"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის შეფარდებული გირაოს სხვა პირის მიერ დაფარვის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, ამ ინფორმაციას "ქართული ოცნების" წევრები და ამ პარტიასთან აფილირებული ტელევიზია ავრცელებს.
"არჩევნების გაყალბება გამიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბება არ გამეგო აქამდე... არსებობს, თურმე ვინმე მითიური პიროვნება, რომელიც ნიკა მელიას ნაცვლად გადაიხდის გირაოს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამის გაკეთება იქნება სირცხვილი და დანაშაულიც", - თქვა მელიამ.
მისი თქმით, ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც მისი გირაოს თანხა უნდა ჩაირიცხოს არავისთვის არის ცნობილი, მათ შორის მისთვის და მისი ადვოკატისთვის, რადგან მათაც კი არ აუღიათ შესაბამისი ინფორმაცია.
"ძვირფასო ხელისუფლებავ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას. მორჩა და გათავდა. ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, თუ ასეთი აღმოაჩინეს, იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის არ დაკავშირებული უსაფრთხოების სამსახურთან".
მელიას გირაოს გადახდის დამატებითი ვადა ხვალ, 12 თებერვალს ეწურება. მან 5 თებერვალს ბრიფინგზე თქვა, რომ "არ გდაიხდიდა" და "ვერ დაიჭერდნენ". მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით.
ასევე ნახეთ ნიკა მელია: არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.