Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: მთავრობისთვის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლების გაგრძელება არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, 2021 წლის 1 იანვრამდე შეზღუდოს უფლებები კანონქვემდებარე აქტებით.

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა, საია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 14 ივლისს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში გატარებული ცვლილებები არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტს და შეზღუდვები მხოლოდ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს:

„კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შრომის უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით. როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის მიერ 15 ივლისამდე დაწესებული რეგულაციები საიამ 22 მაისს გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციის შესაბამისად განახორციელოს.

საქართველოს პარლამენტმა 14 ივლისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ექნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები და შეზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებები. "საზოგადობრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონი გამარტივებული სახით, ერთი მოსმენით მიიღეს. დოკუმენტი ძალაში 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნება.

XS
SM
MD
LG