ ჩაის“, - უთხრა დღეს მედიას ვოლსკიმ.
ასევე ნახეთ მინაშვილი: დავხატეთ გამოსავალი - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი არჩევნებიგია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციას კრიზისის განმუხტვის ინტერესი არ აქვს:„მშრალი ნაშთი, რაც გვაქვს, ეს არის აკო მინაშვილის, იგივე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ულტიმატუმი არის მთავარი თემა და კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ამ ულტიმატუმით და სხვა არაფრით“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი „მეორე მშრალ ნაშთად“ განიხილავს ევროკავშირის პოზიციას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ არსებობს დემოკრატია პარლამენტს მიღმა: „და მესამე, რომ ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, რათა პარლამენტის წევრებმა, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, მიიღონ ამომწურავი პასუხი საკითხებზე, რომელიც ეხება არჩევნებს და ამის ყველა რესურსი შესთავაზა უმრავლესობამ“.
გია ვოლსკის თანახმად, შეთავაზება, რომ საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებდა ოპოზიციის წარმომადგენელი, არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ოპოზიციის მიერ სრულად იყო იგნორირებული.
წუხელ, თბილისში შეთანხმების გარეშე დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკება. გამთენიისას საქართველო დატოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა.
ასევე ნახეთ შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონის თქმით, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული12 მარტიდან, დანიელსონმა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.
მთავარი, რასაც ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. "ქართული ოცნება" პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის შეფასება. ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. განსახილველ საკითხებს შორის იყო სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.