ბიბილოვის მიერ მოტყუებული მედპერსონალი ოკუპირებულ რეგიონში

ცხინვალის საავადმყოფო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება. ამავე დროს, იზრდება „კოვიდზონაში“ დასაქმებული ექიმების უკმაყოფილება. მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ დაპირებული სახელფასო დანამატი, რომელიც განსაკუთრებული სამუშაო პირობებისა და გაზრდილი დატვირთვის გამო უნდა მიეცათ.

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური სამსახურების მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მიაღწია 3 118-ს, საიდანაც 2 613 პაციენტი უკვე განიკურნა, 506 ინფიცირებული ამჟამად მკურნალობს.

ცხინვალის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ ალექსანდრე პლიევის თქმით, ეპიდემიის მასშტაბი მცირდება, ექიმებსაც ცოტა შვება მიეცათ.

სამედიცინო პერსონალი განაწყენებულია, რადგან მათ გაწეული სამუშაოსთვის არ გადაუხადეს...
ალექსანდრე პლიევი

„ხუთას ექვსი პაციენტიდან არც ერთი არ არის მძიმე - ორი კვირაა, რაც რეანიმაციის განყოფილება ცარიელია. საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა რვიდან ოცდახუთამდე მერყეობს, დანარჩენები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან. ცალკე კოვიდჰოსპიტალი აღარ მუშაობს, ინფექციური საავადმყოფო უმკლავდება პაციენტების ნაკადს. ექიმებს ახლა ისეთი დატვირთვა არ აქვთ, როგორც პანდემიის პიკზე. "წითელ ზონაში" ძირითადად ინფექციონისტები, პულმონოლოგები და თერაპევტები მუშაობენ, რომლებიც სპეციალიზდნენ კოვიდპაციენტებთან სამუშაოდ. ისინი ახლა საკუთარ განყოფილებებში განაწილდნენ“.

ალექსანდრე პლიევის თქმით, მედიცინის მუშაკები, რომლებიც ბოლო დრომდე „წითელ ზონაში“ მუშაობდნენ, ფიზიკური გადატვირთვისა და ნერვული დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგნენ, ახლა კი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდნენ. ფსიქოემოციური აღდგენა ახლა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ექიმებს კიდევ ერთი სტრესის გადატანა უწევთ - მათ მთავრობა ატყუებს და დაპირებულ თანხას არ აძლევს. ალექსანდრე პლიევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს:

„სამედიცინო პერსონალი განაწყენებულია, რადგან მათ გაწეული სამუშაოსთვის არ გადაუხადეს. თავდაპირველად ოპერატიული შტაბი მედპერსონალს დაჰპირდა, რომ ექიმები ხელფასის გარდა დამატებით ოთხმოცი ათას მანეთს (დაახლოებით, 3 600 ლარი) მიიღებდნენ: მედდები - ორმოცდაათი ათასს (2 250 ლარი) და სანიტრები - ოცდახუთი ათასს (1125 ლარი). როდესაც გადახდის დრო მოვიდა, მათ თვეები დღეებად დაყვეს. ექიმისთვის აღმოჩნდა სამი ათასი რუბლი (135 ლარი). შემდეგ დღეები საათებად დაყვეს და, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ექიმებისთვის წამახალისებელი ანაზღაურება საათში ას ოცდახუთი რუბლია (5 ლარზე მეტი), ექთნებისათვის - ოთხმოცდაათი (4 ლარი), ხოლო სანიტრისთვის - სამოცი მანეთი (3 ლარამდე) საათში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თაღლითობა. გამოდის, რომ დაპირებული გადახდის მისაღებად ექიმმა უნდა იმუშაოს არა მორიგეობით, არამედ 24 საათის განმავლობაში დაუსვენებლად. ვერავინ გაუძლებს ასეთ დატვირთვას”.

ალექსანდრე პლიევი

ალექსანდრე პლიევი, როგორც უმაღლესი კატეგორიის ექიმი, ერთ მორიგეობაში, ჩვეულებრივ დროს, იღებს 5 500 რუბლს (დაახლოებით, 245 ლარს). მას დეკემბერში თერთმეტი მორიგეობა ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ მას ხელფასის სახით უნდა მიეღო ორმოცდათხუთმეტი ათასი მანეთი (2 500 ლარამდე); ასევე, დამატებითი სტიმულირებისთვის - ოცდაცამეტი ათასი რუბლი (1500 ლარი); ჯამში, 88 ათასი რუბლი (4000 ლარამდე), მაგრამ რატომღაც 16 ათასი მანეთი (800 ლარამდე) გამოიმუშავა. საბოლოოდ ასე დაუთვალეს და, როგორც მას უთხრეს, სხვა თანხა აღარ ეკუთვნის. პლიევის თქმით, ინტენსიური თერაპიის სხვა ექიმებმაც, დაახლოებით, იგივე თანხა მიიღეს.

ყველა მოატყუეს. ოღონდ იმუშავეთ და დამატებით თანხას გადაგიხდითო, ეუბნებოდნენ...

„დეკემბრისა და იანვრის თვის ანაზღაურება სამედიცინო პერსონალს ჯერ არ მიუღია. ისინი (ხელისუფლება) ადგენენ გრაფიკებს. პირობას დებენ, რომ გადაიხდიან მინიმალურ თანხას, რომელზეც მთავრობა შეთანხმდა. დაგვიანება აიხსნება იმით, რომ ექიმის "წითელ ზონაში" ყოფნის ყოველი საათი ითვლება, ყველას შესვლა და გამოსვლა ფიქსირდება. აი, ასეთი ბიუროკრატიული აურზაურია“.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ექიმებზე მძიმე ვითარებაში მედდები და სანიტრები არიან და ისინი პროტესტს უკვე ხმამაღლა გამოთქვამენ.

„ყველა მოატყუეს. ოღონდ იმუშავეთ და დამატებით თანხას გადაგიხდითო, ეუბნებოდნენ. ჩემი მეზობელი ექთანია. „წითელ ზონაში“ მუშაობდა. ისე იღლებოდა, რომ ფეხზე ვერ იდგა. ამას დაუმატეთ სიცოცხლის და ინფიცირების რისკი. ახლა ისევ სტრესშია. ამდენი ხნის ნამუშევრის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს. როგორ უნდა იცხოვროს აქ ადამიანმა, როცა ყველაფერი გაძვირებულია? თან მიზერულ ხელფასებსაც უგვიანებენ. ყველა უკმაყოფილოა და ამაზე უკვე ლაპარაკობენ. არ ვიცი, პროტესტს როდის გამოხატავენ, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ ისევ გამწვავდა, „წითელ ზონაში“ მუშაობაზე ამ პირობებით უკვე ბევრი იტყვის უარს. სხვანაირად არ გამოვა“.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, დაახლოებით, ორი თვის წინ უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო. დე ფაქტო ხელისუფლებამ დასახმარებლად რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროებს მიმართა. ცხინვალში სამხედრო კოვიდჰოსპიტალიც მოეწყო, თუმცა, დაბალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის გამო, პაციენტების ნათესავებს ავადმყოფები როგორც საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ისე რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ვლადიკავკაზის კლინიკებში გადაჰყავდათ.