ექთნები ომში: სანამ ყველა დაეცემა

საავადმყოფოში ყოფნის დაახლოებით მეხუთე დღეს, დედაჩემმა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ კოვიდ 19 დაუდასტურდა, მითხრა, ექთნები პაციენტებისთვის გადასხმის სისტემის დაყენებას ვეღარ აუდიან და დახმარებას სთხოვენ კოვიდით დაავადებულ სხვა ექთნებს, რომლებიც ჩვენს გვერდით წვანანო. იმ განყოფილებაში მაშინ 40 პაციენტი იწვა - მათზე ზრუნვა კი 3 ექთანს ევალებოდა. მათი ხელფასი დაახლოებით 300 ლარია - ზოგის უფრო ნაკლები, ზოგის ოდნავ მეტი.

თუ ექთნების და მათი დამხმარე სანიტრების სამუშაო და შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება, არ გაიზრდება მათი ხელფასი და რესურსი სწორად არ გადანაწილდება, სამედიცინო სფეროში კატასტროფას მივიღებთ - დაინფიცირებული და გარდაცვლილი ექიმების და ექთნების რიცხვი კი კიდევ უფრო გაიზრდება - ამ პროგნოზს აკეთებენ როგორც მედიკოსთა პროფკავშირების წევრები, ისე თავად ექთნები - ზოგი ღიად, უმრავლესობა კი ანონიმურად.

ჯერჯერობით, ეს, დაფარული პროტესტია,რომელიც საავადმყოფოების შიგნით დუღს, თუმცა ექთან ნონა ზარდანაშვილს, რომელმაც პირველმა ამოიღო ხმა და ღიად დაიწყო პრობლემებზე საუბარი, ყოველდღე, თავის გასაჭირზე უამრავი კოლეგა სწერს.

„ახლა თერაპიულ კოვიდ პაციენტებთან ვარ, 24 საათიანი 35 პაციენტი, 3 ექთანი, გვევალება ყველაფერი.. არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი... უფლის იმედი თუ მექნება, რომ გადავრჩები.. შეუძლებელია ამდენი მანიპულაციის ამდენ პაციენტში... კომბინიზონში, რომელშიც სულ სველდები“...

„2 შვილი მყავს და ჩემს შვილებს შორიდან ვესალმები.. 10 წლისას ვეუბნები, დიდი გოგო ხარ და უნდა გამიგო-მეთქი და რის გამო? იმის გამო, რომ წამლებსაც არ ეყოფა ის ხელფასი, რასაც გვიხდიან“...

ექთნების "კლარა ცეტკინი"

უმრავლესობას სამსახურის დაკარგვის ან კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის ეშინია.

„მანამდე ისედაც გაუმართავი სისტემა, პანდემიის დროს ბოლომდე ჩამოიშალა“, - გვეუბნება ნონა ზანდარაშვილი, რომელიც ასევე არის „სოლიდარობის ქსელის" მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე და რომელსაც, სამედიცინო წრეებში, მისი აქტიურობის გამო, მეტსახელად, კლარა ცეტკინი შეარქვეს.

მისი აზრით, პრობლემა გაჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ყველა საავადმყოფო კერძო საკუთრებაში გადავიდა და საყოველთაო დაზღვევა ამუშავდა. ეს, თითქოს, ბევრისთვის გამოსავალი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ კლინიკებმა ამ დაზღვევით მოსარგებლე პაციენტებს შეხედეს არა როგორც პაციენტებს, არამედ როგორც შემოსავლის წყაროს.

პერსონალს კი დაავალეს, რომ პაციენტზე „ეკონომია უნდა გაეწიათ“. ეს ნიშნავს, რომ ერთჯერადი სახარჯი მასალაც კი ზოგჯერ მრავალჯერადად უნდა გამოეყენებინათ.

ასევე ნახეთ ექთნების შრომა - სოლიდარობის ქსელმა ამ სფეროში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

ნონა ზანდარაშვილი გვიყვება, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე, კლინიკები ცდილობდნენ, პაციენტი როგორმე უფრო დიდხანს ჰყოლოდათ დასაბან-გამოსაცვლელი, ვიდრე ეს სტანდარტით არის დადგენილი - ამის ერთ-ერთი მიზეზი, მაშინაც რესურსის არარსებობა იყო. თუმცა, რაც ნაკლები იქნებოდა კლინიკაში პერსონალი, მით ნაკლების გადახდა მოუწევდათ მათთვის და მით მეტი შემოსავალი ექნებოდა ადმინისტრაციას.

ნონა ამბობს, რომ დღემდე ეს კლინიკების უმრავლესობის მუშაობის სქემაა.

რეანიმაციულ გამყოფილებაში, პანდემიის დაწყებამდე, 25 პაციენტზე 4 ექთანი და 1 დამხმარე იყო გამოყოფილი.

ამ დროს, როგორც ნონა მოგვითხრობს, ექთნის დამხმარეს, სულ ცოტა, ევალება:

  • პაციენტების დაბანა;
  • აღებული ანალიზების წაღება ლაბორატორიაში;
  • რამდენჯერმე გლუკოზის გასინჯვა;
  • ზონდით კვება.

აბების შემთხვევაში მათი დაფხვნა და ისე მიცემა, რაც, როგორც ნონა ამბობს, ამდენი პაციენტის შემთხვევაში უბრალოდ შეუსრულებელი მისიაა.

და ეს საერთოდ წარმოუდგენელი ხდება, როცა პაციენტთა რიცხვი, კოვიდის დროს, გაორმაგებული და გასამმაგებულია. შესაბამისად - ეს არ სრულდება.

„გეუბნებიან, რომ, მაგალითად, ლაბორატორიული კვლევები არ აკეთო. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი. „ემერტე“ ან მსგავსი კვლევა, ვინმე თუ შეაშინებს და დარეკავს, თორემ, მითითება არსებობს, რომ არ უნდა გაკეთდეს... ეს ხდებოდა კოვიდამდე. მოვიდა კოვიდი და რა მოხდა? ეს 300-ლარიანი ექთანი, რომელიც მუშობდა 3 სამსახურში, რომ რამე ხელფასი მოაგროვებინა, დაინფიცირდა. რამდენი კლინიკა დარჩა მის გარეშე? ბევრი. და მთავარი - თუ კოვიდით დაინფიცირებული ექთანი არ არის მძიმე, მათ მაინც ამუშავებენ“, - მოგვითხრობს ნონა.

ხელფასს, რომელიც ისედაც დაბალია, ექთნები სამი-ოთხი თვის დაგვიანებით იღებენ.

მაგალითად, "კოვიდის ხელფასის" აღება (ვთქვათ, ოქტომბერ-ნოემბერში ნამუშევარი) მათ მოუწევთ სადღაც გაზაფხულზე. ეს ხელფასი მედპერსონალს ჩაერიცხება მას შემდეგ, რაც მთელ დოკუმენტაციას ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ და ბეჭედს დაასვამენ.

დაბალი ხელფასი, ცხადია, რომ დემოტივატორია - ექთნობა აღარავის უნდა. შესაბამისად, აღარ რესურსი არსებობს.

„ექთნების ძირითადი ნაწილი დღეს არის ჩემი ასაკის (50 წლის) და ოდნავ პატარა, დანარჩენი ექთნები ჩვენ უბრალოდ არ გვყავს. და ეს რესურსი ივსება სტუდენტური რეზერვით“.

და როგორც ნონა ზანდარაშვილი შენიშნავს, ცხადია, ეს ყველაფერი აისახება ხარისხზე.

ერთ-ერთი ექთანი ნონას სწერდა, პაციენტების დანიშნულებების გარჩევას ვერ ავუდივართ და რა მკურნალობაზეა ლაპარაკიო.

„ჩათვალეთ, რომ როგორი კარგი ექიმიც არ უნდა გყავდეს, თუ ექთანი არ გყავს, ის პაციენტი განწურულია, რადგან საუკეთესო დანიშნულებაც კი შეიძლება დარჩეს ქაღალდზე, თუ მე, ექთანმა ის არ შევასრულე“.

მხოლოდ ამ აგვისტოში, გვიყვება ნონა, საქართველოდან 21 ექთანი წავიდა გერმანიაში სამუშაოდ.

ნონა ზანდარაშვილი პირველი ექთანია, ვინც ღიად ლაპარაკობს იმაზეც, რომ უფროს ექიმებს, განსაკუთრებით, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მუშაობა უღირთ - მათ ხელფასიც მეტი აქვთ და ზოგადად, შემოსავალიც.

„მაგალითად, რეანიმატოლოგი რომ მოიწვიო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, 15 000 ლარი უნდა გადაუხადო. არავინ მოვა დაბალ ხელფასზე - მოჭრილი ხელფასის მიღმა, დანარჩენი უნდა გამოიმუშაოს და ეს კი ნიშნავს, რომ პერსონალს ნაკლები უნდა მისცეს. მათ შორის, იმ ექთანს, რომლის დიდი წვლილიც არის პაციენტის გამოჯანმრთელებაშიც და მის გარდაცვალებაშიც - ის აფასებს მის მდგომარეობას და ინფორმაციას აწვდის ექიმს“.

