ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემური

ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის მედიაში გავრცელებიდან ოთხი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი თანამოსაუბრე დუმს. პროკურატურამ პირველი განცხადება მესამე დღეს გააკეთა და გამოძიება დაიწყო მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ ვინ, როდის და როგორ ჩაწერა საუბრები.

პროკურატურა, ჯერჯერობით არ დაინტერესებულა საუბრის შინაარსით და სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოკვეთით. გამოძიებას საუბრის შინაარსის ავთენტურობაზე, სავარაუდოდ კითხვები აღარ უნდა ჰქონდეს: 9 მარტს ტელეკომპანია “იმედთან”, ინტერვიუს დროს არც ბერას და არც ანზორ ჩუბინიძეს, "ქართული ოცნების" წევრებისგან განსხვავებით, ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. ორივემ დაადასტურა რომ, ფეისბუკში ბერას მისამართით დაწერილი არასასურველი და უხამსი კომენტარების ავტორებს პოულობდნენ, და როგორც ბერა ამბობს “კანონის, მორალისა და ეთიკის” სრული დაცვით “პასუხს სთხოვდნენ.” ბერა ივანიშვილმა გუშინ, “იმედის” პირდაპირ ეთერში თქვა ისიც, რომ ასე მოიქცეოდა და მოიქცევა ყველა “ქართველი ვაჟკაცი”, რომლის “დედიკოსაც” ვინმე უხეშად მოიხსენიებს.

  • რა გავიგეთ ახალი სატელეფონო საუბრის მონაწილეთა საჯარო განცხადებების შემდეგ?
  • სად აცდა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის და “ქართული ოცნების” ნარატივები ერთმანეთს?
  • რატომ არის პრობლემური ის, რაც სატელეფონო საუბრებში ისმის და რაც სატელევიზიო ინტერვიუებში ითქვა?

ქუჩის სამართალი და გამოხატვისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დარღვევა

ბერა ივანიშვილმა იმედთან ინტერვიუში 9 მარტს ფაქტობრივად დაადასტურა ჩანაწერების შინაარსი და თქვა, რომ ვინც მისთვის ყველაზე წმინდას - მის ოჯახს შეეხება, პასუხს თვითონაც მოსთხოვს, მისი მეგობრებისგანაც იმავეს მოელის, და ზოგადად, ასე "რეაგირებს" კოლექტიური ქართველი კაცი როცა ინტერნეტში “ვიღაც გიჟის ნაწერს”კითხულობს.

"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, იცოდეს ამაზე პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის."
„როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი, რომ ის უახლოესი მეგობარი, ჩვენს ოჯახში არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე, რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივეს ვიზამ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება აქ მე ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში."

ბერა ივანიშვილის ინტერვიუდან ჩანს, რომ მას ნორმად მიაჩნია, როცა კერძო დაცვის სამსახური მოიპოვებს სოციალურ ქსელის მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და სხვა პირად ინფორმაციას. ის ვერც იმაში ხედავს პრობლემას, როცა ერთი ადამიანი სხვას სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.

"ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს [კომენტარები სოციალურ ქსელებში] გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები."
"ანუ რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არამარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერ საყვარელი ადამიანის სასტიკი , საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკამა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა."

ასევე ნახეთ ბერა ივანიშვილმა უპასუხა შეკითხვას - ავთენტურია თუ არა ჩანაწერი

“რას ახალისებს ის, ვინც გეუბნებათ "ღირსება უნდა დაიცვათ"

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ბერა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ორ გახმაურებულ (შაქარაშვილისა და ხორავას ქუჩის) საქმეს იხსენებს, რომელიც გინების გამო პასუხის მოთხოვნითა და "ღირსების დაცვით" დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.

"ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ რომ "ღირსება უნდა დაიცვათ" ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია... აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!" - დაწერა ბურჯანაძემ ფეისბუკზე.

