თუ მთიანი ყარაბაღის რეგიონში სტაბილური მშვიდობა და ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარება რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების 26 იანვრის შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იყო, სულ მალე, 30 იანვარს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ვიცე-პრემიერები თავიანთ პირველ შეხვედრას მთლიანად ამ საკითხის გარშემო კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაუთმობენ.
ასევე ნახეთ რუსეთის ყველა „მოლოდინის სიმბოლო“ და მისი პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაშისაუბარია ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნების გახსნისა და სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, რომელთა შექმნის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას 11 იანვრის მოსკოვის სამიტზე მიაღწიეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერებმა.
ვრცელი რეგიონის ეკონომიკურმა აღორძინებამ, სამეულის აზრით, ხელი უნდა შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას, რაშიც, როგორც მოსკოვი ამტკიცებს, დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა, პლუს ირანი და თურქეთი და, ასევე, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო.
„ახალი რეალობის“ გათვალისწინებით...
„მთლიანობაში, ისმის ინიციატივები, რომ ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკა, მეზობელი ქვეყნების - რუსეთის, ირანისა და თურქეთის - მონაწილეობით, ესწრაფვოდეს ურთიერთობის განვითარებას, ახალი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც აღარ არის ომი და არსებობს შეთანხმება, რომ მოეხსნას ყველა ბლოკადა და შეზღუდვა ნორმალურ ცხოვრებას დედამიწის ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში...
რუსეთის, ირანისა და თურქეთის გარდა, ბევრს აქვს სურვილი, მათ შორის ევროპის ქვეყნებს შორისაც, რომ ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და მის გარშემო ეკონომიკის აღორძინებაში“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 26 იანვარს - ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯავად ზარიფთან, შეხვედრის შემდეგ - გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 27-28 იანვარს შედგებასერგეი ლავროვს არ დაუზუსტებია, თუ რომელ ევროპულ ქვეყანას სურს მონაწილეობის მიღება მთიანი ყარაბაღის რეგიონის ეკონომიკურ აღორძინებაში და როგორ მოხდება ამ სურვილის რეალობაში განხორციელება ირანთან ერთად, რომელიც აშშ-ისა და დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.
აშკარაა, რომ რუსეთი ელოდება, როდის დაუბრუნდება ვაშინგტონი „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი (JCPOA) გეგმის“ სახელით ცნობილი ირანის ბირთვული პროგრამის მოწესრიგების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა 2018 წელს დატოვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი, შესაძლოა, დაუბრუნდეს ამ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თეირანმა ივალდებულა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა. თუკი ირანი ასე მოიქცევა, სანაცვლოდ შესუსტდება მის მიმართ სანქციები. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეთრი სახლი საერთაშორისო პოლიტიკის ამ ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხის თაობაზე.
ასევე ნახეთ ალი ხამენეი: ირანს არ ეჩქარება ბირთვული პროგრამის თაობაზე გარიგებაში აშშ-ის დაბრუნებამანამდე კი აშშ-ის სანქციების შიშით რუსეთის კომპანიები თავს არიდებენ ირანულ კომპანიებთან თანამშრომლობას.
ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზა“ 2017 წელს გეგმავდა ირანში რკინიგზის აშენებას, მაგრამ რუსული კომპანია 2020 წელს გამოვიდა ამ პროექტიდან მას შემდეგ, რაც აშშ-მა გააფართოვა სანქციები ირანის ეკონომიკურ პროექტებში მონაწილე ყველა უცხო კომპანიის მიმართ.
ის, რაც ირანმა იცის და რაც არ იცის
თავისი ტურნეს ფარგლებში რუსეთიდან სომხეთში ჩასულ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ჟურნალისტი შეეკითხა, თუ როგორ შეძლებს ურთიერთობის დალაგებას ირანი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც ზარიფმა მოკლედ უპასუხა: „ჯერჯერობით არ ვიცი“.
ასევე ნახეთ ნახიჩევანთან რკინიგზის გახსნის პერსპექტივას სომხეთში იმედით და შიშით უყურებენსამაგიეროდ, ირანს სურს, რომ ნახიჭევანის გავლით ის და სომხეთი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და ამ პროექტის პერსპექტივაში ჯავად ზარიფი აშკარად დარწმუნებულია.
„ცხადია, იგი გამომდინარეობს ირანის, სომხეთისა და მთელი რეგიონის მოთხოვნილებიდან. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, აზერბაიჯანსა და რუსეთთან. ნახიჭევანის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა ერთ-ერთი შესაძლებლობაა ძველი რკინგიზით ჩრდილოეთისა და სამხრეთის დასაკავშირებლად“, - უთხრა ჯავად ზარიფმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს.
საუბარია გორადიზა-ორდუბადას დამაკავშირებელ 166 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზზე, რომლის 43-კილომეტრიანმა მონაკვეთმა სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, 30 იანვარს, სამმხრივ ფორმატში - აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის - ვიცე-პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ ორი ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებაზე.
- სარკინიგზო ხაზის ერთი ახალი მონაკვეთის მარშრუტი ასე გამოიყურება: ბარდა-აღდამი -სტეფანაკერტი (აზერბაიჯანულად - ხანკენდი)
- მეორე ახალი სარკინიგზო ხაზი კი გაზახის რაიონს (აზერბაიჯანი) იჯევანთან (სომხეთი) დააკავშირებს.
ვინ გადაიხდის მილიარდ დოლარს?
მოსკოვის 11 იანვრის სამიტის შემდეგ გაკეთებული ერთობლივი განცხადების თანახმად, მოსალოდნელია, რომ 30 იანვრის შეხვედრაზე სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები დაამტკიცებენ ექსპერტთა ჯგუფს, რომელმაც ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერებს როგორც ძველის აღსადგენი, ისე ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ასაგებად საჭირო კონკრეტული პროექტების, რესურსებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი.
დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად უნდა დაიწყოს მთიან ყარაბაღში და მის გარშემო ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, სკოლების, სამედიცინო და ადმინისტრაციული დაწესებულებების მშენებლობა, რასაც, ეკონომიკური საკითხების ანალიტიკოსის, გუბად იბადოგლუს, თქმით, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
„მთელი ამ თანხის გაღება მოუწევს აზერბაიჯანს, რომელსაც სუფთა მოგების მისაღებად სულ მცირე ერთი საუკუნე დასჭირდება“, - ამბობს იბადოგლუ.
მაგრამ რუსეთი ჩქარობს და თავის აზერბაიჯანელ და სომეხ პარტნიორებსაც მოუწოდებს სწრაფად აამოქმედონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური აღორძინების ბერკეტები.
მოსკოვი, რომელიც მთიან ყარაბაღში მიმდინარე 44-დღიანი ომის დასრულებითა და რეგიონში თავისი სამშვიდობო ძალების შეყვანით ყველაზე მეტად მოგებული აღმოჩნდა, ახლა ცდილობს ეკონომიკური პროექტებითაც ყველაზე მეტად იხეიროს.
ასევე ნახეთ მთიანი ყარაბაღის ომში რუსეთმა გაიმარჯვა„რუსეთი შეეცდება თავიდან აიცილოს ისეთი ინვესტიციები, რომლებიც მის ინტერესებს არ უპასუხებს. ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ეს არის გაზსადენი, რომელმაც, შესაძლებელია, ნახიჭევანის დერეფანში გაიაროს. გარდა ამისა, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ირანთან ერთად სავაჭრო პროექტებში მონაწილეობა გააძლიერებს რუსეთის გეოპოლიტიკურ გავლენას“, - განაცხადა ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში.
რუსეთი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში ომი მისი ძალისხმევითაა დასრულებული და „ახალი რეალობის“ შექმნაც მისი დამსახურებაა. და დადგა დრო, რომ რეგიონის წინაშე მდგარი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო საზოგადოებაც ჩაებას.
„ახლა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დგას ამოცანა, დაეხმაროს დაზარალებულ რაიონებს ჰუმანიტარული პორბლემების გადაჭრაში, რაც უკავშირდება დევნილების დაბრუნებას, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების დაცვასა და აღდგენას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 27 იანვარს, „დავოსის კვირეულის“ ფარგლებში გამართული ვიდეოკონფერენციის დროს.
გასული წლის 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა 280 სოფელი და ოთხი დასახლებული პუნქტი (გადრუთი, მინჯივანი, აგბანდი, ბარტაზი), ასევე ქალაქები: შუშა, ჯაბრაილი, ზანგილანი და გუბადალი.
ბრძოლების დასრულების შემდეგ, 10 ნოემბრის ერთობლივი შეთანხმების (სამმხრივი განცხადების) თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სეპარატისტთა ხელთ არსებული კიდევ სამი რაიონი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის.
მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ნაწილს კი ე.წ. რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ.