ბელარუსში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ბინებში მასობრივი ჩხრეკა მიმდინარეობს

16 თებერვლის დილიდან ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი ჩხრეკა ტარდება ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ბინებში. მათ შორის, სამართალდამცველები მივიდნენ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის პრესმდივნის, ბორის გორეცკის სახლის გასაჩხრეკად, რის თაობაზეც მან თავად გაავრცელა ცნობა.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ჩხრეკის ჩასატარებლად სამართალდამცველებმა მიაკითხეს ასევე ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ანდრეი ბასტუნცსა და იურისტ ოლეგ აგეევს.

როგორც ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის პრესცენტრში განმარტეს, საგამოძიებო მოქმედება ტარდება მასობრივი არეულობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საპროტესტო საქმიანობის დაფინანსების გარემოებების დადგენის მიზნით.
„ანდრეი ბასტუნცი მინსკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს მიჰყავთ. ბინაში ჩხრეკა არ ჩატარებულა, მაგრამ ბასტუნცი მიჰყავთ, რადგან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისში“, - განუცხადა დამოუკიდებელ პორტალ TUT.BY-ს ბასტუნცის ცოლმა, საბინა ბრილომ.
უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, 16 თებერვალს პოლიციის მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გაჩხრიკეს ქალაქ გომელში მოღვაწე ჟურნალისტის, ლარისა შჩირაკოვას, ბინა იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობის“ თაობაზე მიმდინარეობს.

ჩხრეკა ტარდება ასევე „ვიასნას“ განყოფილების წევრთა სახლებში ქალაქ მოგილიოვში.

9 აგვისტოდან მოყოლებული ბელარუსში რეჟიმის ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის, რეპრესიების შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

თითქმის 9 თვის განმავლობაში ბელარუსში საპროტესტო აქციების მონაწილეთა, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი შტაბების თანამშრომელთა მიმართ, ჯამში, 1800-მდე საქმე აღიძრა.

ასევე ნახეთ

მასობრივი რეპრესიები „ლუკაშენკას ყრილობის“ ფონზე


საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილეს დაკავების შემდეგ მიზანმიმართულად აწამებდნენ, ამცირებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში წამების 1000-ზე მეტი მსხვერპლია.

ბევრი სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დახურულ რეჟიმში ტარდება და პროცესზე არ ასწრებენ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს.

„ვიასნას“ ცნობით, დღეისათვის ბელარუსში პოლიტპატიმრად მიჩნეულია 246 კაცი.