მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პროკურატურის გადასაწყვეტია, დაიწყება თუ არა გამოძიება

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როცა საგამოძიებო უწყება ხედავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიებას იწყებს. ასე გამოეხმაურა ის "TV პირველის" ეთერში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების საკითხს.

"არ შეიძლება, პოლიტიკოსმა თქვას ამაზე, უნდა დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება. ფაქტია, რომ ზოგი საუბრობს იმაზე, რომ უკანონო მიყურადება, თვალთვალი, შანტაჟი იყო კონკრეტული ადამიანების, რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის საქართველოში, უდაო ფაქტია, ასევე ფაბრიკაციაა და ამიტომ უნდა დაიწყოს, ნაწილი შინაარსზე საუბრობს, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია", - თქვა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: რა გამოძიება, სისულელეა

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბარის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია.