ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა უპასუხა შეკითხვას, „TV პირველის“ ეთერში გავრცელებული ჩანაწერები ავთენტურია თუ არა.
„მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური - არ იყო. დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, იცოდეს ამაზე პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, - თქვა ბერა ივანიშვილმა.
მომღერალი ამტკიცებს, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი 2011 წლის მოვლენებს ეხებოდა.
„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს. მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის ტინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი მისამართით, ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. ე.ი. იქ იყო მუქარა, რაღაც პორნოგრაფიული ჩანაწერები, სურათები, რომ იქ წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. რაღაც ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, რომ მე ამას ვერც კი გავიმეორებ. რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, იქ ესწრებიან ამ საუბარს მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - თქვა ბერა ივანიშვილმა.
მას შემდეგ, რაც "TV პირველმა" ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ დღეს, ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.