ვაქცინაციის პროცესის სამართავად იქმნება ეროვნული გეგმა - დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს აცრის მთელი პროცესი და მასში გაწერილი უნდა იყოს ყველაფერი, დაწყებული განრიგით, დამთავრებული შესაძლო გართულებების მართვით. ჯანდაცვის სამინისტროში 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეროვნულ გეგმაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. საზოგადოებას ამ დოკუმენტის ნახვა დაახლოებით 10 დღეში შეეძლება, როდესაც მთავრობა მას დაამტკიცებს. ჯერჯერობით, იმის შესახებ, რა წერია გეგმაში, ვიცით მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მონათხრობიდან.
რა გავიგეთ ახალი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პირველადი, სამუშაო პროექტიდან?
საქართველო გეგმავს, 2021 წლის განმავლობაში აცრას მოსახლეობის 60%, რაც საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50-60 პროცენტია მზად იმისთვის, რომ ვაქცინა გაიკეთოს, თუმცა სამუშაო ანტივაქსერული განწყობების დასაძლევად გასაწევია.
„რომ გითხრათ, სკეპტიციზმი არ არის საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, მართალი არ იქნება. ზოგადად, ვაქცინაციასთან მიმართებით ნდობა არა მარტო ჩვენთან, არამედ გლობალურად ჯერჯერობით მაღალი არ არის, თუმცა, პირველ რიგში, ჩვენ ჯანდაცვის პროფესიონალებთან ვიმუშავებთ, რადგან ჯანდაცვის პროფესიონალები ის პირველი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია და ვაქცინების პირველი მიმღები იქნება”, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. მისი თქმით, საინფორმაციო კამპანია ვაქცინის მნიშვნელობის შესახებ იანვრის ბოლოდან უნდა დაიწყოს.
„უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ!” - ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ვინ აიცრება და რა დაუჯდება ვაქცინაციის პროგრამა საქართველოს?
ამ დროისთვის უცნობია, მოსახლეობის რამდენი პროცენტია თანახმა, გაიკეთოს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა იმ ჯგუფებში, ვისაც გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე შეეხება ვაქცინაცია - ექიმების შემდეგ მოხუცთა თავშესაფრების და 75 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციაა დაგეგმილი. შემდეგ მოდიან 65 წელს გადაცილებული პირები და 50 წელს გადაცილებულები, თუკი მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები. დაზუსტებული არც ის არის, იგეგმება თუ არა კვლევა მოსახლეობის განწყობების შესასწავლად მანამ, სანამ ვაქცინა ქვეყანაში შემოვა. ვიცით მხოლოდ ის, რომ აცრების მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის დასახელებისას საქართველოში ეყრდნობიან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ჩატარებულ გამოკითხვებს, რომელიც ყოველ კვარტალში ტარდება.
NDI-ს 2020 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები განსხვავებულ სურათს გვაძლევს იმ მონაცემებისგან, რაზეც თამარ გაბუნია და ამირან გამყრელიძე საუბრობენ. ამ გამოკითხვის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში მოსახლეობის 46 % არ აიცრებოდა. გამოკითხულთა 38 % აცრაზე თანახმაა, ხოლო 15 %-ს უჭირს პასუხის გაცემა.
გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ის აცრა ქვეყანას 170 მილიონი ლარი დაუჯდება და შესაბამისი თანხები ბიუჯეტიდან გამოყოფილია. აცრას დაექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც სრულწლოვანია - 18 წლამდე პირების შემთხვევაში კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის. ვიცით ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, აიცრებიან ისინიც, ვისაც კოვიდ-19 უკვე გადატანილი აქვს.
ასევე ნახეთ იმნაძის თქმით, მასშტაბურად ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნებაუცნობია, როგორ მიიღებს საქართველო წლის განმავლობაში მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინას. კოვაქს პლატფორმის პრინციპების თანახმად, რომელიც ვაქცინაზე თანაბარ და სამართლიან წვდომას გულისხმობს, კოვაქსის პლატფორმის ყველა ქვეყანამ მოსახლეობის 20%-ისთვის საჭირო ვაქცინა უნდა მიიღოს, ქვეყნებისთვის დამატებითი დოზების გაცემა ამ გეგმის შესრულებამდე არარეალურია. პლატფორმის პრინციპებით, ყველა მომდევნო დოზას ქვეყანა მას შემდეგ მიიღებს, რაც გაცემული უკვე ამოწურული იქნება. ამ მოცემულობით გამოდის, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის მოკლე დროში აცრა, ერთი მხრივ, ადამიანების ვაქცინის მიმართ ნდობაზე და, მეორე მხრივ, კოვაქს პლატფორმის განრიგზეა დამოკიდებული და შესაძლოა გეგმა, წლის ბოლოს 60%-ის აცრის შესახებ, არარეალური აღმოჩნდეს.
