Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიას თავმჯდომარე: მელია შესაძლოა ნებისმიერ წუთას დააკავონ


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი ვადები, თუ როდის უნდა მოხდეს იმ პირის დაკავება, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შესაბამისად, მისთვის ძნელი სათქმელია, როდის გადაწყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

„ეს შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს მოხდეს - ამ წუთას მოხდეს ანდა ერთ საათში ან ერთ დღეში. ასეთ დროს დაპატიმრების პროცესი არ არის განსაზღვრული საპროცესო კანონმდებლობით და არც ვადებია დადგენილი. ეს არის ფაქტობრივი აღსრულების საკითხი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იხელმძღვანელოს პოლიციის შესახებ კანონის დებულებებით.

რომელ დანაყოფს გამოიყენებს შსს ამისთვის, ეს მთლიანად სამინისტროს გადასაწყვეტი და ეს ყოველი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. მთავარია, რომ ძალა რომელსაც პოლიცია გამოიყენებს, უნდა იყოს კანონიერი და პროპორციული. მაგალითად, თუ ერთი პირის დაკავება აქვს გამიზნული, მან სპეცდანიშნულების რაზმი არ უნდა გამოიყენოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა სიმონიშვილი.

საიას ხელმძღვანელის თქმით, პოლიციის უფლებამოსილებაა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა დაძაბული ფონიდან გამომდინარე, კარგად არის გასათვლელი რისკები. სიმონიშვილი გვეუბნება, რომ „ნიკა მელიას დასაპატიმრებლად პოლიციის ძალისა და სპეცრაზმის გამოყენება“ კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ არასტაბილურობას, რომელიც „ხელისუფლების დამსახურებით“ ბოლო დღეებში თანდათან გაღრმავდა.

„სიტუაცია გუშინვე დაიძაბა და პარლამენტს უნდა გაეთვალა, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების (იმუნიტეტის მოხსნა) შედეგად შესაძლოა ნიკა მელიას პატიმრობა შეფარდებოდა და ამას მოჰყოლოდა ვითარების ესკალაცია. პარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო სასამართლოს... ამ პროცესს ჩვენ პოლიტიზირებულად მივიჩნევთ“ - ამბობს სიმონიშვილი.

16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ უკვე გადახდილ 30 ათას ლარზე ნოემბერში დამატებული კიდევ 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო.

ნიკა მელია ამჟამად ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ის არ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას ბოლომდე დაუჭერენ მხარს და უკანონო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში ხელისუფლებას მშვიდობიან წინააღმდეგობას გაუწევენ.

XS
SM
MD
LG