16 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა ვებსაიტი (ambulatoria.moh.gov.ge), რომლითაც მოქალაქეებს საკუთარი პირადი ექიმის საკონტაქტო მონაცემების მოძიება ელექტრონულად შეუძლიათ. ინფორმაცია მედიას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.
"ეს განტვირთავს 112-ს", - თქვა მინისტრმა.
ოჯახის ექიმის მოძიებისთვის მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანაა აუცილებელი. პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოქალაქე ნახულობს ექიმების სახელ-გვარებს, კლინიკის დასახელებას, მისამართსა და ტელეფონის ნომერს.
- თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს.
- თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.
ვებსაიტის შექმნა ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოქალაქეები ოჯახის ექიმთან დასაკავშირებლად 112-ზე რეკავდნენ. ამან 112-ის სისტემა გადატვირთა და მოქალაქეების ნაწილი ვერ ახერხებდა გადაუდებელი საჭიროებისთვის დარეკვას ან რამდენიმე წუთის განმავლობაში მოცდა უწევდათ.
ასევე ნახეთ სასწრაფო ყველა კოვიდინფიცირებულთან აღარ მივა - გადაუდებელი დახმარების ახალი გეგმა დამტკიცდა