„სახელმწიფო, გარდა კოვაქსის პლატფორმისა, აწარმოებს ბევრ ბილატერატულ კომუნიკაციას, მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა მწარმოებელ ქვეყანასთან და დიდ მწარმოებელთან. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ე.წ. სამეზობლო დოკუმენტი და ვმუშაობთ იმაზე, რომ კოვაქსის დოზების პარალელურად მივიღოთ სხვა დოზებიც”, - ამბობს ამირან გამყრელიძე, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია.
„ის, რომ ვაქცინა იქნება ხარისხიანი, ეს არის ნამდვილად ჩვენთვის მთავარი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდეს, ასევე აღიარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ნებისმიერი ვაქცინა აღიარების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ შემოვა. ხარისხი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, გვერდითი რეაქციების რისკი ყოველთვის არსებობს. მაქსიმალური მობილიზება იქნება ჯანდაცვის სამინისტროში იმისთვის, რომ თუკი სადმე პროგნოზირებაა მოსალოდნელი, იმ ჯგუფში ვაქცინა არ ჩატარდეს, ასევე მოხდეს გვერდითი რეაქციების შესაბამისი მართვა“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
ხარისხიანი და სანდო ვაქცინა მოსახლეობის დარწმუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა მისი მოხმარებისას. თამარ გაბუნიას თქმით, კოვაქს პლატფორმა ახლა საქართველოსთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მიწოდებაზე მუშაობს, თუმცა ეს მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს. საქართველოს იმედი აქვს, რომ ვაქცინის პირველ ნაკადს მედიკოსების ასაცრელად წლის პირველ კვარტალში მიიღებს და ვაქცინების შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცივი ჯაჭვის პრობლემა არ არის. ქვეყანამ ვაქცინის მომწოდებელი უნდა დაარწმუნოს, რომ სურვილის გარდა, აქვს მზაობა ვაქცინაციის უსაფრთხო პროცესის სამართავად.
ასევე ნახეთ “არ გავიკეთებ!” - რატომ ამბობენ უარს კოვიდის ვაქცინაზე ერთნი, როცა სხვები მას ელოდებიანგამოუყენებელი შესაძლებლობები
ეროვნული გეგმა არაფერს ამბობს კერძო კომპანიებზე, რომლებსაც თეორიულად შეეძლოთ სახელმწიფოს პარალელურად ემუშავათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე. პანდემიის საწყის ეტაპზე ამგვარი ვითარება იყო ტესტებთან დაკავშირებითაც, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს შემოჰქონდა ქვეყანაში. კერძო კომპანიებისთვის ტესტების შემოტანის უფლების მიცემამ გაზარდა წვდომა და ტესტირებულთა გამოვლენა. დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს არ უთქვამს, რა მიზეზით ეზღუდებათ კერძო კომპანიებს ვაქცინის შემოტანა. თამარ გაბუნიამ თქვა მხოლოდ ის, რომ კოვაქს პლატფორმა საკომუნიკაციოდ სახელმწიფოებს ანიჭებს პრიორიტეტს და კერძო კომპანიებს შესაძლოა მომავალ წელს მიეცეთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის უფლება.
„გარკვეულ ეტაპზე შეიძლება აქამდეც მივიდეთ, მაგრამ დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არის კარგი კოორდინაცია და სოლიდარული, სამართლიანი გადანაწილება ვაქცინებისთვის. ამდენად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეს პროცესი სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკების დონეზე და კოვაქსის პლატფორმა აკეთებს ფასილიტაციას ამ პროცესის. თუმცა შესაძლოა მომავალ წელს დადგეს უკვე საკითხი, როდესაც უფრო კომერციული ხასიათი ამ პროცესმა მიიღოს”, - ასე პასუხობს თამარ გაბუნია კითხვას კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესახებ.
ასევე ნახეთ რუსეთი კერძო კლინიკებსაც უკრძალავს Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას