ჭყონდიდის ახლად დადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიაში არსებული დაპირისპირების ფონზე დღეს წირვა აბაშის სოფელ სუჯუნაში ჩაატარა, ქადაგების დიდი ნაწილი მედიაზე ლაპარაკს დაუთმო და მხოლოდ წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს და 8 მარტს მის რეზიდენციაში მომხდარი დაპირისპირება პროვოკაცია იყო.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი სულები ვაცხონოთ და არა ვიღაცეების ცოდვების აღმოჩენაზე ვიყოთ დაკავებული”, - ასე მიმართა ეპისკოპოსმა ეკლესიაში შეკრებილებს, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიტროპოლიტმა სტეფანემ ორი დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ დიაკონებს არ სურდათ მიტროპოლიტ სტეფანესთან თანამსახურება. ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ მან რეზიდენციაში სასულიერო პირები შეკრიბა გასაცნობად და მათი აზრების მოსასმენად. კრებაზე, როგორც იქ მყოფები ჰყვებიან, ადგილი ჰქონდა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და, სავარაუდოდ, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. რეზიდენციაში იმყოფებოდნენ უფლებაშეჩერებული ეპისკოპოსის, პეტრე ცაავას მომხრეები და მედიის წარმომადგენლები - კრების პარალელურად, რეზიდენციის აივანზე ჭყლეტვისას მოაჯირი მოძვრა და იქ მყოფი ათამდე პირი მეორე სართულიდან ეზოში გადავარდა. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.
ასევე ნახეთ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვიწრო აივანზე არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები„ზოგიერთი, ვითომ ბერები, რომ დარბიან ტელეფონებით და აჩვენებენ ათას სისაძაგლეს ვიღაცეებს და იმის მაგივრად, რომ ადამიანებს სიცოცხლისკენ მოუწოდებდნენ, პირზე აკერიათ სიტყვები “დაისაჯოს, დაისაჯოს”. ადამიანს უნდა დაეხმარო, ცოდვისგან გათავისუფლდეს და არა დაისაჯოს. აღარ გვიკვირს, რომ ყველაფერი სიწმინდე ფეხქვეშ გათელილია და ამას ხელს უწყობს მასობრივი გავრცელება - აღარ გაინტერესებთ, რომ ადამიანი ცხონდეს, მეტად გაინტერესებთ, სკანდალები მოძებნოთ”, - თქვა ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ ქადაგებისას იმ სასულიერო პირების მისამართით, რომლებზეც გუშინ ამბობდა, რომ „პატრიარქის ბრალეულობის შესახებ ატრიალებენ ვიდეოებს”.
„ტელევიზიებიც რომ სულის ცხონებაზე ნაკლებად ფიქრობთ და თქვენი მთავარი დანიშნულება რომ თქვენი შინაგანი ცხოვრებაა [ამაზე არ ფიქრობთ]. შენ რას ქადაგებ და რას მოუწოდებ ადამიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია შენი სულის ცხონებისთვის - შენ თუ ბოროტებას ავრცელებ, შენი სული მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყველა მოვკვდებით, ყველას მოუწევს აგოს პასუხი თავის ქმედებებზე. რაც უფრო მეტად უაზრო ქმედებებით გაავრცელებ ცრუ ინფორმაციას, ცილისწამებას, იქნება თავდასხმები ეკლესიაზე, ადამიანებზე, დაუმტკიცებელი ბრალი ედებათ ადამიანებს [...]
მთავარი ის კი არ არის, რომ თქვენმა ტელევიზიამ ბევრი სკანდალი გაავრცელოს, მთავარი ის არის, ხალხს ასწავლოთ, რადგან გაქვთ საშუალება, ბევრი ადამიანის სახლში შეხვიდეთ. ასწავლოთ სიმართლე, მშვიდობა, ასწავლოთ ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული - ესაა მთავარი დანიშნულება იმ ადამიანებისაც, ვინც მრავალ ადამიანს წვდება და იმ [მედია] საშუალებებისაც.
რას ავრცელებენ, ეგ არის საქმე. როცა ნაგავს აყრიან ადამიანს სულში ყოველდღიურად, იმ ნაგვით კვებავენ ადამიანებს, ადამიანები ამ ნაგვით იწამლებიან. როგორც საჭმელს რომ ჭამ გაფუჭებულს, ასე გაფუჭებული ინფორმაციით, ყოველდღიურად, უამრავი ადამიანის დაზიანება ხდება. სწორედ იმის გამო არიან დაზიანებული ადამიანები, რომ არ ერიდება არავინ ნაგვის გადმოცემას პირდაღებული მაყურებლისთვის, რომლებიც თავის აზრზე აღარ არიან და ტელევიზიების გემოვნებების მიხედვით აქვთ დაყოფილი აზროვნება. ამიტომ არის საჭირო, ქრისტიანები ვიყოთ მოწყვეტილი ამ ნაკადს და ავარჩიოთ კეთილი საკვები - იმ ტელევიზორშიც შეიძლება აარჩიო ისეთი რამ, რაც არის სულისთვის სასარგებლო. როგორც წიგნებშია, ზოგი არის მავნებელი და ზოგი არის სიკეთის ფესვებით. ნაგავი არ უნდა იყოს ჩვენი სულის პრიორიტეტი - ჩვენს სულში არ უნდა იკავებდეს უმთავრეს ადგილს. შეიძლება რაღაც ეჭვი მაინც წარმოიშვეს, მაგრამ ამას უნდა მიჯნავდე ჭეშმარიტებისგან”, - თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ ქადაგებისას და მრევლს შეახსენა, რომ ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი ცოდვაა, რომლის გამოც ადამს და ევას სამოთხის დატოვება მოუწიათ.
წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა გუშინ რეზიდენციაში კრებისას დაშავებულები კლინიკაში მოინახულა, მანამდე კი მედიას უთხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ეცდება, წესრიგი აღადგინოს ჭყონდიდის ეპარქიაში.
ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერების შემდეგ იქ სინოდმა ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მიავლინა, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ თვითონ ითხოვა ამ ეპარქიიდან სხვაგან გადაყვანა. 12 თებერვალს კვლავ სინოდის გადაწყვეტილებით, გრიგოლ კაცია წალკის ეპისკოპოსად დაინიშნა, ჭყონდიდის ეპარქია კი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს დაექვემდებარა.
ასევე ნახეთ ჭყონდიდი - საკრალური და სარფიანი ადგილი ეკლესიისთვის