ისევ შოაზე? არ მოგბეზრდათ?

„ისევ ჰოლოკოსტზე? - კარგი, რა!“ ეს სიტყვები მესმის ხშირად, როდესაც შოაზე გამოსულ ახალ წიგნზე ან სატელევიზიო გადაცემაზეა საუბარი. „ყოველ ჯერზე, როცა მასმედიაში წარსულის სცენებს ვხედავ, [იგულისხმება ნაციზმის დანაშაული - ლ. ო.], ვამჩნევ რომ ჩემში რაღაც ეწინააღმდეგება წარსულის სირცხვილის მუდმივ წარმოჩენას. და იმის ნაცვლად, რომ მე მადლიერი ვიყო წარსულის სირცხვილის მუდმივი წარმოჩენით, მე თავს ვატრიალებ“ - ჯერ კიდევ 1998 წელს განაცხადებს ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი მწერალი მარტინ ვალზერი.

როდესაც მარტინ ვალზერი თავის განზე გაწევაზე და მზერის არიდებაზე საუბრობდა, არ მგონია, რომ ის ასე გერმანიის ისტორიის ყველაზე ტრაგიკული თავის დახურვას გულისხმობდა. არამც და არამც. ის უბრალოდ გულისხმობდა შოას რიტუალიზაციასა და რუტინიზაციას, რის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოვლინება აუშვიცის (ოსვენციმის) სიკვდილის ბანაკის ტურისტულ ატრაქციონად გადაქცევაა.

და რა ფუნქცია აქვს დღეს აუშვიცის სიკვდილის ბანაკს? არის ის „სელფის“ გადაღების ერთ-ერთი „cool“ ადგილი? თუ ადგილი, სადაც ადამიანი სულიერი მედიტაციით უნდა იყოს დაკავებული? და შესაძლებელია ასეთ ადგილას ადამიანი მედიტაციას მიეცეს მაშინ, როცა გარშემო ტურისტების ბრბოები სოციალური ქსელებისათვის ფოტომასალას ამზადებენ? ასე რომ, ღირს საერთოდ პილიგრიმის მოსასხამის მხარზე მოგდება და იქ გამგზავრება?

2003 წელს ემილ შუფანიმ, ნაზარეთის მღვდელმთავრად წოდებულმა ისრაელელმა ქრისტიანმა არაბმა, 250 ებრაელი, ქრისტიანი თუ მუსლიმი წაიყვანა აუშვიცში. ემილ შუფანის სიტყვებით, მისი მიზანი იყო საერთო ხსოვნის გაზიარება, რომელიც პალესტინელებისა და ებრაელების თანაცხოვრების საწინდარი უნდა გამხდარიყო. და რამე შეიცვალა ებრაულ-პალესტინურ ურთიერთობაში ამ ძალზედ მედიატიზირებული ვიზიტის შემდეგ? ძალიან ბევრი: ისრაელის პოლიტიკურ ლანდშაფტზე აღარ არსებობს მშვიდობის პარტია, ხოლო პალესტინელებში საბოლოოდ გაქრა იმედი ორი სახელმწიფოს თანაარსების შესაძლებლობისა.

და რას უნდა მოემსახუროს ხვალ ბაბი იარზე, ებრაელების მასობრივი დახოცვის ამ ეპიცენტრში, მემორიალის აშენება? იმას, რომ ემილ შუფანის უკრაინელმა კოლეგამ (იმის იმედად, რომ ხვალ მოსკოვი კიევს ყირიმს დაუბრუნებს) იქ უკრაინულ-რუსული დელეგაცია ასეირნოს? და გახდება ებრაულ ძვლებზე აშენებული ეს მემორიალი უკრაინული „დისნეი-ლენდი“, როგორც ამას უკრაინაში ებრაელების განადგურების წამყვანი სპეციალისტი კარელ ბერჰოფი შიშობს?

და რას ემსახურება ზოგადად ისტორია? რას ემსახურება მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტების ან ინდუსტრიული სიკვდილის მანქანის (ისეთის, როგორიც აუშვიცის სიკვდილის ბანაკი იყო) შესწავლა? შეიძლება ისტორიიდან რაიმე გაკვეთილის გამოტანა? „რა თქმა უნდა, შეიძლება. ეს საწინდარია იმისა, რომ ბარბაროსობა აღარ დაბრუნდეს ისტორიაში“ - გვესმის პასუხად. და მართლაც, აუშვიცის ე.წ. „განთავისუფლების“ თარიღი (1945 წლის 27 იანვარი), არის „ჰოლოკოსტის ხსოვნისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის პრევენციის ხსოვნის დღე“.

ის რომ ჰოლოკოსტის გახსენებას ბევრი უკვე მაზოხიზმად თვლის, გასაგებია. მაგრამ ემსახურება მაინც ეს ხსოვნა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის პრევენციას? 1994 წლის რუანდის გენოციდის შემდეგ ევროპაში კომენტარების ზოგადი პათოსი ასეთი იყო: სამ თვეში 500 000-ზე მეტი ქალის, ბავშვისა და მოხუცის ხმლით აკუწვა აფრიკული ტრადიციის, ადგილობრივი ფოლკლორის შემადგენელი ნაწილია და ეს ჩვენ, უკვე ცივილიზებულ ევროპას აღარ გვემუქრება. სულ რაღაც ერთი წლის მერე ეს პათოსი „ცივილიზებული“ ქრისტიანი სერბების მიერ „ნახევრადველური“ მუსლიმი ბოსნიელების ხოცვა-ჟლეტამ შეარყია... სულ სხვაა, როცა ხოცვა-ჟლეტა არა სადღაც აფრიკაში, არამედ აქვე, ადრიატიკის წარმტაც სანაპიროსთან ხდება...

შოამ არათუ ახალი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ვერ აიცილა ევროპაში, არამედ ანტისემიტიზმის შხამსაც კი ვერ მოუნახა ანტიდოტი. არადა, ბევრს სჯეროდა, რომ შოას ტრაგედია ანტისემიტიზმს სირცხვილის სიმბოლოდ გადააქცევდა. ეს მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა. აგერ უკვე ოცდაათი წელია, რაც იუდოფობიის ახალი ტალღა დაიძრა ახლო აღმოსავლეთიდან და პლანეტარულ იარაღად იქცა ისლამისტების ხელში. 21-ე საუკუნეში მან ტულუზის ებრაულ სკოლაში ბავშვებს და პარიზის ებრაულ სასურსათო მაღაზიაში ახალგაზრდებს მიაკვლია. Ifop-ის სოციალური კვლევის მიხედვით, დღეს დეკარტის ქვეყანაში (ასე უყვართ ფრანგებს საფრანგეთის მოხსენიება) გამოკითხულთა 7% დარწმუნებულია და კიდევ 15% თითქმის დარწმუნებულია, რომ არსებობს მსოფლიო სიონისტური შეთქმულება. გამძაფრებული ყურადღება გამძაფრებულ რეაქციას იწვევს სუსტი „იმუნიტეტის“ ადამიანებში. ასე რომ, ხომ არ აჯობებს მარტინ ვალზერივით თვალის არიდება? იქნებ ეს არის შოას მსხვერპლის ხსოვნის უკვდავყოფის ერთადერთი გზა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.