რა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გრძელდება და როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, საქმის მასალები უკვე 30 ტომია.

ოჯახი და დაცვის მხარე გამოძიებით ახალგაზრდა ქალის გვამის პოვნის დღიდან უკმაყოფილოა და ამ დრომდე ამბობს, რომ გამოძიება მხოლოდ ერთი ვერსიის, თვითმკვლელობის შესახებ აგროვებს მტკიცებულებს და არ პასუხობს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიების პროცესში ჩნდება. გენერალური პროკურატურა ამ ეჭვების პასუხად ატარებს დამატებით ექსპერტიზებს და ცდილობს ადვოკატების კითხვებზე პასუხი მათი საშუალებით გასცეს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმეში არსებობდა რამდენიმე ტომი “გრიფით საიდუმლო” დოკუმენტების. პროკურატურამ განმარტა, რომ ეს მხოლოდ სხვადასხვა დროს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციები იყო და მათი ნაწილი ადვოკატებსაც აჩვენა.

“შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ გრიფით საიდუმლოს დადება და განსაიდუმლოების პროცესი იყო სპეციალურად, რომ გაჭიანურებილიყო დრო. რაც კი იქ მასალა იყო, არ მიესადაგებოდა იმ შინაარსს, რომ ყოფილიყო გრიფით საიდუმლო. იქ რა დოკუმენტაცია და მტკიცებულებებიც იყო, უკვე ივლისის თვეში იცოდა გამოძიებამ” - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ რამიშვილმა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჯერ “გასაიდუმლოებული” და შემდეგ “განსაიდუმლოებული” მასალები რამდენიმე პირობით ნაწილად შეიძლება დაიყოს:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანის მძღოლებისა და მგზავრების დაკითხვის ოქმები, რომლებიც იმ დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანასთან ერთად მოძრაობდნენ მაგისტრალზე, როცა თამარი გაუჩინარდა. ადვოკატი ამბობს, რომ მათი ჩვენებები ერთმანეთის მსგავსი და სრულიად არაინფორმატიულია. მისივე თქმით, გამოძიებამ თავიდან მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანების მძღოლები დაკითხა და მგზავრების დაკითხვის ოქმები მათი მოთხოვნის შემდეგ გამოჩნდა საქმეში.
  • მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებით დაკავებული და შემდეგ 7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვებული დავით ფურცხვანიძის ფარული მიყურადღებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალები. დავით ფურცვანიძემ ბაჩალიაშვილის ადვოკატს მიაწოდა მისი თქმით სატელიტის ფოტოები იმ დღესა და ადგილას გადაღებული, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს და როცა მას ეძებდნენ. ფოტოები გრაფიკულად იყო დამუშავებული და არაავთენტური. ადვოკატებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, გამოძიების ფარგლებში მხოლოდ დავით ფურცხვანიძეს უსმენდნენ თუ მაგალითად ადვოკატ მიხეილ რამიშვილსაც, რომელმაც მედიის საშუალებით გაასაჯაროვა ყალბი “მტკიცებულებები.”
  • სააფთიაქო ქსელებიდან კონკრეტული მედიკამენტის გაყიდვისა და სამედიცინო დაწესებულებებიდან ამ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტების დოკუმენტები, რომელთა მოძიებაც საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც თამარის სხეულში მოხვდა და რამაც მისი სიკვდილი გამოწვია, მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და ასეთი რეცეპტი არც თამარზე და არც მისი ოჯახის წევრებზე გამოწერილი არ ყოფილა. ამ მედიკამენტის ორი ცარიელი ფირფიტა ნაპოვნია მის ავტომობილში. ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიებამ უკვე ზაფხულში იცოდა, რომ მედიკამენტი, რომელმაც მისი სიკვდილი გამოიწვია მას არ შეუძენია და ამის მიუხედავად ეჭვქვეშ არ დაუყენებია თვითმკვლელობის ვერსია.
ასევე ნახეთ გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე თუ ზეწოლა ადვოკატზე

ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, რომელიც დაცვის მხარედ არის წარმოდგენილი ამ საქმეში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმის მასალები დანომრილი არ არის და შესაძლოა მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ სრულად ნანახი ის მასალები, რაც საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის მოპოვებული და რაც შესაძლოა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმ პასუხგაუცემელ კითხვებზეც, რომლებიც ამ დრომდე რჩება ამ საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ :

  • სისხლის კვალის წარმომავლობა გარდაცვლილის მანქანაში;
  • მანქანის ერთ-ერთი კარის სახელურთან დაზიანების წარმომავლობა და ხანდაზმულობა.
  • ვისთან ჰქონდა კონტაქტი გაუჩინარების დღეს ვოთსაფისა და ფეისბუქის საშუალებით.
  • რამ გამოიწვია მისი ტელეფონის ისე დაზიანება, რომ მწყობრიდან გამოვიდა.
  • ვილა ალგეთიდან იმ ადგილამდე მიმავალი გზა, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატებს და ოჯახს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ ამ გზით მოხვდა ავტომობილი იმ ადგილას, სადაც რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
  • დასადგენია თამარის ჩანთაში ნაპოვნი ვადაგასული და გამოუყენებელი წამლების წარმომავლობაც.
  • ამ დრომდე არ არის ნაპოვნი ქალი, რომლის ფოტორობოტიც საქმეში დევს და რომელიც ოჯახში პანაშვიდზე იყო მისული და გარდაცვლილის დედას ბოდიშს უხდიდა.

ამ დროისთვის საქმეში უკვე დევს გარდაცვლილის ფეისბუქ გვერდის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ესაა ტექნიკური მონაცემები და არა შინაარსობრივი, რაც საშუალებას მისცემდა გამოძიებასაც და ადვოკატებსაც ენახათ ბაჩალიაშვილის მიმოწერის შინაარსი სხვადასხვა პირთან.

"იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება სოციალური ქსელის ადმინისტრაციას კომუნიკაციისას მხოლოდ თვითმკვლელობის ეჭვზე ელაპარაკება, შესაძლოა ამგვარი პირადი ინფორმაცია ვერც მიიღოს" - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

ასევე ნახეთ ბაჩალიაშვილის საქმეში, გარდაცვლილის youtube-ის გვერდიდან ჩამოწერილი 16 ვიდეო დევს

ამ დრომდე გამოძიებას არ მოუპოვებია შინაარსობრივი და ტექნიკური მონაცემები ვოთსაფითდან და ინსტაგრამიდან, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ისინი საქმის მასალებს დაემატება.

საქმისთვის სიახლეა რამდენიმე ახალი ექსპერტიზის შედეგები, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც პროკურატურის ინტერესის შესაბამისად უნდა ეპასუხა მხოლოდ ერთ კითხვაზე: როგორი იყო თამარ ბაჩალიაშილის ფსიქოლოგიური თავისებურებები, შეედგინა მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და შესაბამისად, განესაზღვრა, დასაშვებია იქნებოდა თუ არა მის მიერ სუიციდის ჩადენა; დაცვის მხარის მოთხოვნით, დაემატა სხვა კითხვებიც, იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს სომატური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ან უჭირდა თუ არა სოციალური ადაპტაცია.

ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება, არ ვლინდება სოციალური ადაპტაციის პრობლემები, თუმცა ფსიქილოგიური პორტრეტის მიხედვით, დასაშვებია სუიციდის ჩადენის ფაქტი.

ადვოკატები ამბობენ, რომ ამ ექსპერტიზის სისუსტე ის მონაცემებია, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა დასკვნა - ერთ-ერთი ასეთი გასაანალიზებელი მასალა თამარის პიროვნებაზე მსჯელობისთვის იყო საქმეში მოწმედ დაკითხული დეა კაპანაძის არაერთხელ შეცვლილი ჩვენება და მისი ფეისბუქზე კომუნიკაცია გარდაცვლილთან, რომელიც ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს და აჩენს ეჭვს, რომ დეა კაპანაძე ცდილობდა თამარ ბაჩალიაშვილთან იმგვარი საუბრის პროვოცირებას, თითქოს ის ცუდად იყო, დეპრესია ჰქონდა და თავს უბედურად გრძნობდა.

“ყველაზე საეჭვო ამ დრომდე არის პროკურატურის ქმედებები. როცა აღმოვაჩენთ, რომ საქმეში არის ბუნდოვანება ან გარემოება, რომელიც მიუთითებს იმაზე რომ საქმე შეიძლება გვქონდეს სავარაუდოდ მკვლელობასთან, ცდილობენ ექსპერტიზის დასკვნებით ახსნან თავიანთი [თვითმკვლელობის] ვერსია. ამის თვალსაჩინო მაგალითია სისხლის წვეთები, რომელიც ნაპოვნია მანქანაში და პირველ ექსერპტიზაზე წერია, რომ ეს არის სისხლის ქვეთები, განმეორებით ექსპერტიზაზე ითქვა, რომ ეს არ არის სისხლის წვეთები. რიგ შემთხვვებში დაგვიანებით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები - მაგალითად ვილა ალგეთის შემთხვევაში, იქ მხოლოდ ორი თვის შემდეგ მივიდა გამოძიება და შედეგად გვაქვს დასკვნა, რომ ვილაში ნივთებზე თამარ ბაჩალიაშვილის ნდმ არ არის აღმოჩენილი. ყველა საგამოძიებო მოქმედებები ემსახურება მხოლოდ პროკურატურის ვერსიის გამყარებას, რის გამოც კვლავ არსებობს ეჭვი, რომ ამას აკეთებენ ვინმესთვის ხელის დაფარების მიზნით” - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ქობესაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა.

ასევე ნახეთ FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე