ოპოზიციის სხვა ლიდერების მსგავსად, უდუმაშვილიც ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე

საპარლამენტო აქციებში მონაწილე სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რა მოლაპარაკებებზე საუბრობდა მისი პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. ვაშაძემ გუშინ, 11 ნოემბერს თქვა, რომ უცხოელი პარტნიორების ჩართულობით ხელისუფლებასთან დაგეგმილი დიალოგი ჩაიშალა.

"​შესაძლოა, ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან", - თქვა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის მსგავსად, დაგეგმილ და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ინფორმაციას არ ფლობდნენ არც "ევროპულ საქართველოში", არც "ლელოში" და არც "გირჩში".

"გულწრფელად ვამბობ, რომ რა მოლაპარაკები ჩაიშალა, ჩვენ არ ვიცით. არც "ევროპულმა საქართველომ" და არც სხვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას უფრო მეტ განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, უკეთესი იქნება... მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ, ის, რაც ჯერ არ დაწყებულა როგორ ჩაიშალა, ჩემთვის გაუგებარია... ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც გარკვეულ გაუგებრობას იწვევს არამარტო საზოგადოებაში, არამედ ოპოზიცურ პარტიებშიც. ეს გაუგებრობა ნამდვილად არ ეხმარება საერთო საქმეს", - თქვა "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.

ასევე ნახეთ გრიგოლ ვაშაძის თქმით, მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა

ვაშაძემ დიალოგის ჩაშლაზე "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. ის აღნიშნავდა, რომ ყოველდღიურად, არაერთხელ ჰქონდა დიპლომატებთან კომუნიკაცია. თუმცა, მან არ დაასახელა, რომელი საელჩოები და დიპლომატიურ წარმომადგენლობები მონაწილეობდნენ პროცესში.

"დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა. ახლა უნდა გამართულიყო დიალოგი", - თქვა ვაშაძემ.

ინტერვიუში ვაშაძემ ისიც აღნიშნა, რომ რადგან დიალოგი ჩაიშალა და ახლა "თითის გაშვერა" არაფერს შველის: "ყველა დამნაშავეა, აბსოლუტურად".

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.