იურისტ გიორგი მშვენიერაძეს სანდრო გირგვლიანი გაახსენა, რომლის საქმეც ასევე დედის გინებით დაიწყო და წამებითა და სიკვდილით დამთავრდა.

“ცნობისთვის, გირგვლიანის საქმეც დედის გინების არშერჩენით დაიწყო: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან: "სამმა მამაკაცმა მანქანა ლესელიძის ქუჩაზე, კაფესთან ახლოს გააჩერა. მანქანიდან მხოლოდ გია ალანია გადმოვიდა. კაფეს შესასვლელთან მან უცნობი (სანდრო გირგვლიანი) დაინახა, რომელიც გურამ დონაძეს დედას აგინებდა. ამის გაგონებაზე გია ალანიამ იკითხა, რაში იყო საქმე. გირგვლიანმა მასაც შეაგინა და წავიდა. გია ალანიამ გადაწყვიტა, უკან გაჰყოლოდა, რათა „გაერკვია თუ რატომ იგინებოდა ის“. გაგრძელება ყველამ იცით” - დაწერა გიორგი მშვენიერაძემ ბერას ინტერვიუს შემდეგ.

სანდრო გირგვლიანი 10 მარტს ყოფილ სახალხო დამცველს და ქართული ოცნების დეპუტატს, სოზარ სუბარსაც გაახსენდა, თუმცა მას გირგვლიანის შემთხვევა არა პარალელისთვის, არამედ, მისი აზრით, მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას შორის არსებული კონტრასტის საჩვენებლად დასჭირდა.

“როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის იძახებენ კუდ-ის მაღალჩინოსნებს, შს მინისტრის მოადგილე და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნები იტაცებენ, უკანონოდ აღუკვეთავენ თავისუფლებას, აყავთ სასაფლაოზე აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს, ეს არის არაადამიანურობა. ადამიანურობა არის ის, როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში მასობრივი შეტევა, ბულინგი ხდება, არამხოლოდ უცენზურო სიტყვებით, არამედ წარმოუდგენელი სიტყვებით. ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, რამეს ხომ არ აპირებთ, მაშინ რად გინდა შვილო, ეგეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, რაღაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის ნორმალურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას შორის, ორ სამყაროს შორის. ჩემი თვალთახედვით, მკაფიო დანაშაულია, როდესაც ადამიანებს იწერენ უკანონოდ, ამაზე აღძრულია საქმე დამნაშავეც დადგინდება და იმედია, დაისჯება კიდევაც“, – თქვა ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ სოზარ სუბარმა.

“მე მეგონა კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი და თურმე - დედიკო და დედის გინებაა ყველაფერი. არც სისხლის სამართლის კოდექსი გვაქვს, არც სისტემა, არაფერი” - ეს იურისტ ანა არგანაშვილის გამოხმაურებაა ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე. ანა არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელია და ძირითადად ბავშვთა საკითხების ადვოკატირებით არის დაკავებული.

სამოქალაქო სექტორისგან მკვეთრად განსხვავებულია მმართველი პარტიის მოსაზრებები.

“ქართული ოცნების” დეპუტატები ბერას ინტერვიუს მოსმენამდე ყურადღებას, სატელეფონო მოსმენისას ბერა ივანიშვილის არასრულწლოვანებაზე ამახვილებდნენ. უკვე სრულწლოვანი ბერას ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სადაც რეპერმა ჰომოფობიური ლექსიკაც გამოიყენა და რაც შესაძლოა თინეიჯერებისთვის ქუჩური გარჩევების წახალისებად იქნას აღქმული, მმართველი ქართული ოცნების წევრები სრულად დაეთანხმნენ მათი პარტიის დამფუძნებლის ვაჟს. ისინი დღეს უკვე თავდაჯერებულად ამბობდნენ, რომ რაც ბერამ თქვა და გააკეთა, “თითოეული ქართველი კაცისთვის” არის გასაგები - ყველა ღირსეული ვაჟკაცი ასე იქცევა.

