ათიდან თერთმეტი - ზაზა ბურჭულაძე

აღარ მახსოვს, ბოლოს რომელმა წიგნმა გამათენებინა. ცხადია, რაც მეტს კითხულობ, მით უფრო გაკლდება წაკითხულით აღტაცების უნარი. სტაჟიან მკითხველს კი თუ რამე მაინც მოგხიბლავს, მაშინ ეს რაღაც მართლაც იშვიათი, განსაკუთრებული უნდა იყოს. ასეთივე განსაკუთრებულია თამთა მელაშვილის “შაშვი შაშვი მაყვალი”. პირადად მე, დიდი ხანია, მსგავსი სიამოვნება არ მიმიღია კითხვისგან.

ეს წიგნი საღამო ხანს რომ დავიწყე, არა მარტო ვერ შევეშვი, სანამ ბოლოში არ გავედი, არამედ მისი დამთავრების შემდეგაც ვეღარ დავიძინე. ასე ლექსმა იცის, რომ აგაფორიაქებს და შეგძრავს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არცერთი ლექსი, იგი სავსეა პოეტური სუნთქვით. ამ რომნის დასაწერად არ არის საკმარისი იყო კარგი მწერალი და იყო ქალი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ეს ორივე აუცილებელია. უბრალოდ, ასეთ რამეს ვერ დაწერ, თუ სიყვარულისთვის არა ხარ ღია. ესაა ამბავი ქალისა, რომელსაც სარეცხი ფხვნილებისა და ჟელეების სუნით მოწამლული გული მოულოდნელად აუფრთხიალდება... აქ, წესით, ის რაღაცები უნდა ჩამოითვალოს, რაც წიგნის სიმაგრეს დაამტკიცებს, მაგრამ ამ რომანს არ სჭირდება მტკიცება, რომ მაგარია. უმაგრესი. რომანიც არ არის, ლექსია. შეფასების ათქულიან სისტემაში მე მას თერთმეტ ქულას მივცემდი.

ასეთ დროს ერთგვარ შეჯამებასავითაც აკეთებენ ხოლმე, საჩვენებლად, თუ როგორ მივიდა ავტორი მსგავს ტექსტამდე, თან მისი ძველი ნაწარმოებების რევიზიაც ხდება, თავისებური ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ გამომდინარეობს ახალი ტექსტი მისივე ავტორის წინარე ტექსტებიდან. მაგრამ აქ და ახლა ზედმეტი მგონია ეს ყველაფერი. რამდენიც უნდა იარო, ასეთ რამემდე ვერ მიხვალ, ასეთ რამემდე მისაღწევად ფრენა უნდა შეგეძლოს. ეს სრულიად მოულოდნელი ნაწარმოებია. და იგი მოულოდნელი იქნებოდა ნებისმიერი გაქანების ავტორისთვისაც.

წყალწყალა წიგნების მეტი რა ვიცით, ლამის წაგვლეკოს მათმა ნიაღვარმა, თუმცა, ბარემ ისიც ვაღიაროთ, რომ არც შედევრები გვაკლია. ისტორიამ ჭარბად მოაგროვა ისინი დღემდე. ნებისმიერ ბიბლიოთეკაში თვალდახუჭულმა დღეს ხელი რომ გაიშვირო, უთუოდ რომელიმე შედევრს ატაკებ თითს. ჩემთვის “შაშვი შაშვი მაყვალი” კი შედევრზე ცოტა უფრო მეტია, ესაა პატარა სასწაული.

ვის არ უნახავს მოულოდნელი ადგილიდან ამოზრდილი ყვავილი - სადმე ასფალტიდან, ბეტონის კედლიდან თუ კლდის ნაპრალიდან... ერთხელ ბავშვობაში მე ვნახე, რაღაც პაწაწინა ყვავილს როგორ ამოეყო თავი პირდაპირ ქვიდან, ანუ მიწასთან დაუკავშირებლად, ავტონომიურად. ქინძისთავისხელა მცენარეს რიყის ქვაში ერთი ბეწო ღრმული ეპოვა, საიდანაც უცბად სიცოცხლეს ეფეთქა. “შაშვი შაშვი მაყვალზე” სწორედ ეს სახე-ხატი მიდგება თვალწინ - ქვაში ჩასახული სიცოცხლე.