რეგულაცია წუხელ ამოქმედდა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა მის გასაპროტესტებლად მთელი ღამე პარლამენტის წინ, რუსთაველის მოედანზე გაათენა. ისინი აპირებენ, ჯარიმები, რომელიც გამოუწერეს, სასამართლოში გაასაჩივრონ - პროცესში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები.
აქტივისტების გარდა 10 ნოემბრის ღამეს პოლიცია აჯარიმებდა სხვებსაც, უფრო სწორად ყველას, ვინც ღამით ქუჩაში იყო ან გადაადგილდებოდა. მაგალითად, რადიო თავისუფლებამ გადაიღო უსახლკარო მოწყალების მთხოვნელი, რომელსაც 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს იმის გამო, რომ ღამის 11 საათზე გარეთ იყო და ცდილობდა ტრანსპორტი ეპოვა იმ ადგილამდე მისაღწევად, სადაც ღამეს ათევს. მამუკა დიაკონიძის დაცვას ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს, როგორც მისმა იურისტმა დიმიტრი ნოზაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სოციალურად დაუცველი, უსახლკაროს დაჯარიმება არაკანონიერია და შესაძლოა, ეს საქმე სასამართლოში გაასაჩივრონ.
დაჯარიმებულების დიდ ნაწილს პოლიცია უმარტავდა, რომ ისინი ჯარიმდებოდნენ კარანტინის წესის დარღვევის გამო, ჯარიმის ქვითრებზე კი წერია, რომ მათ კომენდანტის საათის წესები დაარღვიეს.
10 ნოემბრის მოცემულობით, საქართველოში ოფიციალურად კომენდანტის საათი გამოცხადებული არ არის, ვინაიდან მისი გამოცხადება შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტის ინიციატივით, პარლამენტის დასტურის შემდეგ საგანგებო ან საომარი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ 9 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმები - ვის და როგორ აჯარიმებენის შეზღუდვა, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 10 ნოემბრიდან ამოქმედდა, ეფუძნება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში პანდემიის დროს შეტანილ ცვლილებებს, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლებას აძლევს, საკანონმდებლო ორგანოს ჩართვის გარეშე შემოიღოს სხვადასხვაგვარი შეზღუდვები ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო არ გახდეს - თუმცა ამ კანონით მოძრაობის და გადაადგილების უფლების შეზღუდვას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იურისტებიც და მოქალაქეების ნაწილიც და სწორედ ამიტომ, აქციაზე მყოფი ის პირები, ვინც 10 ნოემბრის ღამეს დაჯარიმდნენ, ჯარიმის გადახდის ნაცვლად მის გასაჩივრებას აპირებენ.
განსხვავებულია ინტერპრეტაცია იმისა, რის უფლებას აძლევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ხელისუფლებას - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონი საშუალებას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება, უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ ამ კანონით არც გადაადგილების შეზღუდვის დაწესება არ შეიძლება.
4 არასამთავრობო ორგანიზაცია (GDI, TI, ISFED და HRC) ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას აღიქვამს, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობას, საკუთრივ ამგვარ აკრძალვას კი არ მიიჩნევს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის, ანუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის, ეფექტიან, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად.
ასევე ნახეთ საია: მთავრობისთვის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლების გაგრძელება არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტსკახა კოჟორიძე, იურისტი და პარტია „ლელოს” წევრი, სხვა არაერთი ადამიანის მსგავსად თვლის, რომ მთავრობის მიერ შემოღებული არაარგუმენტირებული რეგულაციები, ჯანდაცვის სახელით, სინამდვილეში, მოქალაქეების პროტესტის შესუსტებას ისახავს მიზნად და ღამის საათებში დემონსტრაციებს ზღუდავს.
„სისულელეა იმის მტკიცება, რომ კორონავირუსის გამო ქუჩაში სიარული საშიში არ არის ღამის 10 საათამდე და 10 საათის მერე უფრო საშიში ხდება. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ვირუსი სულ საშიშია და გადადების საფრთხე იზრდება, როცა ადამიანების კონცენტრაცია მეტია, შესაბამისად, ღამე, როცა უფრო ცოტა ხალხია გარეთ, გავრცელების რისკი ნაკლებია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა კოჟორიძემ. გარდა იმისა, რომ მან 10 ნოემბრის ღამეს რუთაველის გამზირზე მყოფ ათზე მეტ დაჯარიმებულ მოქალაქეს უკვე მოუმზადა სარჩელი სასამართლოსთვის, გეგმავს, არსებული შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივროს. მისი აზრით, ეს სარჩელი მნიშვნელოვანია, არა მარტო ცალკეულ მოქალაქეებს დაეხმარება უფლებების აღდგენაში, არამედ წარმოაჩენს, რამდენად ფრთხილად უნდა ატარებდეს მთავრობა შემზღუდავ ღონისძიებებს და რა იოლია კონსტიტუციის დარღვევა, როცა ასეთ შეზღუდვებს პარლამენტის თანხმობის გარეშე ატარებ.
„ეს კონსტიტუციური უფლებები იმდენად ფუნდამენტურია, იმდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რომ მისი ასე შეღზუდვა მთავრობის დადგენილებით არ უნდა ხდებოდეს. ეს არასწორია. ასეთი მიდგომა საშიშია დემოკრატიისთვის და ამიტომაც არის საგანგებო მდგომარეობის შემოღების წესი ისეთი, რომ პრეზიდენტის დეკრეტი და პარლამენტის თანხმობა სჭირდება, რომ პროცესი უნდა იყოს დემოკრატიული და ვინმემ ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შესაზღუდად”, - ამბობს კახა კოჟორიძე. მისი აზრით, ის, რომ არაკონსტიტუციური შეზღუდვის დარღვევის გამო გამოწერილ ქვითრებს ჯარიმის საფუძვლად კომენდანტის საათი უწერია, ესეც იმას ნიშნავს, ხელისუფლებამ კარგად არ იცის, რა დაარქვას იმ რეგულაციას, რის შესრულებასაც ითხოვს.
აქტივისტების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების” წევრები არ თვლიან, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მაშინ, როცა არც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და არც გაცხადებულად კომენდანტის საათი მოქმედებს, კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გადაადგილების აკრძალვა ადამიანის უფლებების შეზღუდვის „რბილი ფორმაა” და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი ამის უფლებას თავისუფლად იძლევა.
„კონსტიტუციასთან ესა შესაბამისობაშია, კანონთან ეს შესაბამისობაშია. აქედან გამომდინარე, ყველა გამოწერილი ჯარიმა კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობაშია“, - თქვა მან 10 ნოემბერს მედიასთან.
არჩილ თალაკვაძემ კი ჟურნალისტებს ამ თემის კომენტირებისას შეახსენა, რომ „სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს“ და არა „რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან ხმამაღლა ყვირის”. არჩილ თალაკვაძისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ისიც, რომ 10 ნოემბერს გამოწერილ საჯარიმო ქვითრებზე ჯარიმის მიზეზად „კომენდანტის საათის წესების დარღვევა” ეწერა და რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა კომენდანტის საათის შემოღების გარეშე ეს წარწერა საჯარიმო ქვითრებზე, კონკრეტული და მკაფიო პასუხი ვერ გასცა.
გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება გამოწერიდან 10 დღის ვადაშია შესაძლებელი საქალაქო სასამართლოში. გასაჩივრებისას მოქალაქეები სასამართლო ბაჟისგან თავისუფლები არიან, იმ დროის განმავლობაში, სანამ საქმე სასამართლოშია, ჯარიმის გადახდის ვალდებულება არ არსებობს.