დაგვიანებული შეხვედრა კარავთან - მინისტრები რიონის ხეობის მცველებთან მივიდნენ

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 132 დღეს, სოფელ ნამოხვანში, რიონის ხეობის მცველებთან ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მივიდნენ.

ამ შეხვედრას, რომელსაც თავად ხეობის მცველებმა დაგვიანებულ უწოდეს, წინ უსწრებდა ორსაათიანი შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან ისევ ნამახვანჰესის მშენებლობის ამბავზე, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეკრებილების დარწმუნებას ცდილობდნენ იმაში, რომ 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესი ხეობას საფრთხეს არ უქმნის.

ამ შეხვედრას, თავიდან გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ დახურული იქნებოდა, რიონის ხეობის მცველები არ დასწრებიან. იქ არ მედიის დასწრება იყო გათვალისწინებული, თუმცა თავად ჟურნალისტების კითხვის შემდეგ, თუ რა მოტივით არ უშვებდნენ მათ შეხვედრაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრა გახსნა.

ასევე ნახეთ თურნავა ნამახვანჰესზე: „მოსახლეობას მივაკელით კომუნიკაცია“

სწორედ ცაგერის შეხვედრის შემდეგ მიიღეს მინისტრებმა გადაწყვეტილება წასულიყვნენ ნამოხვანში და რიონის ხეობის მცველებთან სამომავლო შეხვედრის დროსა და ფორმატზე ელაპარაკათ.

„ვისაუბრებთ მხოლოდ იმ მწვავე საკითხებზე და მოვისმენთ ამ მწვავე საკითხებზე თავის მართლებას ხელისუფლების მხრიდან. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ყველას მიეცეს საშუალება, რომ საკუთარი პოზიციები ბოლომდე გამოხატოს“ - თქვა მან.

ასევე ნახეთ მერაბ გაფრინდაშვილი ნამახვანჰესზე: თუ ცუდად ავაშენებთ, საფრთხე მუხრანის ველზეც იქნება და ფარცხანაყანებშიც

ვარლამ გოლეთიანმა ამ შეხვედრაზე ისიც თქვა, რომ დისკუსიას აზრი დაეკარგება, თუ კომპანია „ენკა“ სამუშაოებს გააგრძელებს. ნათია თურნავამ კი პირობა მისცა, რომ სთხოვენ კომპანიას, შეხვედრა „ტექნიკის გუგუნის ფონზე” არ გაიმართოს.

სათქმელი მინისტრებს რიონის ხეობის სხვა მცველებმააც პირდაპირ უთხრეს - მათ შორის, მექვენელმა მაკა სულაძემაც.

მან ლევან დავითაშვილს და ნათია თურნავას განუცხადა, რომ ეს დაგვიანებული ვიზიტი იყო და რომ მათ მისვლამდე ხეობაში სპეცრაზმი გამოჩნდა. თან - არაერთხელ.

”იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, როდესაც უცხოური კომპანიის თვალწინ – ჩვენ, სამართლიანად ჩვენი ქვეყნის დამცველებს – შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“.

შეხვედრა 12 მარტს დაიგეგმა, თუმცა როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, 14 მარტს დაგეგმილი დიდი აქცია მაინც ჩატარდება.