თავდაცვის მინისტრის გამოკითხვის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ირაკლი ღარიბაშვილი არც იმას ამბობს, როდის და რატომ შესთავაზა დავით ხიდაშელმა რუკების მოძიება. ხიდაშელს ის მხოლოდ გაკვრით ახსენებს და უთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს იგი, როგორც ამ საქმეში გამოცდილმა პირი, რუკების მოძიებაში დახმარებას შეპირდა. ირაკლი ღარიბაშვილის 10 გვერდიან ჩვენებაში არც ბეჟან მაისურაძე იხსენიება, იგორ გიორგაძის ბიზნესპარტნიორი, დავით ხიდაშელის მეზობელი და პირი, რომელიც ხიდაშელის თქმით, უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შეხვედრებსა და კარტოგრაფიული დოკუმენტაციის მიწოდების პროცესებში.
ირაკლი ღარიბაშვილის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ მისთვის დავით-გარეჯის საქმე არქიმანდრიტ კირიონთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი და ამ თემაზე ფიქრი არ შეუწყვეტია არც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისა და კერძო სექტორში გადასვლის შემდეგ. საზღვრის დადგენისა და შეთანხმების პროცესში ის ენდობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს და კმაყოფილი არ არის კომისიის მუშაობით. ის ჩვენებაში ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარე საკმარის ძალისხმევას არ იყენებდა ისტორიული კარტოგრაფიული მასალების მოსაძებნად. თავდაცვის მინისტრისთვის ასევე გაუგებარი რჩება, თუ რატომ იყენებდა კომისია ე.წ. “კალკაზე” არსებულ ამონახაზებს, რომელზეც “სრულყოფილი ინფორმაციის აღქმა და შესაბამისად, მის საფუძველზე რაიმე ანალიზის გაკეთება შეუძლებელი იყო.” ის ამბობს იმასაც, რომ “კომისიის ექსპერტების მიერ მუდმივად ხდებოდა 1937-38 წლებში შედგენილი 1:200 000 მასშტაბის რუკების იგნორირება და გვერდის ავლა.”
ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენებაში არ ახსენებს საქმის ბრალდებულებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების მიხედვით, ივერი მელაშვილი ესწრებოდა შეხვედრებს, სადაც დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. ის არც ნატალია ილიჩოვას ახსენებს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს, 2013 წლის მარტში დაჯილდოებული ჰყავს მადლობის სიგელით სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის.
თავდაცვის მინისტრი ჩვენებაში დეტალურად იხსენებს როგორ შეხვდა არქიმანდრიტ კირიონს 2014 წელს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გააცნო, როგორც მისი ბავშვობის მეგობარი. ამ შეხვედრას ასევე დეტალურად ყვება თავის ჩვენებაში ბერი კირიონი. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის სამინისტროს კარტოფრაფები ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე.
“მამა კირიონმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს აუხსნა, თუ რა პრობლემები იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე. კერძოდ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩიჩხიტურის კოშკი, სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი კელიები საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში იყო ყოველთვის, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს და მღვდელმსახურებს არ აძლევდნენ ამ ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობას. შეხვედრის დროს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა თედო გორგოძემ და ნოდარ ხორბალაძემ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმსია, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ, საკითხის სრულყოფილად გაანალიზებისთვის შესაბამის კარტოგრაფიულ მასალაზე და დოკუმენტაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.” - ასე იხსენებს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის გაზაფხულზე გამართულ შეხვედრას გამომძიებელთან. ღარიბაშვილი ამ შეხვედრის შესახებ ამბობს იმასაც, რომ მისი დასრულების შემდეგ მინდია ჯანელიძეს დაავალა შეექმნა საკითხის შემსწავლელი ჯგუფი და თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში დეტალურად შეესწავლათ, “რასთან გვქონდა საქმე” და მისთვის მოეხსენებინათ.
ირაკლი ღარიბაშვილი, არ ახსენებს საქმის ბრალდებულ ივერი მელაშვილს, რომელიც არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების მიხედვით 2015 წლის დასაწყისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. სასულიერო პირი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას არ მოეწონა თავდაცვის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძის მიერ დასმულ შეკითხვებზე ივერი მელაშვილის პასუხების ტონი და მის მიერ რუკიდან შესრულებული ე.წ. “ვიკაპიროვკა” კალკის ქაღალდზე. ბერი გამომძიებლებს მოუყვა, როგორ უთხრა ამ შეხვედრაზე ივერი მელაშვილს, რომ მას აქვს “ლოიალური დამოკიდებულება აზერბაიჯანელთა პოზიციების მიმართ და უპრინციპობა ქართული სახელმწიფო ინტერესებისადმი”.
ასევე ნახეთ "ჩვენი პრინციპული პოზიციის შემდეგ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა" - რას ყვება ბერი კირიონიირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებას უყვება საკითხის შემსწავლელი იმ კომისიის მუშაობის შედეგებზე, რომლის შექმნის განკარგულებაც მან გასცა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გარკვეული პერიოდის შემდეგ სიტყვიერად აცნობეს, რომ 1938 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში სახალხო კომისართა საბჭოების მიერ შედგენილ რუკებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარი ასახული იყო ქედის ძირში აზერბაიჯანის მხარეს, თუმცა ვინაიდან კარტოგრაფიული მასალის დედნები საქართველოში ვერ მოიძიეს, კომისიას ასლებზე დაყრდნობით მსჯელობა გამართლებულად არ მიაჩნდათ. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება, მოეძებნათ ყველა შესაძლო გზით საჭირო დოკუმენტაცია და სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობა ისე დატოვა 2015 წლის 24 დეკემბერს, რომ მისი ეს დავალება შეუსრულებელი დარჩა.
“კერძო სექტორში სამსახურის გაგრძელების შემდგომაც ვცდილობდი, რომ ზემოხსენებულ საკითხში სრულყოფილად გასარკვევად შესაბამისი დოკუმენტაციის დედნები უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით მომეძიებინა, თუმცა უშედეგოდ” - ამბობს ჩვენებაში ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, 2019 წელს, როცა თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და თედო გორგოძეს და ნოდარ ხორბალაძეს ჰკითხა საზღვრის საკითხებზე რა მდგომარეობა იყო, მათ უთხრეს, რომ “ისევ იმ პრობლემის წინაშე იყვნენ.”
“მათვე აღნიშნეს, რომ როგორც წესი წვრილმასშტაბიანი რუკა კარტოგრაფიულად შედარებით მსხვილმასშტაბიანი რუკის მონაცემების საფუძველზე იქმნებოდა და 1938 წლის პერიოდისთვის არსებული ასეთი 1: 200 000 მასშტაბის რუკის დედნების მოძიება კი საქართველოს საარქივო დაწესებულებებში ვერ შეძლეს, 1937-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკები არქივებში აღარ ინახებოდა და გამოთქვეს ვარაუდი, რომ რუკები მიზანმიმართულად იყო განადგურებული. “ - ჰყვება თავდაცვის მინისტრი და ამბობს, რომ მისმა თანამშრომლებმა შესჩივლეს, როგორ არაფერს აკეთებდნენ საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე და წევრები საჭირო დოკუმენტაციის მოსაძიებლად.
ასევე ნახეთ საზღვარს განსაზღვრავენ არა ძველი რუკები, არამედ მოლაპარაკებები - ინტერვიუ გელა ბეჟუაშვილთანის, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებას უყვება, განსხვავდება მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომლის, გიორგი სვანაძის ჩვენება, რომელიც ამ თანამდებობას 2014 წლის მარტიდან 2018 წლის იანვრამდე იკავებდა. ის ამბობს, რომ რუკა 2014 წელსვე მოიძიეს სასაზღვრო პოლიციაში, ამის შესახებ იცოდა ნოდარ ხორბალაძემ და სამუშაო ჯგუფის განხილვაც კი მოეწყო რუკებთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამო.
„2014 წლის ბოლოს, ზუსტი თვე და რიცხვი არ მახსოვს, ტელეფონით დავუკავშირდი და მივმართე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსს, მანანა ხვედელიძეს - ავუხსენი, რომელი რუკა მჭირდებოდა და ვკითხე - სად შემეძლო მოძიება. მან მითხრა, რომ თვითონ მომიტანდა და მისგან მივიღე 1936 წლის მდგომარეობით საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შედგენილი 1:200 000 მასშტაბის, რამდენადაც მახსოვს, K-38-28 ნომენკლატურის რუკა” - წერია გიორგი სვანაძის გამოკითხვის ოქმში. სვანაძემ გამომძიებლების უთხრა, რომ ამ რუკის მიხედვით ჩიჩხიტურის კოშკი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და ბერების კელიები საქართველოს ტერიტორიული სივრცის შემადგენლობაში შედიოდა.
“ეს რუკა როდესაც გადავეცი ნოდარ ხორბალაძეს, მასვე ვთხოვე რომ 1938 წლის მდგომარეობით არსებული საზღვარი დაეტანათ თანამედროვე მსხვილმასშტაბიან რუკებზე და დაედარებინათ ერთმანეთისთვის კომისიის მიერ შეთანხმებული და შესათანხმებელი სადაო მონაკვეთების სასაზღვრო ხაზთან” - ამბობს გიორგი სვანაძე ჩვენებაში და იქვე იხსენებს, რომ მისი დავალების შესრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა როგორც ნოდარ ხორბალაძე, ასევე ივერი მელაშვილი და განიხილებოდა რუკებს შორის აცდენის საკითხები.
ის, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერამ საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიჩნეული, რუსეთიდან ჩამოტანილი რუკის ანალოგს წინა წლებშიც იცნობდა ნოდარ ხორბალაძე, ადასტურებს 2016 წელს გამოცემული კრებული, სადაც ნოდარ ხორბალაძისა და გიორგი სვანაძის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას საზღვრის დადგენის პრობლემების შესახებ სწორედ ეს რუკა ახლავს ილუსტრაციად. ნოდარ ხორბალაძე თავის ჩვენებაშიც ადასტურებს იმას, რომ გიორგი სვანაძემ საქართველოში მოიპოვა 1937 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შედგენილი 1:200 000 მასშტაბის რუკა.
“რუკაზე გამოსახულია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის არსებული სახელმწიფო საზღვარი, რომლის ნიშნულზეც ფანქრით არის დატანილი მწვანე და ყვითელი ფერის ზოლები, ამ ხაზების მნიშვნელობა ჩემთვის უცნობია. ეს რუკაც სხვა დოკუმენტებთან ერთად 20 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში გადმოიგზავნა” - ამბობს ნოდარ ხორბალაძე ჩვენებაში.
ასევე ნახეთ ხიდაშელი ჰყვება რომ ივანიშვილმა დაურეკა და დახმარება სთხოვა დავით გარეჯის საკითხზე
“დავით ხიდაშელმა ამ კარტოგრაფიულ მასალას თვითონ მიაკვლია და მოძიების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცა” - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. გამომძიებლები მას არ ეკითხებიან, რის საფუძველზე ჩაერთო დავით ხიდაშელი რუკების მოძიების პროცესში. კითხვა არ არის დასმული არც ბეჟან მაისურაძის შესახებ, რომელიც დავით ხიდაშელთან ერთად ესწრებოდა მაგალითად 2020 წლის აგვისტოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სადაც დავით ხიდაშელი ექსპერტის რანგში იყო წარმოდგენილი და რომელიც საკონტაქტო პირი იყო დავით ხიდაშელსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კარტოგრაფიული მასალის გადაცემისას. ღარიბაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ დავით ხიდაშელი არ შემცდარა როცა რუსეთის არქივებში დაიწყო საჭირო დოკუმენტაციის ძებნა და “რუკების დედნების გადმოცემით დიდი სამსახური გაუწია საქართველოს”.
კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მოწმეებად დაკითხვას რამდენიმე თვე ითხოვდნენ ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატები. ამ საქმის პროკურორი საჯაროდ აცხადებდა, რომ თავდაცვის მინისტრის, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა არ არსებობდა. გენერალურ პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილი 14 დეკემბერს გამოიკითხეს.
“კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები, საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრის შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2021 წლის იანვარშია ჩანიშნული.