„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია არ აპირებს აღკვეთის ღინისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდას.
„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“, - განაცხადა მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ნიკა მელიას თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებს დიდ პატივს სცემს, "თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურა და ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია", ამ სიყალბეში მონაწილეობის მორალური უფლება არ აქვს.
ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს „აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით“.
მელიას ნაცვლად პროკურატურაში მისი ადვოკატი მივა.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და ასევე, გირაო არ უზრუნველყო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლითაც თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა და განემარტება, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შესაბამისად, თუ პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებას გადაწყვეტს, პარლამენტმა უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყვიტოს.
მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამორთმეული აქვს. 2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.