საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდარე ხარისხის პროვოკაციას უწოდებს "TV პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის შეფასებით, დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
"მე არ მსურს, აღნიშნულ მდარე ხარისხის პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან გაჩნდა შეკითხვები, მინდა გავაკეთო განმარტება. ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი ჩანაწერისგან - ფაბრიკაციაა", - თქვა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: დაზარალებული ვართ ჩვენმისი თქმით, ამ მომენტამდე მას არ ჰქონდა დრო გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარის გასაკეთებლად:
"ჩვენ კარგად გვესმის, საიდან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის პროვოკაცია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების - სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს ყოვლად მიუღებელია. ეს არის დასაგმობი როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან".
"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.
ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.