პარლამენტი კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადებაზე მსჯელობს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა ბიუროზე გასატანად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დასაწყებად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გულისხმობს. ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღების ვალდებულებაზე საუბრობს, რომელსაც, მისი თქმით, ცვლილებები დაარეგულირებს.

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელს მოსახლეობაზე გავრცელდეს. ამისათვის საჭიროა, გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად.

უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ზიანი, რა თქმა უნდა, არ არის მედპერსონალის, კლინიკის, ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული. ასეთი მოთხოვნა აქვთ მწარმოებლებს, ჩვენ ვკონტაქტობთ მწარმოებლებთან "კოვაქს" პლატფორმის საშუალებით და მწარმოებლებს აქვთ ეს მოთხოვნა: ზიანის დადგენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, "კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტული პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რაც ემსახურება კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და ყველა იმ აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარებით, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული. განახლებული საკანონმდებლო ნორმები სახელმწიფოს მისცემს საშუალებას ეპიდემიისა და პანდემიის პირობებში შესაბამისად იმოქმედოს. ამავდროულად, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ვაქცინით მოსარგებლე პირთა უფლებების უკეთ რეალიზაციას, რამდენადაც კანონპროექტი კონკრეტულად საზღვრავს ფარმაცევტული პროდუქტის (ვაქცინა ან მედიკამენტი) გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელ მხარეებს".

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკანონდებლო ცვლილებები განიხილებოდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვაქსის პლატფორმიდან საქართველოს მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად საჭირო ვაქცინა უკვე შეკვეთილი აქვს, იანვრის ბოლოსთვის კი სისტემა მზად იქნება, ვაქცინის მიღების შემთხვევაში მოქალაქეების აცრა დაიწყოს.

"covax პლატფორმიდან შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის 20%-ისთვის, რაც არის 700 000 ადამიანი, მაგრამ მილიონ 400 000 დოზა. გარდა ამისა, covax-ის მიღმა მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ დამატებითად მივიღოთ ის ვაქცინები, რაც ექნებათ ევროპის ქვეყნებს, ამ შემთხვევაში AstraZeneca-ა საუბარი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 22 წლის შუა პერიოდამდე დაჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნეს, მაგრამ აქტიური ვაქცინაციის შემთხვევაში, ჩვენთანაც შესაძლებელია, 2021 წლის ბოლოსთვის და 2022 წლის პირველ კვარტალში შეიქმნას კარგი დამცავი ფენა", - თქვა თამარ გაბუნიამ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

ასევე ნახეთ ჩინური თუ არა, მაშ რომელი? - რა ვიცით კოვიდვაქცინაციის შესახებ საქართველოში