ასევე ნახეთ ბერა, გაიზარდე!

რა თქვეს ბერას ინტერვიუს მოსმენის შემდეგ ოცნების დეპუტატებმა

რას ამბობდნენ პარლამენტარები ოცნებიდან ბერას ინტერვიუმდე

რა თქვა ანზორ ჩუბინიძემ

სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამსახურის ხელმძღვანელმა და სკანდალური ჩანაწერების ერთ-ერთმა ფიგურანტმა საჯაროდ ორი განსხვავებული განცხადება გააკეთა ორი დღის შუალედში.

რა კითხვები რჩება ჩანაწერებთან დაკავშირებით და რატომ არის მნიშვნელოვანი მათზე პასუხების ცოდნა

მთავარი კითხვა შესაძლო დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირებას და ხელისუფლების პასუხისმგებლობას უკავშირდება. ჩანაწერების გავრცელებიდან მეოთხე დღესაც პრემიერ-მინისტრი დუმს; გამოძიება ჩანაწერების წარმომავლობას იკვლევს, მაშინ, როდესაც ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები მედიაში გავრცელების შემდეგ არაერთხელ მყისიერად გამხდარა მათ შინაარსთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების საბაბი.

მაგალითად, 2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ სერვერებზე ატვირთულ უკრაინულ ბლოგზე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულებაზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. ამ ფაილებში მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია მონაწილეობდნენ - საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო და გამოძიების ფარგლებში დაკითხულებს გამოკითხვის შინაარსზე ლაპარაკის უფლებაც შეეზღუდათ. ამ საქმეზე მაშინ მოწმის სახით დაიკითხნენ იმ დროისთვის „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია, სდსს-ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, გიგა ბოკერია, მომღერალი სოფო ნიჟარაძე და სხვა პირები.

სატელეფონო ჩანაწერების გარდა გამოძიებისთვის საინტერესო უნდა იყოს ყველა ის ზეპირი ისტორია, რომელიც სატელეფონო საუბრის შემდეგ მედიაში გავრცელდა და სადაც ადამიანები ბერას და მისი გარემოცვის მხრიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარ შევიწროებასა თუ ზეწოლაზე საუბრობენ - პროკურატურის მიერ წამოწყებული გამოძიების საგანი ეს ისტორიები სავარაუდოდ არ გახდება, თუკი გამოძიება კვლავ მხოლოდ ჩანაწერების წარმომავლობით იქნება დაინტერესებული.

ასევე ნახეთ ზარქუა TV პირველის ჩანაწერებზე: საქმე უნდა აღიძრას უკანონო მოსმენებზე, გავრცელებასა და მონტაჟზე და არა შინაარსზე

გამოძიებასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია ის ფაქტორიც, რომ პროკურატურის განცხადებას წინ უსწრებდა მმართველი პარტიის წევრების განცხადებები იმის შესახებ, თუ რის შესახებ შეიძლება დაწყებულიყო გამოძიება და ამ განცხადებებში ბერას ან მისი გარემოცვის მხრიდან დანაშაულის შემცველ ქმედებებზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა.

ამ დროისთვის დასადგენია, როდის ავალებდა ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარების ავტორებისთვის პასუხის მოთხოვნას და იყენებდნენ თუ არა ჩუბინიძე და ღარიბაშვილი ამ დავალების შესრულებისას სახელმწიფოს რესურსს.

ანზორ ჩუბინიძე იმედთან საუბრისას ამბობს, რომ “ეს მოხდა 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში”, მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. ბერა ივანიშვილი კი მასზე და მის გარემოცვაზე თავდასხმების და შესაბამისად სატელეფონო ჩანაწერის დროდ 2011 წლის ზაფხულს უთითებს.

ანზორ ჩუბინიძე საუბრისას მხოლოდ ბერას წინააღმდეგ აგორებულ სიძულვილის კამპანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ესაუბრა არა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლებს, არამედ მათ მშობლებს და მეზობლებსაც კი. ბერა კი ყვება, რომ თავდასხმის მსხვერპლი იყო როგორც თვითონ, ასევე მისი გულშემატკივრებიც, “10-11 წლის ბავშვები”, რომლებსაც “100-200 კაციანი ჯგუფები” ესხმოდათ თავს და ამ ბავშვებს მუქარის წერილებს და პორნოგრაფიულ სურათებსაც კი უგზავნიდნენ. როგორ დაიცვეს ეს ბავშვები ბერამ და მისმა გარემოცვამ, თუკი ასეთ ფაქტები მართლაც მოხდა, მათ მიერ გაკეთებული კომენტარებიდან არ ირკვევა.

ასევე ნახეთ ვოლსკი ფიქრობს, რომ "პატარა ბერას" გინება დავალებული ჰქონდათ და "არაფერი ცუდი ამას არ მოჰყოლია" 

ტვ პირველმა სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებისას ცხადად თქვა, რომ არ იციან ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ჩანაწერების თარიღი, თუმცა საუბრებისას გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ფიქრობენ რომ ის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის გაკეთებული, რასაც ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ქართული ოცნება უარყოფს.

“ე.ი. ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უსმენს მის პრემიერ-მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის, როდის გვისმენს. გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის და ესენი რასაც ამბობენ, მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო ვიღაც აგენტი იქსი არის, ე.ი. ამ კაცმა შეძლო, რომ ჩვენს ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის. ეს ერთი დეტალი და მეორე მხარეს მთელმა საქართველომ იცის, როდესაც ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა, არა მარტო არასრულწლოვანი ბერასი, არამედ ვისიც უნდოდათ, ვინც მათ აინტერესებდათ, მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ“ - ეს იყო ბერას მთავარი არგუმენტი ჩანაწერების თარიღზე იმედის კითხვაზე პასუხისად.

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომლის გადაცემაშიც გავიდა სატელეფონო ჩანაწერები, ამბობს, რომ ხელისუფლებამ ისიც კარგად იცის, როდის შედგა ეს სატელეფონო საუბრები და ისიც, როგორი იყო იმ პირთა წრე, ვინც ბერას დავალებების შესასრულებელ ე.წ. სადამსჯელო რაზმებს შეადგენდა - მისი თქმით, ჩანაწერებში ნახსენები პირების გარდა ამ ფუნქციას სხვებიც ასრულებდნენ და ის და მისი გუნდი ახლა სწორედ ამ სადამსჯელო რაზმების წევრების პოვნაზე მუშაობს.

ნოდარ მელაძე თავის წყაროზე დაყრდნობით, იმასაც ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრებმა უკვე წლებია იციან, რომ საკუთარი გუნდის წევრებისგან ფარული მოსმენისა და მიყურადების სამიზნეები არიან. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ის, რომ მას და მის უახლოეს გარემოცვას საკუთარი გუნდის წევრები უსმენდნენ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველად ყოფნის დროს გაიგო, რასაც თანაპარტიელებთან დაპირისპირებაც მოჰყვა. “თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩანაწერები ამ დროს არის გაკეთებული” - გვეუბნება ნოდარ მელაძე.

ჩანაწერების გავრცელებიდან მეოთხე და გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს არსებობს პროკურატურის ორი განცხადება, რომელთაგან ერთი საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს პასუხობს და ამბობს, რომ ჩანაწერების წარმომავლობის დასადგენად დაწყებული გამოძიება მედიის წინააღმდეგ ინსტრუმენტად არ იქნება გამოყენებული. იქნება ეს გამოძიება გამოძიებისთვის თუ გამოძიება კონკრეტული შედეგისთვის, დრო აჩვენებს, ისევე როგორც იმას, რამდენად დააზიანებს კანონის უზენაესობის პრინციპს ამ ჩანაწერების შინაარსი და ხელისუფლების განცხადებები “ღირსების დაცვაზე.”

ასევე ნახეთ ბერა: ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია