სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საზოგადოების განხილვის საგანია. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ე. წ. პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა, ვინც კანონის დაცვის მაგალითს სხვებს უნდა აძლევდეს, თვითონ გახდა კანონდამრღვევი და ბიბილოვის დირექტივების შემსრულებელი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. საპარლამენტო ოპოზიცია იმ 18 ე. წ. დეპუტატს უჩივის, რომლებმაც 16 თებერვალს, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის სხდომა გამართეს. სარჩელის საგანია რეგლამენტის დარღვევა. ისინი აპირებენ ასევე განცხადებით მიმართონ გენერალურ პროკურატურას, როგორც ზედამხედველ ორგანოს, და დე ფაქტო პრეზიდენტს, როგორც ე. წ. კონსტიტუციის დაცვის გარანტს, ამ დეპუტატების მიერ სახელისუფლებო უფლებამოსილების ხელში ჩაგდების თაობაზე, რაც მძიმე დანაშაულია.
16 თებერვალს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 34-დან 18-მა ე. წ. დეპუტატმა, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს სხდომა გამართა და 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
აშკარაა, რომ 18 ე. წ. დეპუტატი დაემორჩილა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის მითითებას, რომ ბიუჯეტი ნებისმიერი გზით მიეღოთ, მიუხედავად იმისა, დაესწრებოდნენ თუ არა სხდომას გაფიცული დეპუტატები.
”აღარ დაელოდოთ მათ, ვინც ხალხზე არ ფიქრობს. გააკეთეთ ის, რაც უნდა გააკეთოთ თქვენი ხალხისთვის. არავინ არაფერს გეტყვით, თუნდაც ეს არ გააკეთოთ რეგლამენტის შესაბამისად. თქვენ ამას თქვენი ხალხისთვის გააკეთებთ. ჩვენ კანონს არ ვეხებით. რეგლამენტი არ არის კანონი. მაშინაც კი, თუ რეგლამენტს ცოტათი შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ამას ათასობით ადამიანის გულისთვის გავაკეთებთ, ეს ხალხი მადლობას გადაგიხდით”, - მოუწოდა ბიბილოვმა პარასკევს თავის მომხრე დეპუტატებს.
ოპოზიციონერმა ე. წ. დეპუტატმა პარტია „ნიხასიდან“, ზიტა ბესაევამ, „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ დეპუტატების ნაწილი ბიუჯეტის მიღებას უკანონოდ მიიჩნევს.
”ჩვენი აზრით, დაირღვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური სისტემის საფუძვლები, რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტში წერია: „ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ხელისუფლებას ვერავინ მიითვისებს. ძალაუფლების ხელში ჩაგდება ან ძალაუფლების მითვისება უმძიმესი დანაშაულია ხალხის წინააღმდეგ და ისჯება კანონით”. პარლამენტის თვრამეტი დეპუტატი სწორედ ასე მოიქცა - მათ მიიტაცეს სახელისუფლებო უფლებამოსილება და ამით მძიმე დანაშაული ჩაიდინეს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. ამისათვის მათ პასუხი უნდა აგონ”.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალში ფინანსური შანტაჟი გაფიცული დეპუტატების წინააღმდეგკანონის დარღვევის გამო, ოპოზიციონერი „დეპუტატები“ აპირებენ საჩივარი შეიტანონ გენერალურ პროკურატურაში. გარდა ამისა, სარჩელით მიმართავენ ე. წ. უზენაეს სასამართლოს, პროცედურების დარღვევების გამო, 16 თებერვალს დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. „დეპუტატები“ აპირებენ მიმართონ „პრეზიდენტსაც“, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტს, რათა მან ხელი არ მოაწეროს ბიუჯეტს, რომელიც მიღებულია ძირითადი კანონის დარღვევით.
„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძალაუფლება ერთი გუნდის ხელშია და ძალაუფლების არც ერთი შტო დამოუკიდებელი არ არის, სწორი გადაწყვეტილების განსაკუთრებული იმედი არ მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს უფლება მივმართოთ სასამართლოს და ის ვალდებულია ჩვენი სასარჩელო განცხადება განიხილოს“, - ამბობს ზიტა ბესაევა.
ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტების აზრით, გაფიცული დეპუტატების ძალისხმევას „რესპუბლიკა“ სამართლებრივ ჩარჩოებში დააბრუნონ, შედეგი არც ე. წ. სასამართლოში მოჰყვება. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია, კრიზისის გაღრმავების ნიშნები უკვე აშკარაა.
„აქ იმედი არავის გვაქვს, რომ კანონიერ ჩარჩოებს კიდევ დავუბრუნდებით. ამ დეპუტატებმა პრეზიდენტის ბრძანება შეასრულეს და თვითონაც მშვენივრად იცოდნენ, რომ უკანონოდ იქცეოდნენ. ამით პრეზიდენტმაც და მათაც ყველას გვითხრეს, კანონი აქ ჩვენ ვართ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო. ეს ყველაფერი კი უკვალოდ არ ჩაივლის. მოთმინების ფიალა მალე აივსება და ხალხი ვერ მოითმენს უსამართლობას, როგორც ამას ვერ ითმენს ინალ ჯაბიევის ოჯახი. ინალის მკვლელობით დაიწყო უსამართლობის კასკადი და ეს ყველაფერი უკანონობით და უსამართლობით გრძელდება, მალე გასკდება ეს დაგროვილი წყენა და რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, არც კი ვიცით“.
ასევე ნახეთ ცხინვალის მოედანზე შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობაცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.
ორი თვის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.