დაშვებული შეცდომების მიზეზებმა, მათი გამოსწორების პრაქტიკამ, უბნებზე პროცესის ორგანიზატორთა გადაღლილობამ, დაძაბულმა სამუშაო გარემომ და სხვა ფაქტორებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში, ერთი მხრივ, უბნებსა და ოლქებში მომუშავე ჯგუფების კვალიფიკაციის საკითხი, მეორე მხრივ კი, წარმოაჩინა არჩევნების სისტემისა და ორგანიზების ხარისხის პრობლემები.
იმის დასტურად, რომ 2020 წლის არჩევნები არაფრით გამოირჩეოდა, მათ შორის, არც დარღვევების მასშტაბით, ცესკომ გამოაქვეყნა შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსისა და ბიულეტენების ნაკლებობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები. 10 ჩატარებულ არჩევნებზე ოქმებს შორის დისბალანსი და 2020 წლის მონაცემების ანალიზი არ იძლევა განგაშის საფუძველს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ არგუმენტს ფეისბუკში აქტიურ რეკლამირებას უწევს ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი და სახელისუფლებო პარტია - „ქართული ოცნება”; ვიდეო ცესკოს მიმართ არსებული უკმაყოფილებების აბსურდულობის შესახებ გაზიარებული აქვს თითქმის ყველა დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“.
სამოქალაქო სექტორში ამგვარ ფაქტებზე ამბობენ ხოლმე, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი წაშლილია.
- ამტკიცებს თუ არა ცესკოს სტატისტიკა იმას, რომ არჩევნები საქართველოში 2020 წელსაც დაახლოებით იმავე სტანდარტით და ისეთივე დარღვევებით ჩატარდა, როგორც წინა წლებში?
- რომ არა თითქმის პროპორციული არჩევნები, იქნებოდა თუ არა პრობლემური ოქმების საკითხი ასე ფართოდ განხილვის საგანი?
- რას ხმარდება ცესკოსთვის გამოყოფილი მსხვილი ბიუჯეტი, თუკი პრობლემები რჩება, ადმინისტრირების ხარვეზები კი არ სწორდება?
- ვის აძლევს ხელს მანკიერი სისტემა - რატომ ვერ გაუმჯობესდა სისტემა?
„[ეს არჩევნები] ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ადმინისტრირების მხრივ 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ სხვა ან, თუნდაც, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. პრობლემები მეტი იყო, საჩივრები მეტი დავწერეთ, მისიაში მყოფი ადამიანების მიმართ ხელის შეშლის ფაქტები იყო მეტი და უფრო თვალსაჩინო გახდა ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია”, - ამბობს ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“.
ეს ორგანიზაცია, წლებია, აკვირდება არჩევნებს საქართველოში. ორგანიზაციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „უკან გადადგმულ ნაბიჯად” შეაფასა, საოლქო და საარჩევნო კომისიებში 100-ზე მეტი საჩივარი შეიტანა და 42 საარჩევნო უბანზე ხმების გაბათილებას და ხელახლა გადათვლას ითხოვდა. იმის გამო, რომ 40 საჩივარი არ დაუკმაყოფილდათ და 19 განუხილველი დარჩა, ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა. შედეგად, ხმების ხელახლა გადათვლისთვის გაიხსნა მხოლოდ სამი უბანი.
- საბურთალოს 03.03.52 უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა:
- „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მიღებული ხმების გრაფაში ეწერა ციფრი სამი, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 33 ბიულეტენი;
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” გრაფაში ეწერა 2, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 42 ბიულეტენი;
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გრაფაში ეწერა 1, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 21 ბიულეტენი.
- დიდუბის 06.07.25 უბანზე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ურნაში 19-ით ნაკლები ბიულეტენი იყო, ისინი დაკარგულად ჩაითვალა და საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დააკორექტირა.
- ბათუმის 29.79.19 უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმში ამომჩეველთა რაოდენობა 1334-ით აჭარბებდა სარეგისტრაციო ჟურნალებში ამომჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საოლქო კომისიამ გადათვლის შედეგად ახალი ოქმი შეადგინა.
„ვნახეთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ამ [გასაჩივრების] პროცესში პრობლემურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ: დაიწყეს ჩასწორებები, შესწორების ოქმების შედგენები, იბარებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს და იქვე ასწორებდნენ სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით და ახსნა-განმარტების მეშვეობით ასწორებდნენ დისბალანსს. ჩასწორება ხდებოდა გადაუთვლელად - არ ხსნიდნენ უბნიდან მოსულ მასალას, რომ ენახათ, რა პრობლემა იყო. მეორე პრობლემა იყო საჩივრების განუხილველად დატოვება და აქაც არ იყო ერთგვაროვანი მიდგომა - რას განიხილავდნენ და რას არა”, - გვიყვება ლევან ნატროშვილი. რადგან იმ უბნებში, სადაც საარჩევნო კომისია გადათვლას დათანხმდა, პრობლემები ძალიან ნათლად გამოჩნდა, ლევან ნატროშვილი ვარაუდობს, რომ გადათვლის შემთხვევაში იგივე სურათი იქნებოდა სხვა უბნებზეც.
ასევე ნახეთ არჩევნების მეორე ტური - მარტო სახლშიცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ არჩევნებში არც შედეგების გამოქვეყნება დაგვიანებულა წინა არჩევნებთან შედარებით, არც მეორე ტური დაუნიშნავთ განსაკუთრებით ადრე ან გვიან, საჩივრებიც იმდენივე იყო და იმავე სტანდარტით განიხილეს, როგორც წინა წლებში.
„ბოლო 5 წელიწადში ცესკოს 7 საერთაშორისო ჯილდო აქვს, მათ შორის, პროცესების დიჯიტალიზაციისთვის. რატომ კეთდება ეს სტატისტიკები: ობიექტურმა მკვლევრებმა, როცა მორჩება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია, დაიდონ წინ ეს ციფრები და ყველამ ერთად შევაფასოთ, არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც ამ ქვეყნის არჩევნების ისტორიიდან განასხვავებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
გიორგი შარაბიძეს იმედი აქვს, რომ 2020 წლის არჩევნების შესწავლა დიდხანს გაგრძელდება და მომავალი აჩვენებს, რატომ დაგროვდა ამ არჩევნებზე ბევრი კითხვა ცესკოს გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით, როგორი იყო სოციალური მედიის როლი ამ არჩევნების შედეგებზე, როგორი გავლენა იქონია მედიამ არჩევნების წინასწარ შედეგებზე.
„ძალიან მარტივად შეუძლიათ ობიექტურ მკვლევრებს, ვინც ამას შეისწავლის, ნახონ საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა წინასაარჩევნო პერიოდში. როგორც ჩანს, რომელიღაცა მხარემ საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა, რომელიც 50 %-ს სცდებოდა, ჩათვალა, რომ იყო გამოწვევა და შესაბამისად იმოქმედა”, - ამბობს გიორგი შარაბიძე, მაშინ როცა პოლიტიკურ კრიზისში შესულ ქვეყანაში ოპოზიციის მხარდამჭერების საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შეცვლა და საარჩევნო რეფორმის გატარებაა, რომელიც მომდევნო არჩევნებში ისეთ მანკიერ პრაქტიკებს, როგორიც ამ და წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე იყო, გამორიცხავს.
„სტატისტიკა არ არის პასუხი, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა ხდება ამ ციფრების მიღმა”, - გვეუბნება ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, და იხსენებს, რომ ის პრობლემები, რომლებმაც ასე კომპლექსურად იჩინა თავი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, წლების განმავლობაში ღრმავდებოდა და მიზანმიმართულად იქმნებოდა სისტემა, რომელიც თავს ვალდებულად არ თვლიდა ყოფილიყო მკაფიო და გამჭვირვალე და არ დაეტოვებინა სივრცე სპეკულაციებისთვის.
მაგალითად, 2014 წელს, როცა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თვალში მოხვდათ ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობა, მათ ზუსტად ისე, როგორც წელს, უარი მიიღეს ყუთების გახსნასა და ხმების გადათვლაზე. შესაბამისად, მაშინ ვერ გაეცა პასუხი კითხვას, რამ გამოიწვია ბათილი ბიულეტენების სიჭარბე - შეცდომამ თუ დანაშაულმა.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკვირდებოდით, როგორ უარესდებოდა მიდგომა. ჩვენ რომ ვამბობდით, შესწორებები ასე არ უნდა ხდებოდეს, კანონში შეიტანეს ცვლილება იმის შესახებ, რომ შესწორების ოქმები მეორე დღესაც შეიძლება შედგეს და ვნახეთ კიდეც, მომდევნო დღეებში როგორ ასწორებდნენ შეცდომებს”, - ამბობს ელენე ნიჟარაძე, რომლის შეფასებითაც, სამართლებრივი გზები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე სამუშაოდ სწორედ ამ ხისტი მიდგომის გამო ამოწურულია და პროცესებს ახლა პოლიტიკური განზომილება აქვს.
პროცესები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარშემო ვითარდება, გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებს და ცესკოს, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციის, რეპუტაციას ვნებს. საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებში მოქალაქეების აქტიურობა ისედაც არ არის მაღალი და თუკი იქნება განცდა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გზით ქვეყანაში ცვლილებები არ ხდება, ეს ისედაც მყიფე დემოკრატიის სასარგებლო პროცესებს არ მოიტანს.
დარღვევები, რომელიც სიმპტომატურია ამ სისტემისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განსაკუთრებული სიმწვავით იმის გამოც დადგა, რომ თითქმის პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ და 1%-იანმა ბარიერმა თითოეული ამომრჩევლის ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახადა პოლიტიკური სუბიექტებისთვის და დარღვევები, რომლებიც წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში ასეთ შედეგს ვერ ახდენდა საბოლოო სურათზე, ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა.
„მთავარ კითხვებზე, რომლებიც არსებობდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით და რაც დღეს ოპოზიციური პარტიების პროტესტის საფუძველია და იმ პოზიციის არგუმენტი, რომ ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, პასუხი უნდა გაეცა გადათვლის პროცესს. ცესკოს ეს საჩივრების გარეშეც შეეძლო გაეკეთებინა”, - ამბობს ლევან ნატროშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ცესკო ამ პროცესში ისეთივე მიკერძოებულია, როგორც სასამართლო, და ორივე სისტემა ხელისუფლების ზეგავლენით მოქმედებს.
ასევე ნახეთ "კარუსელები", მოსყიდვა, კოორდინატორები - IRI-ის შუალედური დასკვნა არჩევნების დღეზერა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის
ცესკო თავის მართლებისას 2020 წლის არჩევნებს წინა, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ არჩევნებს ადარებს - სამოქალაქო სექტორი კი ლაპარაკობს გამოუყენებელ შესაძლებლობაზე, მომხდარიყო საარჩევნო სისტემის რეფორმა. ბოლოს ასეთი შესაძლებლობა იყო საარჩევნო წესის ცვლილებისას, როცა ქვეყანა თითქმის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა, თუმცა, მაგალითად, კომისიების წევრების დაკომპლექტების პრობლემური წესი, რაც მმართველ პარტიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, უცვლელი დარჩა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, წლებია, დღის წესრიგში აყენებენ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების საკითხს - ამ დრომდე უშედეგოდ. რეფორმა უნდა იყოს იმგვარი, რომ გულისხმობდეს:
- საუბნო და საოლქო კომისიების წევრების დაკომპლექტების პრინციპის ცვლილებას;
- ადმინისტრაციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
- ადმინისტრაციული რესურსის ხელისუფლების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობის გამორიცხვას;
- პასიური აგიტაციის ცნების შემოტანას და გარკვეული კატეგორიის პირებისთვის კამპანიური ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობის შეზღუდვას;
- გასაჩივრების პროცედურების მარეგულირებელი ნორმების გამარტივებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ რეფორმა ამგვარი შინაარსით პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ გატარდა, არც ერთმა ხელისუფლებამ არ მოისურვა, ხელიდან გაეშვა კონტროლის ის მექანიზმები, რომელთაც ეს სისტემა აძლევდა.
„საარჩევნო კომისიები უნდა იყვნენ არბიტრები. მსაჯი თუ ერთი გუნდის მხარეს არის, ის თამაში ვერ იქნება სამართლიანი. ჩვენს არჩევნებში სულ ასეა, არბიტრი სულ მიკერძოებულია. ეს უნდა გამოსწორდეს საარჩევნო კომისიების წესის დაკომპლექტების ცვლილებით, რასაც სჭირდება კონსენსუსი ძირითად მოთამაშეებს შორის”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ცესკო ამბობს, რომ ცვლილებების საჭიროებას თავადაც გრძნობენ და მეტიც, ამ ცვლილებების ინიციატორებიც არიან ხოლმე, მაგრამ სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძნობენ.
„დაახლოებით სამი წლის წინ შევადგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ამარტივებდა კენჭისყრის დღეს პროცედურებს და პროცესს ხდიდა უფრო გამჭვირვალეს. მაშინ ყველამ თქვა, რომ ჯერ ასეთი ცვლილებების დრო არ იყო. ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები არ იყო შესაბამისად მხარდაჭერილი და გაგებული არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ჩვენი კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაც კი. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი არ მიუყვება დინებას, ავანგარდშია ამ პროცესების”, - ამბობს გიორგი შარაბიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წლიური ბიუჯეტი მხოლოდ 2020 წელს 72 მილიონ ლარზე მეტი იყო. 530 თანამშრომლის ანაზღაურებაზე 30 მილიონამდე ლარი იხარჯება, 14 მილიონი ლარი საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის დაიხარჯა, კიდევ სხვა 14 მილიონი ლარი - პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსებისთვის და მილიონ ლარზე მეტი - საარჩევნო ინსტიტუციის განვითარებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის ცესკოს 42,7 მლნ ლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი, 8 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება არჩევნების მეორე ტურისთვის.
ცესკოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილია ღირებულებები, რომელთა ერთგულებასაც ინსტიტუცია სავალდებულოდ მიიჩნევს: დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა.