14 წლის ნინის საქმის 7 ხარვეზი - რა წერია საქმის მასალებში

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმე, ჯერჯერობით, ორი ტომისგან შედგება. ბოლო ორი დღეა, საქმის მასალებს სწავლობს მოზარდის დის ადვოკატი. 14 თებერვალს, გამოძიებამ სწორედ ნინის უფროსი და, 20 წლის ქალი ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და საქმის მასალები მისი ინტერესების დამცველს, ანა თავხელიძეს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს გადასცა.

გასული წლის 10 დეკემბერს აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 140-ე მუხლით, ანუ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყო, ადვოკატის თქმით, სისტემური ხარვეზების ნათელი მაგალითია. საქმის მასალების თანახმად, ხარვეზები ვლინდება, როგორც საგამოძიებო, ისე სოციალური მუშაკის საქმიანობის ნაწილში. ანა თავხელიძეს მიაჩნია, რომ სწორი რეაგირების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ფატალური შედეგის თავიდან აცილება.

ნინის საქმეზე 15 თებერვლის მონაცემებით, ორი პირია დაკავებული. ერთი ბრალდებული 23 წლის კაცია, რომელმაც 14 წლის ნინიზე სექსუალურად იძალადა. მას გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას, 115-ე მუხლსაც ედავება. ახალგაზრდა კაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ:

„ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

15 თებერვალს დააკავა გამოძიებამ ნინის ბაბუა, 76 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ მუქარა და ძალადობა. აი, რა წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

14 წლის ნინის დის ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების საქმეში იკვეთება კიდევ ერთი დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მისი თქმით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. ანუ, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში, გამოძიებამ ბრალი სხვა პირს ან პირებსაც წაუყენოს.

შეგახსენებთ, რომ მოზარდის დედა, მერი რომანაძე, უკვე რამდენიმე დღეა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ნინის ბაბუამ და ოჯახის ნათესავმა კაცებმა შეიტყვეს, რომ ნინიზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა, მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი გააფრთხილეს, რომ ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა.

საქმის მასალებში აღმოჩენილი 7 ხარვეზი

ოჯახის წევრებმა 14 წლის მოზარდი საგამოძიებო უწყებაში 10 დეკემბერს, საღამოს მიიყვანეს. სწორედ ამ დღიდან იწყება საქმის მასალების ათვლაც, სადაც ადვოკატმა ანა თავხელიძემ არაერთი სისტემური ხარვეზი, გადაცდომა თუ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი აღმოაჩინა:

ხარვეზი 1 - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გამოიკითხა

14 წლის მოზარდი საგამოძიებო უწყებაში სამჯერ დაიკითხა. 2020 წლის 10 დეკემბერს, 2020 წლის 14 დეკემბერს და 2021 წლის 4 თებერვალს. ანა თავხელიძის განმარტებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის, მით უმეტეს, არასრულწლოვანის რამდენჯერმე დაკითხვა დაუშვებელია.

საქმის მასალების თანახმად, ირკვევა, რომ გამოკითხვა ჩატარდა არა ბავშვზე მორგებულ გარემოში, არამედ პოლიციის განყოფილებაში. გამოკითხვებს ესწრებოდა სოციალური მუშაკი, თუმცა, არ ესწრებოდა ფსიქოლოგი და ადვოკატი:

„გამომძიებელმა სოციალურ მუშაკს განუმარტა, რომ ბავშვს ჰქონდა უფლება უფასოდ ჰყოლოდა ადვოკატი, პროცესს დასწრებოდა ფსიქოლოგი, თუმცა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სოციალურმა მუშაკმა არ მოითხოვა არც ადვოკატისა და არც ფსიქოლოგის დასწრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა, ერთი მხრივ, სოციალური მუშაკის, რომელმაც არ მოითხოვა ფსიქოლოგისა და ადვოკატის დასწრება, მეორე მხრივ, გამომძიებლის შეცდომა, რომელმაც ნახა, რომ სოციალური მუშაკი ვერ ხელმძღვანელობდა მაღალი სტანდარტით, ამიტომ თავად უნდა ჩაერთო ფსიქოლოგი და ადვოკატი გამოკითხვის პროცესში და მესამე, პროკურატურა. ეს ორგანო ზედამხედველობს ამ პროცესს და როდესაც ხედავს, რომ არც სოციალური მუშაკი და არც გამომძიებელი არ ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი უნდა ითხოვდეს პროცესში ფსიქოლოგისა და ადვოკატის ჩართვას. და ყველაზე მთავარი, სექსუალური ძალადობის საქმეებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს, რომ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის გამოკითხვა მოხდეს სპეციალიზებული ინტერვიუერის მიერ, განხორციელდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შემდეგ ამ სახით მიღებული ჩვენება იქნას გამოკვლეული, გამოძიებამ არც ეს შანსი გამოიყენა და პირიქით, ბავშვი სამჯერ დაიბარა პოლიციის განყოფილებაში“.

ხარვეზი 2 - ბრალდებული არ გამოიკითხა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

გამოძიებამ 23 წლის კაცი გამოკითხვაზე სისხლის სამართლის აღძვრიდან 6 დღის თავზე, 16 დეკემბერს დაიბარა. თუმცა, მან გამოკითხვაზე უარი თქვა. ანა თავხელიძე ამბობს, რომ რაკი საგამოძიებო უწყებამ ჩათვალა, რომ მისი გამოკითხვა საქმისთვის საჭირო იყო, გამოძიებას კაცის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მოეთხოვა:

„ეს კი გამოძიებამ არ გააკეთა. რაკი პირი გამოკითხვაზე დაიბარეს, ე.ი. გამოძიებას მისი გამოკითხვის ინტერესი ჰქონდა, როდესაც მან უარი თქვა გამოკითხვაზე, გამოძიებას უნდა შეეგროვებინა მტკიცებულებები, მიემართა სასამართლოსთვის და უნდა მოეთხოვათ მისი სასამართლოში გამოკითხვა, რაც არ გააკეთეს“.

ხარვეზი 3 - არ ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა

საგამოძიებო პროცესის დაწყებისას, გამოძიებამ არ დანიშნა ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ანა თავხელიძის თქმით, ამ შესაძლებლობის უგულებელყოფით, გამოძიებამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, გამოეკვლია მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და თავიდან აერიდებინა დამდგარი შედეგი.

ხარვეზი 4 - რეაგირების გარეშე დატოვებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის პასუხი

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, რომელიც დეკემბერში ჩატარდა და რომლის პასუხიც გამოძიებამ 11 იანვარს მიიღო, წერია, რომ ნინის სხეულზე სამი სახის დაზიანება ჰქონდა.

  • ერთი - მარჯვენა წინა მხრის არეში;
  • მეორე - მარცხენა წვივის მიდამოში, უკანა მხარეს;
  • მესამე - ფეხის არეში.

ნინიმ საკუთარ სხეულზე არსებული პირველი ორი დაზიანება, 4 თებერვალს, მისი უკანასკნელი გამოკითხვისას, ასე ახსნა: „შემთხვევით დავეჯახე კედელს“.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ სწორედ ეს პასუხი უნდა გამხდარიყო სოციალური მუშაკისა თუ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებისათვის სიგნალი, რომ ნინიმ მათ მის სხეულზე არსებული დაზიანებებისათვის შეუსაბამო პასუხი გასცა და მაშინვე უნდა გაჩენილიყო ეჭვი, რომ გარდა სექსუალური ძალადობისა, მოზარდზე, სავარაუდოდ, სხვა პირმა ან პირებმა ფიზიკურად იძალადეს:

„ძალიან მარტივად იდენტიფიცირებადია, რომ კედელთან ერთი შეჯახებით, მხრის წინა ნაწილსა და ფეხის უკანა ნაწილს, ერთდროულად ვერ დაიზიანებ. ამ დაზიანებებზე ლაპარაკისას, ბავშვი ვინმეს მხრიდან ძალადობაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი - რეფერირების შესახებ დადგენილებაში, სადაც ჩართული სუბიექტია როგორც გამოძიება, ასევე სოციალური მუშაკი, პირდაპირ წერია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ბავშვის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობაზე ეჭვი. ეს ეჭვი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები და ბავშვის მიერ ახსნილი განმარტება, ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამ სიტუაციაში, ბავშვის ახსნა არ შეესაბამებოდა მის დაზიანებებს. ეს ფაქტი 4 თებერვალს ცნობილი გახდა გამოძიებისათვის და სოციალური მუშაკისთვის. მათ, მაშინვე უნდა გასჩენოდათ ეჭვი, ბავშვის მიმართ განხორციელებულ სხვა ტიპის ძალადობაზეც და უნდა მიეღოთ ყველა შესაბამისი ზომა. 4 თებერვალს, ვინმეს მაინც რომ ერთი სწორი ნაბიჯი გადაედგა, შესაძლოა, ეს ფატალური შედეგი არ მიგვეღო“.

ხარვეზი 5 - დაზიანება ფეხზე, როგორც გაუპატიურების კვალი

ნინის სხეულზე კიდევ ერთი, მესამე დაზიანება, ფეხზე ჰქონდა. ანა თავხელიძეს მიაჩნია, რომ ეს დაზიანება, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 140-ე მუხლი, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირი, 137-ე მუხლით, გაუპატიურების მუხლით უნდა შეიცვალოს.

14 წლის ნინი, 4 თებერვლის ჩვენებაში განმარტავს, რომ დაზიანება მას სავარაუდოდ, ბრალდებულმა მიაყენა. ის ამბობს, რომ 23 წლის კაცმა მას ფეხზე ხელი მოუჭირა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, დაზიანება მიიღო.

ხარვეზი 6 - რატომ უნდა მიენიჭებინა გამოძიებას ნინის საქმისთვის გაუპატიურების კვალიფიკაცია

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ანა თავხელიძე ფიქრობს, რომ მოზარდის საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს და ის გაუპატიურების მუხლით უნდა წარიმართოს, ეს ნინის ჩვენებების შინაარსია. ანა თავხელიძე ამბობს, რომ 14 წლის ბავშვის ჩვენებები ადასტურებს, რომ მოზარდს 23 წლის კაცთან სექსუალური კავშირი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჰქონდა. მეტიც, ანა თავხელიძის თქმით, ნინის ჩვენების თანახმად, მოზარდი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა:

„იმისათვის, რომ სახეზე იყოს ინფორმირებული თანხმობა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რასთან დაკავშირებით გასცემს ადამიანი ამ თანხმობას, ვისთან სექსუალურ ურთიერთობაზე, რა პირობით, რა სახის სექსუალურ ურთიერთობაზე და ა.შ. ბავშვის ჩვენებით კი დასტურდება, რომ მხოლოდ იმ პირობით და იმ შემთხვევაში იყო ის თანახმა სექსუალურ ურთიერთობაზე, თუკი შემდეგ ისინი თანაცხოვრებას დაიწყებდნენ. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბავშვს ამის მოლოდინი ჰქონდა. ჩვენების თანახმად, სექსუალური ურთიერთობის შეთავაზებაც და დაყოლიებაც მოხდა ბრალდებულის მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ეპიზოდის შემთხვევაში, ბრალდებულმა ბავშვს შესთავაზა ალკოჰოლური სასმელი და მოზარდმა ის მიიღო. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო გამორიცხავს გააზრებული თანხმობის არსებობას, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს და კიდევ უფრო ამცირებს ინფორმირებული თანხმობის შანსს“.

ხარვეზი 7 - სოციალური მუშაკის საქმიანობა

საქმის მასალები, რომლებსაც ანა თავხელიძე გაეცნო, მისი თქმით, ავლენს სოციალური მუშაკის საქმიანობის არაერთ მნიშვნელოვან გადაცდომას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში. ადვოკატის თქმით, სოციალური მუშაკი განმარტებით ბარათში წერს, რომ მან მოზარდს გარკვეული პერიოდის წინ შესთავაზა როგორც ფსიქოლოგის დახმარება, ისე მინდობით აღზრდაში გადაყვანა, თუმცა, ბავშვმა ამ შეთავაზებებზე უარი თქვა. ადვოკატი ამბობს, რომ რაკი სოციალურ მუშაკს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ბავშვს მინდობით აღზრდაში გადაყვანა ან თუნდაც, ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებოდა, საბოლოო გადაწყვეტილება მოზარდისთვის არ უნდა მიენდო და შესაბამისი ზომები უნდა მიეღო:

„დავუშვათ, რომ მან ასეთი შეთავაზება მართლაც გააკეთა, შემდეგ იხელმძღვანელა ბავშვის უარით და სხვა ზომებს აღარ მიმართა, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაცდომაა. სოციალურ მუშაკს ევალება გადაწყვეტილების მიღება, რისკების შეფასება და თუკი მას ეჭვი გაუჩნდა და ჩათვალა, რომ შესაძლოა, საჭირო ყოფილიყო ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ფსიქოლოგის ჩართვა, საბოლოო გადაწყვეტილება როგორ მიაღებინა ბავშვს? სოცმუშაკის ფუნქცია ხომ ისაა, რომ შეაფასოს რისკები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში კი გამოვიდა, რომ მან მთელი პასუხისმგებლობა ბავშვზე გადაიტანა“.

კიდევ ერთი ხარვეზი, რომელსაც ანა თავხელიძე სოციალური მუშაკის საქმიანობაში ხედავს, მოზარდის დის მეურვედ დანიშვნას შეეხება. ადვოკატი, ნინის 20 წლის დაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის, 18 წლის ასაკში ისე დაინიშნა უმცროსი და-ძმის მეურვედ, რომ სოციალური სამსახურის მხრიდან არანაირი შეფასება არ მომხდარა, შეეძლო თუ არა მას და-ძმისთვის მეურვეობა გაწევა.

„მას შემდეგ, რაც გოგო და-ძმის მზრუნველად დაინიშნა, ანუ, ბოლო ორი წელია, სოცმუშაკს მასთან არც ერთხელ არ ჰქონია კომუნიკაცია. მეტიც, სოცმუშაკმა იცოდა, რომ გოგო ცხოვრობდა ცალკე, რადგან მას ჰყავდა ოჯახი. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სოცმუშაკმა დას უთხრა, რომ რამდენიმე ხნის წინ, ნინის დასთან გადასვლა შესთავაზა, თუმცა, უარი მითხრაო. დამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ანუ, მივდივართ იქამდე, რომ სოცმუშაკმა, ყველა ეტაპზე, გადაწყვეტილება მიაღებინა ბავშვს, რაც მნიშვნელოვანი დარღვევა“.

ანა თავხელიძის თქმით, ნინის და, როგორც მეურვე, არც საგამოძიებო პროცესის დროს დაუბარებიათ გამოკითხვაზე და მას არც სოციალური სამსახური დაჰკავშირებია.

''რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თუ რატომ დაინიშნა უმცროსი და-ძმის მეურვედ უფროსი და, გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვების მამა გარდაიცვალა, ხოლო დედა საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, 2011 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა ბავშვების ბებიამ და მოითხოვა, რომ თავად დანიშნულიყო ბავშვების მეურვედ, რაკი დედა აღარ ცხოვრობდა საქართველოში, ვერ ახორციელებდა მათზე ფაქტობრივ ზრუნვას და საჭირო იყო ადგილზე ბავშვების კანონიერი მეურვის ყოფნა''.

ანა თავხელიძის თქმით, პროცედურის თანახმად, სოციალურმა სამსახურმა მიმართა სასამართლოს. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, დედამ სოციალურ სამსახურში დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ვერ ახერხებდა ბავშვებზე ზრუნვას და მათ მოვლას. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მიმართა დედას, რათა წარედგინა მისი საბოლოო პოზიცია, თუმცა, სასამართლო, გადაწყვეტილების დოკუმენტში უთითებს, რომ დედამ არ წარადგინა საკუთარი პოზიცია განსაზღვრულ ვადაში, მან არც ვადის გაგრძელება მოითხოვა და არც პროცესში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა სოციალური სამსახურის მოთხოვნა და დედის წარმომადგენლობითი უფლება შეზღუდა.

სოციალური მუშაკი, თამარ ღუნაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ნინის ოჯახთან მუშაობდა და საგამოძიებო უწყებაშიც ესწრებოდა ნინის გამოკითხვებს, „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას ბავშვისთვის გამოკითხვის არცერთ ეტაპზე არ შეუმჩნევია საეჭვო ნიშნები. ის ამბობს, რომ ნინის გამოკითხვებისას არც ერთხელ არ უხსენებია ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა:

„გარეგნულად მას არ ეტყობოდა არანაირი ფიზიკური ძალადობის კვალი. მე ვაკვირდებოდი მის საუბარს. ნინის არ ეტყობოდა შფოთვა, ტირილის მცდელობა, ღელვა, ქაოსური საუბარი, ან სხვა რაიმე ისეთი ფაქტორი, რასაც საგანგაშოდ მივიჩნევდი. ჩვენების მიცემის შემდეგ მე ცალკე ვესაუბრე ნინის და კონკრეტული სერვისები შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა“, - ეუბნება სოციალური მუშაკი „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, მან ნინის არაერთხელ დაუსვა შეკითხვა ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, რას ეუბნებოდნენ ისინი, ელაპარაკა ოჯახის სხვა წევრებს და მის მზრუნველსაც, დას. სოცმუშაკი ამბობს, რომ მას ამ გასაუბრებების ეტაპზე არ დაუნახავს რაიმე რისკი, რაც აფიქრებინებდა, რომ ნინი იყო ან გახდებოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი: „იყო თუ არა რაიმე სახის ძალადობა, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივა იყო“, - წერს „ბათუმელები“.

სოციალურ მუშაკს უმოქმედობაში ადანაშაულებს გარდაცვლილი მოზარდის დედა. მან რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს აჩვენა 2018 წელს, სოციალური მუშაკისთვის მიწერილი სატელეფონო გზავნილები, სადაც ქალი სოციალურ მუშაკს დახმარებას სთხოვს. მოზარდის დედის თქმით, მაშინ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი მისი უფროსი ქალიშვილი იყო.

სატელეფონო გზავნილში, რომელიც 2018 წლის 26 მაისითაა დათარიღებული, სატელეფონო კონტაქტს სახელად „Tamar“-ს, მოზარდის დედა წერს მესიჯს:

„გთხოვთ, გევედრებით, ღმერთის გულიზა. ჩემ შვილს მოწერა უნდა თქვენთან და ვერ გწერთ. სიტუაცია ძალიან ცუდადაა. ხვალ გარეთ გამოგდებას ეუბნება ბავშვს. სად წავა ეს უწლოვანი. ქუჩაში ხომ არ იქნება“.

მესიჯზე პასუხად კონტაქტი სახელად „Tamar“, დედას პასუხს სწერს: „ქალბატონო მერი, ჩამოვიდეს სოციალურში...“

თუმცა, მერი რომანაძე, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ამის შემდეგ, ის სოციალურ მუშაკთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს, რადგან მისი თქმით, მისი ტელეფონი სოცმუშაკმა დაბლოკა.

რადიო თავისუფლება ცდილობდა სოციალურ მუშაკთან დაკავშირებას, მის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხის მოძიებას, თუმცა მასთან სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობა უშედეგო გამოდგა. რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაც, თუმცა, დაპირების მიუხედავად, პასუხი ვერც მათგან მივიღეთ.

რა იცოდა სკოლამ?

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც 14 წლის გოგოს დის ადვოკატი მიუთითებს, სკოლას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, ნინის სკოლის დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ სკოლას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მოსწავლეზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ, აღმოჩნდა, რომ ნინის ბიცოლა სწორედ ამ სკოლის ხელოვნების პედაგოგია. ეს ინფორმაცია, რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა, მანანა ჩხაიძემ დაუდასტურა, თუმცა, დამატებით კითხვებზე უარი გვითხრა „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“:

„არ გვჯერა ვერსიის, რომ სკოლამ არაფერი იცოდა. ეს ამბავი იმდენად იყო გასაჯაროებული, იმდენად ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ წარმოუდგენელია, სკოლას ეს არ სცოდნოდა. მით უმეტეს, რომ ბავშვი ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და ასევე სხვადასხვა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, სხვადასხვა მტკიცებულებით, რომ ბავშვს არ სურდა სკოლაში წასვლა იმ მიზეზით, რომ იქ შესაძლოა, ის ბულინგის მსხვერპლი გამხდარიყო. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვმა რჩევაც მიიღო, არ წახვიდე სკოლაში, რომ იქ ბულინგის მსხვერპლი არ გახდეო“, - გვეუბნება ანა თავხელიძე.

რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი

23 წლის ბრალდებულის ადვოკატს, ირაკლი შავაძეს გამოძიებასთან ბევრი კითხვა აქვს. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოზარდსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შორის არ ყოფილა სექსუალური კავშირი და 14 წლის გოგო 23 წლის კაცს მხოლოდ დახმარებას სთხოვდა:

„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მეუბნება, გოგომ მას გაუმხილა, რომ ნათესავის მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი, აქ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება და სთხოვდა დახმარებას. რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ბავშვს შესთავაზა პოლიციისათვის მიემართა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი რომ დამნაშავე ყოფილიყო, ის არც ბიოლოგიურ ნიმუშებს ჩააბარებდა გამოძიებას. ის არსად გაქცეულა. მას შემდეგაც კი არ მიმალულა, როდესაც გოგოს გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ტელეფონიც საკუთარი ხელით ჩააბარა გამოძიებას. მე მაქვს კითხვები გამოძიებასთან, მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა? რატომ გარბოდა ბავშვი სახლიდან? რატომ გაიქცა ბავშვი სახლიდან 2020 წლის დეკემბრის თვეში, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა? რატომ არ დააკავა პოლიციამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვის გარდაცვალებამდე?“.

ირაკლი შავაძე ამბობს, რომ გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულა.

რაც შეეხება რადიო თავისუფლების კითხვას, თუკი არანაირ სექსუალურ კავშირს არ ჰქონია ადგილი მოზარდთან, რატომ შესთავაზა 23 წლის კაცის ოჯახმა 14 წლის ბავშვის ოჯახს, მისი დანიშვნა, ირაკლი შავაძე გვპასუხობს:

„გოგოს ოჯახში მართლაც იყო ხალხი მისული, რომ თითქოს ნიშნობა შემდგარიყო, მაგრამ ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი, რომ ჩვენ მოგვეხერხებინა ბავშვთან კონტაქტი, რომ ბავშვს დაედასტურებინა ოჯახში ძალადობის ფაქტები და მაშინ მე მივცემდი გარანტიას, რომ მას სამართლებრივად დავიცავდი. თუკი ნიშნობა შედგებოდა და ჩვენ მოგვეცემოდა ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მაშინ ჩვენ ბავშვს ბოლომდე დავუდგებოდით გვერდში სამართლებრივად“.

ასევე ნახეთ როცა სისტემა დუმს, ბავშვები ქრებიან

16 თებერვალს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ადვოკატები მიმართავენ პროკურატურას და მოითხოვენ სექსუალური ძალადობის ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლას გაუპატიურების მუხლით.

მათ უკვე მიმართეს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით სოციალური მუშაკის, გამომძიებლისა და პროკურორის მხრიდან ბავშვის უფლების დარღვევისა და სავარაუდო გულგრილობის ფაქტზე.