გუშინ, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან მისწერეს ექთნებმა ნონას, კოვიდპაციენტებთან მუშაობას გვაიძულებენ, ამაში საათში 3 ლარს გვიხდიან, უარის თქმის შემთხვევაშიკი გაყრით გვემუქრებიანო.

ასევე ნახეთ ექთნების უმრავლესობა ემსახურება 11 და მეტ პაციენტს

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირ სოლიდარობის ქსელის წევრი რევაზ კარანაძე, რომელსაც რადიო თავისუფლების ეთერში აქამდეც არაერთხელ უსაუბრია ექთნების გაუსაძლის სამუშაო პირობებზე, დღესაც ამბობს, რომ ჯანდაცვა, საქართველოში, ჩვეულებრივი მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესია, რომლის მფლობელები თუ ხელმძღვანელები თავად ხდებიან ლობისტები ან პარლამენტის წევრები -ამ სქემაში კი პირველადი რგოლის, ექთნების უფლებები მუდმივად დაუცველი რჩება. კერძო სექტორი მხოლოდ თავის წესებს ემორჩილება:

„მაგალითად, „ევექსი“ ფლობს ჰოსპიტალური სექტორის 45 %-ს საქართველოს ბაზარზე და ცხადია, თავად აწესებს ყველანაირი წესს. ხელფასსაც და სხვა რამესაც. ცხადია, აქ არავის ფიქრობს ექთნების წახალისებაზე“.

რევაზ კარანაძე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა ერთ-ერთ ქობულეთელ ექთანს, რომელმაც ასობით ბავშვი აცრა წითელაზე, პრემიის ნაცვლად მედალი გადასცეს. მისი ხელფასი კი 144 ლარი იყო.

„ჩვენ წითელ დროშას იმიტომ ვაფრიალებთ, რომ სახელმწიფომ მიაქციოს ამ საკითხს მნიშვნელობა, თორემ კატასტროფამდე მივალთ. ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარების პროცესში ექთნების რგოლი იყო და არის ამოვარდნილი - ამ ხალხს არავინ არაფრად აგდებს. ძალიან ხშირად, როცა მათ მოსდით შეცდომები, ამის მიზეზი სწორედ სამუშაო დატვირთვაა. 30 პაციენტი როცა გყავს, შეუძლებელია შეცდომა არ მოგივიდეს“.

რევაზ კარანაძე გვეუბნება, რომ ვერც ხელახლა შექმნილი შრომის ინსპექცია გამოდგა ეფექტიანი - ის ან ვერ ან არ ასრულებს მის ვალდებულებას. და თითქოს არც პოლიტიკური ნება ჩანს, რომ ვითარება ამ ადამიანების სასარგებლოდ შეიცვალოს.

„ეს არის დაუდევარი ჯანდაცვის პოლიტიკის და ფეხქვეშ გათელილი შრომის პოლიტიკის ბრალი“, - ამბობს რევაზ კარანაძე.

„მალე რეგიონში მედპერსონალი აღარ გვეყოლება“

10 დეკემბერს საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა, მის ორგანიზაციაში გაერთიანებული 5000-ზე მეტი მედიცინის მუშაკის სახელით კატეგორიულად მოითხოვა:

  • გაიზარდოს მუნიციპალიტეტებში მომუშავე (განსაკუთრებით კოვიდპაციენტებთან) მედპერსონალის ხელფასი და ეს აისახოს მომავალი წლის ბიუჯეტში.
  • გათანაბრდეს თბილისსა და მუნიციპალიტეტებში მომუშავე მედპერსონალის ხელფასი და წერტილი დაესვას დისკრიმინაციულს მიდგომას.
  • კორონავირუსი ვაღიაროთ როგორც პროფესიული დაავადება და ვინც ამ დაავადებით დასნებოვნდა მოვალეობის შესრულების დროს, მათაც ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლითაც კანონიერად სარგებლობენ ისეთი პროფესიის ადამიანები, ვისაც მძიმე, მავნე და საშიში პირობებში უწევთ მუშაობა.
  • და ბოლოს, მიეცეს ამ სფეროში ყველა დასაქმებულს შრომის ღირსეული პირობები.

ირაკლი ამირანაშვილიც, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ თუ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება, ძალიან მალე, განსაკუთრებით რეგიონებში, მედპერსონალის დეფიციტი გაჩნდება და ადამიანებს, უბრალოდ, სამედიცინო რჩევასაც კი ვეღარავინ მისცემს.

მისივე თქმით, 2020 წლის 29 ოქტომბერს, მართალია, სახელმწიფომ დააანონსა, რომ #652 დადგენილების შედეგად, კოვიდპაცენტებთან მომუშავე მედპერსონალს ხელფასი გაიზრდებოდა, მაგრამ ეს ცვლილება მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედპერსონალს არ შეხებია -მათი ხელფასი მიზერულ ხელფასად რჩება და ის 150 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს.

პანდემია - ლაკმუსი ექთნების და სანიტრების ყოფის გამოსააშკარავებლად

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე რადიო თავისუფლებას უზიარებს თავის დაკვირვებას და გვეუბნება, რომ ექთნების და სანიტრების დატვირთვა და რთული სამუშაო პანდემიის დროს, შესაძლოა, გასამმაგდა კიდეც.

ექთნების და მათი დამხმარეების აბსოლუტური უმრავლესობა პრობლემებზე სასაუბროდ უსაფრთხო კომუნიკაციას ითხოვს - არა სატელეფონო საუბარს, არამედ რომელიმე დაცული ქსელით კონტაქტს - მხოლოდ ასე თანხმდენიან ღიად მოყვნენ ის, რაც რეალურად ხდება.

ლინა ღვინიანიძე ფიქრობს, რომ ეს მიანიშნებს შიშსა და იმ ინფორმაციის კონტროლზე, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს ჯანდაცვის სისტემაში არსებობს.

ვინც საუბარს მაინც ახერხებს, მედპერსონალის ის ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც მათ სამუშაო გრაფიკთან, ისე მათ მძიმე ემოციურ სტრესთანაც, რომელშიც მათ უწევთ მუშაობის გაგრძელება.

თუ პანდემიამდე ერთ ექთანს უწევდა - 10-15 პაციენტის მოვლა, ეს რიცხვი ახლა გაორმაგებულია.

გახანგრძლივდა სამუშაო ცვლები - ზოგი 16 საათს მუშაობს, ზოგს კი 24 საათის განმავლობში უწყვეტად უწევს მუშაობა.

ხელფასი - ექთნების შემთხვევაში არ აღემატება 500 ლარს თბილისში, რეგიონებში მათ ამის ნახევარს უხდიან.

აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა - ამ ექთნების (და დამხმარეების) უმრავლესობა როგორც წესი, ორ ადგილას მუშაობდა. რადგან მათი სამუშაო დრო გაიზარდა, მათ დაკარგეს მეორე სამსახური და შესაბამისად, მეორე ხელფასიც.

„არავის უფიქრია პანდემიის დროს ამ ადამიანების მდგომარეობის ოდნავ მაინც გაუმჯობესებაზე“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ცალკე პრობლემაა ის, რომ აუტანელი სამუშაო პირობების გამო გამოცდილი ექთნები უბრალოდ ტოვებენ სამსახურს და მიდიან, მაგალითად, მომვლელებად უცხოეთში. ხოლო ვინც რჩება, ის რჩება დაინფიცირების ძალიან მაღალი საფრთხის წინაშე. ეს საფრთხე რომ მაღალია, ამაზე მეტყველებს რიცხვებიც - რამდენიმე კვირის წინანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 4000 მედპერსონალი იყო ავად კოვიდ 19-თ.

„სამედიცინო პერსონალმა იცის, რომ ისინი პანდემიასთან ბრძოლას უნდა გაუმკლავდნენ და ისინი ამ ომში სავალდებულო წესით არიან ჩართულები, მაგრამ არ ავიწყდებათ და ვერ ხუჭავენ თვალს გაძლების და შეუძლებლობის პრობლემებზე, რომლებიც მათ აქვთ... ხოლო როცა ვეკითხებით, გაუმჯობესდა თუ არა რამე მაინც მათთვის ამ პანდემიის დროს, ეღიმებათ და ამბობენ, რომ პირიქით“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ასევე ნახეთ დაბალანაზღაურებადი ექთნები კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანმრთელობას რისკავენ

მისი აზრით, ის, რაც ხდება დღეს, არის პანდემიამდელი ვითარების გაგრძელება და შედეგიც. ეს ხალხი, ვის მხრებზეც გადადის დღეს ვირუსთან ბრძოლა, ვერც მთავრობის ანბტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა, რომ თუნდაც მცირე შეღავათებოთ ესარგებლათ.

ისინი ხელისუფლებამ მოიაზრა სამუშაო ძალად, ვისი შრომის დაფასებაც მხოლოდ მადლობის გადახდით შემოიფარგლა.

EMC-მ შრომის ინსპექციისგან გამოითხოვა, თუ რამდენი ინსპექტირება აქვს ჩატარებული კონკრეტულად სამედიცინო სექტორში, თუმცა პასუხი კითხვაზე ჯერ არ მიუღია.

თუმცა, თუ შეიხედავთ პლატფორმაზე shroma.ge. სადაც დაწესებულებების ინსპექტირების და დარღვევების შესახებ ცნობები გროვდება, იქ ამ ინფორმაციას ვერ იპოვით.