აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის ბიჭისა და შშმ მშობლების სახლის შესანარჩუნებლად სასამართლოს მიმართეს

ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 8 წლის ბიჭის, მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლებისა და 79 წლის ბაბუისთვის აფრიკის დასახლებაში აშენებული რამდენიმე კვადრატული ბინის შესანარჩუნებლად სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია სასამართლოსგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს დემონტაჟის პროცესი, რომელიც, მათი თქმით, კვირა დილით იგეგმება.

"ახლა ჯერი სასამართლოზეა, გადაწყვიტოს, დარჩეს თუ არა პატარა გიგი და მისი ოჯახი ღია ცის ქვეშ, ზამთარში, პანდემიის დროს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ასევე ნახეთ სახლების დანგრევის მოლოდინში - რა ხდება აფრიკის დასახლებაში

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ შენობის დემონტაჟი იმ დრომდე შეუძლიათ, სანამ მასში ადამიანები ცხოვრებას დაიწყებენ, ამის შემდეგ კი უკანონო მშენებლობების საკითხის მოგვარება "აღსრულების ეროვნული სააგენტოს" უფლებამოსილებაში ექცევა. თავის მხრივ, ამ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ადამიანების გამოსახლება აკრძალული აქვთ. ეს დროებითი პროცესია და მხოლოდ პანდემიის დროს იმოქმედებს.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებას ასეთ ინფორმაციას აწვდის:

"ამ ოჯახმა 7 დეკემბერს მიიღო ოფიციალური წერილი მერიიდან, სადაც ითხოვენ კანონიერებაზე 2 დღის ვადაში დოკუმენტის წარდგენას... დოკუმენტს ხელს აწერს მერიის თანამშრომელი, რომელმაც ოჯახს 14 დეკემბერსაც დაურეკა და გააფრთხილა, რომ 20 დეკემბრამდე დაცალონ სახლი, რადგან იგეგმება დემონტაჟი".

ორგანიზაცია არ აპირებს, მხოლოდ დემონტაჟის პროცესის შეჩერებით დაასრულოს სასამართლო დავა. მათი გეგმაა, მერიას სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსთხოვონ ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

აფრიკის დასახლების ერთ ნაწილში, კორნელი სანაძის ქუჩაზე, სადაც 8 წლის ბიჭის საცხოვრებელი სახლი დგას, ბევრი უკანონო მშენებლობაა. მათი ნაწილი მერიამ რამდენიმე დღის წინ, შესახლებამდე რამდენიმე დღით ადრე დაანგრია. სწორედ ამან გაუჩინა ადგილობრივებს ერთადერთი საცხოვრებლის დანგრევის შიში.

ასევე ნახეთ აფრიკა არც ისე შორსაა