„ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, სიტუაცია დაძაბულია, რამაც შესაძლოა გაუთვალისწინებელი და გამოუსწორებელი შედეგი მოუტანოს ჩვენს სახელმწიფოს. მტკიცედ მჯერა, რომ შიდა უთანხმოების განმუხტვის ერთადერთი საშუალება მოლაპარაკება და დიალოგია, სომხეთისა და არცახის (სომხები ასე უწოდებენ ყარაბაღს) განვითარების ერთადერთი გზა კი - ყოველი ჩვენგანის შესაძლებლობებისა და ძალისხმევის გაერთიანება“, - ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
არმენ სარქისიანის ამ განცხადების ფონია სომხეთის გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეთა მიერ წინა დღით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება დემირჭიანის ქუჩის მხრიდან და საპროტესტო კარვების აღმართვა. ოპოზიციის მომხრეთა ასეთი პროტესტის მიზეზი ამჯერად ნიკოლ ფაშინიანთან ერთად არის თავად სომხეთის პრეზიდენტიც, რომელმაც არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული შესაძლებლობა და არ გადაუგზავნა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამან კი ხელ-ფეხი გაუხსნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომ მიეღწია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - მისთვის მიუღებელი გენერალ ონიკ გასპარიანის - თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის, რასაც სომხეთის ისტორიაში გენერალიტეტის მხრიდან უპრეცედენტო უკმაყოფილება და ნოემბრიდან დაწყებული პოლიტიკური პროტესტის მორიგი ესკალაცია მოჰყვა.
1 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, მთავრობის შენობაში შეიჭრა.
ასევე ნახეთ სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი მთავრობის შენობაში შეიჭრა
„გაზვიადებული და აქტუალური“ პრობლემა
სომხეთის ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.
რუსეთის შუამავლობით მიღწეულმა ზავმა დაასრულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის კონტროლქვეშ იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან.
შარშან, სექტემბრის ბოლოს, განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო.
სომხეთის ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც „მამულის გადარჩენის მოძრაობა“ შექმნეს და თავისი გარდამავალი პრემიერ-მინისტრიც ჰყავთ შერჩეული, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვაზგენ მანუკიანის სახით, 7-თვიანი „ხელების გადაგრეხის“ მიუხედავად, ვერ აიძულეს ნიკოლ ფაშინიანი, რომ გადამდგარიყო და მხოლოდ შემდეგ ჩატარებულიყო ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ამ მოთხოვნებს თებერვლის ბოლოს შეუერთდა სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ხელმძღვანელობა, რომელსაც არასოდეს მოსწონდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
„მთელი პრობლემა უკავშირდება მრავალმხრივობას, ამ პოლიტიკურ კრიზისში მრავალი ძალის მონაწილეობას და იმას, რომ აბსოლუტურად გაუგებარია ამ ინტრიგის შემდგომი გაგრძელება, ანუ ვინ და როგორ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. და ამ ვითარებაში მთელი ეს ისტორია, დაკავშირებული გენერალური შტაბის უფროსთან, გაზვიადებულიც არის და აქტუალურიც ერთსა და იმავე დროს. ერთი მხრივ, პრობლემა, მართლაც, არსებობს სომხეთში, სამხედროებს არ უყვართ ნიკოლ ფაშინიანი და, თავის დროზე, ცოტა ვინმემ თუ შეამჩნია, რომ ზოგიერთი პრობლემა ნიკოლ ფაშინიანს ონიკ გასპარიანთან შეექმნა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, როდესაც ხელი მოეწერა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის შუამავლობით. სწორედ მაშინ, 10 ნოემბრის შემდეგ, გასპარიანმა წარმოთქვა საკმაოდ უცნაური ფრაზა, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სამშვიდობო შეთანხმებას თითქოს ხელი მოაწერა თავად გასპარიანის წინადადებით. ამ ფრაზაში უკვე იყო გარკვეული ინტრიგა, რადგან გამოდის, რომ ფაშინიანი დიდად თავს არ იკლავდა ამ მშვიდობისათვის, მაშინ როდესაც სამხედროებს ესმოდათ [ყარაბაღში] შექმნილი ვითარება“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი.
„ისკანდერით“ გამოწვეული დაპირისპირება
თებერვლის ბოლოს ორ ინსტიტუციას შორის ფარული უთანხმოება ღია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც სომხეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ტიგრან ხაჩატრიანმა, პრემიერ-მინისტრი ღიად დაადანაშაულა იმაში, თითქოს ნიკოლ ფაშინიანს არ ესმოდეს სამხედრო საქმე და „ზედაპირული შეფასებით“ აკეთებდეს არასერიოზულ დასკვნას.
სომეხმა გენერალმა პრემიერ-მინისტრი საჯაროდ გააკრიტიკა იმ სიტყვისათვის, რომელიც სომხეთის შეიარაღებაში არსებული რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა „ისკანდერის“ თაობაზე წარმოთქვა.
ასევე ნახეთ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობააკერძოდ, 23 თებერვალს ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა 1in.am-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, „ისკანდერები“ არ აფეთქდა, ან აფეთქდა მხოლოდ 10 %. ამავე ინტერვიუში მან თქვა, შესაძლოა ვცდებოდე და ეს არაეფექტიანი 80-იანი წლების იარაღი იყოო.
როგორც ზემოთ ითქვა, გენერალმა ხაჩატრიანმა პრემიერ-მინისტრი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, რასაც მოჰყვა ნიკოლ ფაშინიანის ბრძანება მისდამი კრიტიკულად განწყობილი გენერლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სომხეთის გენერალურმა შტაბმა და მისმა უფროსმა, ონიკ გასპარიანმა, გენერალ ტიგრან ხაჩატრიანის მხარე დაიჭირა.
25 თებერვალს გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ პროტესტს გამოთქვამს დაუსაბუთებელი მიზეზით და სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად თანამდებობიდან ხაჩატრიანის გათავისუფლების გამო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა, თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის, გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
სომხეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ სომხეთის არმიაში დიდი გავლენის მქონე პრორუსულად განწყობილი გენერალიტეტი მხოლოდ საბაბს ეძებდა იმისათვის, რომ თავისი ხმა ქვეყანაში მიმდინარე სახლხო პროტესტისათვის შეეერთებინა.
25 თებერვალს გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივ და უპასუხისმგებლო ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ სომეხი ხალხისთვის კრიტიკულ სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.
მაგრამ გაირკვა, რომ ნიკოლ ფაშინიანსაც ჰყავს თავისი მომხრეები სომხეთის არმიის გენერილეტეტში, რომელიც, როგორც ვადიმ დუბნოვი ამბობს, შესაძლოა განსხვავებულად აფასებდეს სომხეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ ყველა ერთ პოზიციაზეა, როცა საქმე რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას ეხება.
„სომხეთის სამხედრო წრეებში, ისევე როგორც პოლიტიკურში, პრაქტიკულად არ არსებობენ ანტირუსული ძალები. ყველა მაღალი რანგის მოქმედ ოფიცერს განათლება მიღებული აქვს რუსეთში, ყველას აქვს კავშირი რუსეთთან, ხოლო მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსულის ასლს წარმოადგენს. შესაბამისად, სამხედრო უწყება ტექნოლოგიურად და პოლიტიკურად ძალიან არის დამოკიდებული რუსეთზე. სიტყვაზე, ვაგარშაკ არუთიუნიანი, სომხეთის თავდაცვის მინისტრი, აშკარად პრორუსული ფიგურაა და ამ შემთხვევაში კითხვაც კი არ ისმის. მაგრამ ეს პრორუსულობა არ წარმოადგენს ძალიან დიდ ფაქტორს, რადგან სომეხ სამხედროებს შორისაც არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობა. მაგალითად, არის ვაგარშაკ არუთიუნიანი, რომელიც ბოლომდე ნიკოლ ფაშინიანის მომხრეა და, არსებობს, როგორც ზემოთ ვთქვი, სამხედროების საკმაოდ დიდი წრე, რომელსც ფაშინიანი არ უყვარს“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.
ფაშინიანი უკან დახევას არ აპირებს
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი, არ დაეთანხმა ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გადაყენებას, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, როგორც იტყვიან, „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა. ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაფასა როგორც „გაუგებარი, დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული“.
ხოლო 25 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად ერევანში გამართული მიტინგი იმის დემონსტრირება გახდა, რომ სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის გმირს კვლავაც საკმაოდ ბევრი ხალხი უჭერს მხარს.
„ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანა ჩათრეული აღმოჩნდეს ძალადობაში, უკანონობაში, პროვოკაციებსა და სამოქალაქო ომში, მკაცრად უნდა აღიკვეთოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციისა და ხალხის მიერ“, - განაცხადა ერევანში მრავალათასიანი მიტინგის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანმა.
პრეზიდენტი არმენ სარქისიანი კი შექმნილ ვითარებაში გამწვავებაზე აღარ წავიდა და არ გადაუგზავნა გენერალ ონიკ გასპარიანის შესახებ ბრძანებულება საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც ყოფილ გენშტაბის უფროსს 9 მარტს ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.
მაგრამ ამით სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტის გამო დაპირისპირება ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვერტიკალს შორის არ ამოწურულა. 10 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გადაუგზავნა წარდგინება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე გენერალ არტაკ დავითიანის დანიშვნის შესახებ.
პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ამ წარდგინებას ხელი არ მოაწერა და დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნა პრემიერ-მინისტრს.
მაგრამ როგორც გენერალ გასპარიანის შემთხვევაში იყო, ნიკოლ ფაშინიანი უკან დახევას არც ამჯერად აპირებს. როგორც სომხეთის პრემირ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორქიანმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, 11 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა ხელმეორედ გადაუგზავნა ახალი გენშტაბის უფროსის კანდიდატურის შესახებ შუამდგომლობა არმენ სარქისიანს.
ახლა სომხეთის პრეზიდენტმა ან ხელი უნდა მოაწეროს განკარგულებას არტაკ დავითიანის გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე დანიშვნის შესახებ, ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. თუ პრეზიდენტი არც ერთ ამ მოქმედებას არ განახორციელებს, მაშინ არტაკ დვითიანი, კანონის თანახმად, დაიკავებს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენრალური შტაბის უფროსის პოსტს.
„ეს სასარგებლო იქნება მთიანი ყარაბაღისთვისაც“
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, 13 მარტს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე მოსალაპარაკებლად მიიწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, და ოპოზიციური გაერთიანება „მამულის გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერები.
ასევე ნახეთ სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციას იწვევს მოლაპარაკებაზერადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ამ შეხვედრაზე თანხმობა დაადასტურა ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ, „ჩვენმა ნაბიჯმა“, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან ჯერჯერობით მხოლოდ „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა, განაცხადა, რომ მზად არის მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
შესაბამისად, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ რით დასრულდება პილიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოსაძებნად ჩაფიქრებული სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივა.
სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილმა 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმებამ (ერთობლივი განცხადება), რომლითაც სომხეთმა დაკარგა კონტროლი მნიშვნელოვან ტერიტორიებზე მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო, ხოლო რეგიონში სამშვიდობო მანდატით აღჭურვილი რუსეთის 2 000- კაციანი ქვედანაყოფი განლაგდა.
შესაბამისად, რუსეთი ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მღელვარე მოვლენებს, მაგრამ აცხადებს, რომ არავის მხარეს არ იჭერს და მხოლოდ კრიზისის სწრაფი გადაჭრით არის დაინტერესებული.
„განვიხილავთ ამას როგორც სომხეთის შიდა საქმეს. ჩვენ არ ვერევით იქ მიმდინარე პროცესებში და არ გვიჭირავს არავის მხარე. ჩვენ გვსურს, რომ უსწრაფესად მოხდეს ვითარების ნორმალიზება, რაც ყველაფრისთვის იქნება სასარგებლო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის მოწესრიგებისთვის“, - განაცხადა 10 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.
რამდენად არის რუსეთის ეს განცხადება სარწმუნო, იმ რუსეთისა, რომელსაც თავის სამეზობლოში, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებული ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, თითქმის ყველგან ჰყავს თავისი ფავორიტები და ყველა შიდა დაპირისპირებიდან ცდილობს გეოპოლიტიკური სარგებლის მიღებას?
„ჩემი აზრით, რუსეთი არავის მხარეს არ არის. მოსკოვს დააკმაყოფილებს ნებისმიერი ვარიანტი, რადგან სომხეთში ერთი პოლიტიკური კონიუნქტურაა და ის არ არის, როგორც ვთქვი, ანტირუსული. ამიტომ რუსეთს არ აშინებს არც ერთი ძალა, რომელიც შეიძლება მოვიდეს სომხეთის ხელისუფლებაში. თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთისათვის უფრო მეტად მისაღები უნდა იყოს ნიკოლ ფაშინიანის ვარიანტი ორი მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში რუსეთი გამოდის კონსერვატიული სცენარიდან: მას ეიოლება იმასთან მუშაობა, ვინც ხელისუფლებაშია, თუ ეს არ არის, ვთქვათ, რუსეთისთვის ძალიან მიუღებელი მიხეილ სააკაშვილის ან ვიქტორ იუშჩენკოს ხელისუფლება“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.
გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერა მთელ რიგ, მათ შორის მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფლების განლაგების, რეგიონის გახსნისა და ბლოკირებული საკომუნიკაციო არტერიების ამოქმედებისკენ მიმართულ სერიოზულ შეთანხმებებს, რისთვისაც, დუბნოვის თქმით, „რუსეთი ფსონად ამდენ რესურსსა და ამდენ ძალას ჩამოვიდა“ და რამაც პერსპექტივაში კრემლს დიდი სავაჭრო-ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს.