იან კელი: ნიკა მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს

"ნიკა მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს და ასევე შეაფერხებს მოლაპარაკებების პროცესს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნისთვის. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები"- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი twitter-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებას.

ყოფილმა ელჩმა თავისი აზრი გამოთქვა 16 თებერვალსაც, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა - მაშინ იან კელიმ აქცენტი ერთპარტიულ პარლამენტზე გააკეთა.

16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში, მელიამ ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს"

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

ასევე ნახეთ საიას თავმჯდომარე: მელია შესაძლოა ნებისმიერ წუთას დააკავონ