ქრთამის შეთავაზების, მუქარისა და იძულების საქმეზე დაკავებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატები, დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება საქმეს „პროპაგანდისტული მიზნებით“, „პოლიტიკური სარჩულით“ აწარმოებს და დაკავებულების სამაგალითო დასჯის დემონსტრირებას ახდენს. მათი სიტყვებით, გარდა სახელისუფლებო მედიის აქტიურობისა, რომელიც ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაკავებულების მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას, პროპაგანდისტულ მანქანაში ჩაერთო სასამართლოც.
ამის საილუსტრაციოდ, ადვოკატებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოჰყავთ, რომლის სათაურის თანახმადაც, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დაკავებულები არიან არა ქრთამის შეთავაზების, მუქარისა და იძულების საქმეზე, არამედ, მათი მეგობრის, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე. უფრო ზუსტად კი სასამართლოს საიტის ახალი ამბების ველში ვკითხულობთ ინფორმაციას ასეთი სათაურით: „ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ“.
დაკავებულების ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ე.წ. შეცდომაში შემყვანი სათაური და შემდეგ უკვე ტექსტი, ემსახურება ხელისუფლებისა და ბრალდების ერთადერთ მიზანს, რომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დაუკავშირონ მათი მეგობრის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეს. მისივე თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ სასამართლოს უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია და დაწერილი გადაწყვეტილება აქვს ამ საქმეზე და პროკურატურის ვერსიას, როგორც დადგენილ ფაქტს ისე იღებს და სთავაზობს საზოგადოებას:
„მათი მიზანია, რომ საზოგადოებაში აგორდეს აგრესიის ტალღა, გაჩნდეს ნეგატიური დამოკიდებულება დაკავებულების მიმართ. სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური მაგალითია. სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მტკიცებულება და ჰიპოთეზა, წარმოჩენილია, როგორც დადგენილი გარემოება. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, ბრალდების მხარის პოზიცია და ვფიქრობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ქცევა, გაასაღოს პროკურატურის ბრალის დადგენილება და იქ მოყვანილი სცენარი, ნამდვილ, დადგენილ ფაქტად, არის არა მხოლოდ ამორალური ქმედება და პირდაპირი მხარდაჭერა პროპაგანდისტული მიზნებისა, არამედ წინასწარი გამოხატვა სასამართლოს პოზიციისა კონკრეტულ საქმეზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობას, ასევე, სამოსამართლეო ქცევის პრინციპებსა და ეთიკის ნორმებს. ჩვენ გვესმის, რომ სასამართლოსა და კონკრეტულ მოსამართლეებზე, სახელმწიფოს მხრიდან დიდი წნეხი არის და იქნება, თუმცა, ამგვარი ღია აფიშირება მათი პოზიციისა არის მცდელობა საზოგადოების აზრის მანიპულირებისა“.
რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მათ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსისა და მისი სათაურის შესახებ, თუმცა, სასამართლოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, მუქარის, ქრთამის შეთავაზებისა და იძულების მუხლებით აქვთ წარდგენილი. ბრალდების თანახმად, 6 ნოემბერს, დაკავებულებმა, მეგობარს, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, თედორე გობეჯიშვილს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
მომდევნო დღეს, 7 ნოემბერს, დილის საათებში, თედორე გობეჯიშვილი ოჯახის წევრებმა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, თუმცა, ეს მუხლი მალევე გადაკვალიფიცირდა.
ასევე ნახეთ საოლქო კომისიის თავმჯდომარის სიკვდილი - მეგობრების მუქარა თუ შეკერილი საქმე?შოთა თუთბერიძე, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების თანახმად, აცხადებს, რომ გარდაცვალებასა და დაკავებულების მიერ ჰიპოთეტურადაც კი ჩადენილ ქმედებას შორის არანაირი ბმა არ არსებობს და ეს ბმა ვერც გამომძიებლებმა და ექსპერტებმა დაინახეს:
„მაგალითად, საქმეში დევს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის რეზოლუცია, სადაც თანამშრომელი წერს, რომ ესაუბრა ექიმებს, საქმეში საეჭვო არაფერია და ის გარდაცვლილია გულის პრობლემის გამო. ამ ადამიანებს ბრალად არ ედებათ არც თვითმკვლელობამდე მიყვანა და მით უმეტეს, არც მკვლელობა. მათ ბრალად ედებათ ქრთამის შეთავაზება, მუქარა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბრალდებები არ აღმოჩნდა საკმარისად დრამატული პროკურატურისთვის, რადგან ეს ე.წ. რიგითი დანაშაულებია და იმისათვის, რომ ამ საქმეს ჰქონდეს უფრო დრამატული ელფერი, რომ ოპოზიციური პარტიების ხელშეწყობით მძიმე დანაშაულები ხდება, პროკურატურას სჭირდებოდა დაკავებულებისა და გარდაცვლილის ერთმანეთთან დაკავშირება“.
ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს ჩართულობას სახელისუფლებო პროპაგანდაში, როდესაც სასამართლო გამოიყენება არა მხოლოდ იარაღად უდანაშაულო პირთათვის თავისუფლების აღკვეთის მიზნით, არამედ სასამართლო პირდაპირაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში:
„სასამართლო პირდაპირ იმეორებს სამთავრობო პროპაგანდისტული არხების მესიჯებს და ცდილობს მათ გამყარებას. მინდა მივმართო სასამართლოს, არ გაბედონ და ხელი არ შეაწმინდონ სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, რომ პიარის თანამშრომელს რაღაც შეეშალა. არა, ეს არის წინასწარ დადგმული, წინასწარ გათვლილი ნაბიჯები, იმისათვის, რომ ზუსტად ამ სათაურით იტრიალოს ინფორმაციამ სახელისუფლებო მედიაში, რომ ამ ორი ადამიანის დაკავება თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება. მივმართავ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსს, ეს საქმე ერთ-ერთი მათგანის წარმოებაში აღმოჩნდება, ნუ გაჰყვებიან ამ სამარცხვინო ხაზს. ყველამ კარგად იცის, მათ შორის, სასამართლოს სისტემაშიც, რომ ეს საქმე არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს არა თუ იმისთვის, რომ ადამიანები პატიმრობაში იმყოფებოდნენ, არამედ იმისათვის, რომ ამ ადამიანების მიმართ დევნა წარმოებდეს“.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადვოკატები თვლიან, რომ აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტები არიან, მათი თქმით, ეს არის სააპელაციო სასამართლოს 13 ნოემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საჩივარი. აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატები ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.
გარდა ამისა, ადვოკატების მტკიცებით, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დაკავებულები არიან, მხოლოდ და მხოლოდ, ირიბი ჩვენებების საფუძველზე, რაც მათი თქმით, კიდევ უფრო აბსურდულს ხდის მიმდინარე საქმეს.
როგორც ბექა ბასილაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, კანონის მოთხოვნაა, რომ ირიბი ჩვენების მიმცემმა დაასახელოს წყარო, რათა წყაროსთან იქნას გადამოწმებული ეს ჩვენება. თუმცა, ირიბი მოწმეების ჩვენებების წყაროსთან გადამოწმების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში, არ არსებობს, რადგან თედორე გობეჯიშვილი გარდაცვლილია:
„არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქრთამის საქმეზე ადამიანი ისე დაეკავებინათ, რომ ქრთამი ვისაც შესთავაზეს, მისი ჩვენება არ ყოფილიყო საქმეში. ასევე არ არსებობს პრეცედენტი, რომ ადამიანი ისე დაეკავებინათ მუქარის საქმეზე, რომ ვის მიმართაც მუქარა განხორციელდა, მისი ჩვენება არ ყოფილიყო საქმეში. არ არსებობს საქმე, რომ ადამიანი დაეკავებინათ იძულებაზე ისე, რომ ვის წინააღმდეგაც იძულება ხორციელდებოდა, იმ ადამიანის ჩვენება არ ყოფილიყო საქმეში. ასეთ საქმეზე არა თუ დაკავება, ბრალის წარდგენაც კი არ ხდება ხოლმე“.
როგორც თავად დაკავებულები, ისე მათი ადვოკატები, დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე იმ მამხილებელი ინფორმაციის გავრცელების გამო დააკავა, რომლის შესახებაც მათ 6 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრეს. აკაკი ხუსკივაძემ, ცესკო-ს სწავლების ყოფილმა სპეციალისტმა და აკაკი კობალაძემ, პოლიტოლოგმა და 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, სატელევიზიო ეთერში იმ ხარვეზებსა და დარღვევებზე ილაპარაკეს, რომლებიც მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირდა.
აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდა. 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე.
ადვოკატები ამბობენ, რომ კობალაძე-ხუსკივაძის საქმის შესწავლის თხოვნით, უახლოეს პერიოდში მიმართავენ სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.