პრეზიდენტობის კანდიდატი როცა იყო, ჯო ბაიდენი ამბობდა, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში კვლავ შეაბრუნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრ ინიციატივას ისეთ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო შეთანხმებებიდან აშშ-ის გასვლა. ასევე მან პირობა დადო, რომ გამოასწორებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რაც ევროპაში სტაბილურობის გარანტია იყო 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სენატორი ბაიდენი მიიჩნევს, რომ აშშ-ს გლობალური საფრთხეების დაძლევა შეუძლია დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ალიანსებში ლიდერობით.
მაგრამ ბაიდენს სერიოზულ საშინაო პრობლემებთან მოუწევს გამკლავება ქვეყანაში, რომელშიც გამწვავებულია დაპირისპირებები - მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის, უმუშევრობის, რასობრივ ნიადაგზე დაძაბულობისა და მზარდი უთანასწორობის გამო. ამიტომ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ გარემოებამ შესაძლოა ბაიდენი აიძულოს, საგარეო-პოლიტიკური ინიციატივები მეორე პლანზე გადაწიოს.
მათი აზრით, ბაიდენს რამდენიმე თვე დასჭირდება მთელი საგარეო პოლიტიკური გუნდისთვის თავის მოყრისა და უფრო კონკრეტული პრიორიტეტების დასახვისთვის.
ნატო და ევროკავშირი
ბაიდენი აპირებს გააძლიეროს ტრანსატლანტიკური კავშირები, რაც, მისი თქმით, ტრამპმა შეასუსტა ევროკავშირის და ნატოს გამუდმებული კრიტიკით, ევროპულ საქონელზე ტარიფების შეცვლით და საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლით.
ტრამპისგან განსხვავებით, რომელმაც 2016 წელს ნატოს „დრომოჭმული“ უწოდა, ბაიდენისთვის ის არის „თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ეფექტიანი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი“ და ის მიიჩნევს, რომ ნატო კვლავაც ძლიერი უნდა იყოს, რათა სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე.
„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ალიანსის ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები, ამავე დროს, უნდა გავაფართოოთ მისი მოქმედების არე, რათა წინ აღვუდგეთ არატრადიციულ საფრთხეებს, როგორიცაა კორუფცია, დეზინფორმაცია და კიბერქურდობა“, დაწერა ბაიდენმა 2020 წელს ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საკუთარი ხედვა წარმოადგინა მთელ რიგ საკითხებში.
რუსეთი, უკრაინა, შეიარაღების კონტროლი
ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ. მან მოსკოვს უწოდა „ოპონენტი“ და აშშ-ის უსაფრთხოების უდიდესი „მუქარა“.
მან მკაცრად გააკრიტიკა კრემლი ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებისა და აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. მან მოსკოვი დაადანაშაულა რუსი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დევნისთვის. ტრამპი იშვიათად აკრიტიკებდა კრემლს.
ასევე ნახეთ შეიცვლება თუ არა აშშ-რუსეთის ურთიერთობა 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ?„ტრამპისგან განსხვავებით, მე დავიცავ ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს და წინ აღვუდგები პუტინის მსგავს ავტოკრატებს“, დაწერა ბაიდენმა აგვისტოში სოციალურ ქსელში.
ის ასევე დაიმუქრა, რომ დასჯის მოსკოვს, თუკი ის ჩაერევა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და უკუაგდო ტრამპის იდეა, რუსეთი დააბრუნონ „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში.
„ჩვენ რუსეთს უნდა ვაზღვევინოთ საერთაშორისო ნორმების დარღვევა და გვერდში დავუდგეთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მამაცურად იბრძვის... პუტინის კლეპტოკრატიული ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგ“, წერდა ის Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ბაიდენი მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას. ეს პროექტი ითვალისწინებს რუსეთის გაზის პირდაპირ გერმანიაში ტრანსპორტირებას ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით. გაზსადენის ოპონენტების თქმით, პროექტი უკრაინას წაართმევს რუსული გაზის დასავლეთისკენ ტრანზიტის საშუალებას და გაზრდის რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულებას.
ბაიდენმა, რომელიც ობამას სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინის საკითხებში, ძლიერი მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინის დამოუკიდებლობას და ევროპაში მის ინტეგრაციას. მან მხარი დაუჭირა კიევისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეიარაღების კონტროლი
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის გააგრძელებს ე.წ. New START-ს, რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელ მოქმედ ხელშეკრულებას. ამავე დროს, ის მხარს უჭერს ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს. New START-ი შეზღუდვებს აწესებს სტრატეგიულ ბირთვულ არსენალზე და მას მომავალი წლის თებერვალში გასდის ვადა, თუმცა ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში კიდევ ხუთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს.
ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა მოსკოვის წინადადებაზე, დამატებითი პირობების გარეშე გახანგრძლივდეს New START-ი. ასევე უარი თქვა ერთი წლით ხელშეკრულების გახანგრძლივების წინადადებაზე. ბაიდენის აზრით კი, ხელშეკრულება მომგებიანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის და საჭიროა მისი გაგრძელება.
პუტინთან დაკავშირებით ბაიდენის პოზიცია იმას მეტყველებს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კვლავაც დაძაბული იქნება და შეიძლება გაუარესდეს კიდეც მისი პრეზიდენტობის პერიოდში. მაგრამ შეიარაღების კონტროლი არის ის სფერო, რომელმაც რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად შესაძლოა პლატფორმის როლი ითამაშოს აშშ-სა და კრემლს შორის პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის.
ირანი
ბაიდენი პირობას დებს, რომ ის აშშ-ს დააბრუნებს ირანის ბირთვული პროგრამის 2015 წლის შეთანხმებაში, რომლითაც გათვალისწინებულია ბირთვულ სფეროში ირანის მოქმედებების შეზღუდვა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, თუკი თეირანი არ დაარღვევს შეთანხმების პირობებს.
ასევე ნახეთ ჯოზეფ ბაიდენის გზა თეთრ სახლამდეირანმა ეს პირობები დაარღვია მას შემდეგ, რაც 2018 წელს ტრამპმა აშშ გაიყვანა შეთანხმებიდან და თეირანს სანქციები დაუწესა. სანქციებმა სერიოზული ზარალი მიაყენა ირანის ეკონომიკას, მაგრამ არ უბიძგა მას ახალი შეთანხმებისკენ.
ბაიდენის თქმით, ის ითანამშრომლებს შეთანხმების სხვა წევრებთან, - დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთსა და ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან, - რათა შეიცვალოს შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი მას შემდეგ, რაც ირანი კვლავ შეასრულებს მის პირობებს.
ჩინეთი
2009-2017 წლებში ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდთან შედარებით ბაიდენს უკანასკნელ წლებში ჩინეთის მიმართ ბევრად უფრო მკაცრი პოზიცია უჭირავს და პეკინს აკრიტიკებს ადამიანის უფლებების სფეროში დარღვევებისა და ვაჭრობაში უსამართლო პრაქტიკისთვის.
მაგრამ ის ამავე დროს აკრიტიკებს ტრამპის პოლიტიკას. ბაიდენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთის მხრიდან დარღვევებზე რეაგირებისთვის მოკავშირეთა ალიანსი უნდა შეექმნა ნაცვლად ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობისა და სავაჭრო ომისა, რომელშიც ჩააბა მან აშშ მსოფლიოს მეორე ეკონომიკის წინააღმდეგ.
„როცა გავერთიანდებით სხვა დემოკრატიებთან, ჩვენი ძალა ორჯერ და უფრო მეტჯერ გაიზრდება. ჩინეთი ვეღარ უგულებელყოფს გლობალური ეკონომიკის ნახევარზე უფრო მეტს. ეს ჩვენ მნიშვნელოვან ბერკეტს გვაძლევს, რათა განვსაზღვროთ წესები - გარემოს, შრომის, ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და გამჭვირვალობის სფეროებში ისე, რომ ისინი ასახავდნენ დემოკრატიულ ინტერესებსა და ღირებულებებს“, განაცხადა ბაიდენმა.
მაგრამ ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბაიდენი არ იჩქარებს ჩინეთთან ვაჭრობაში ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გაუქმებას.
ავღანეთი
ბაიდენმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის ჯარებს ავღანეთიდან შინ დააბრუნებს - თითქმის 20 წლის მერე, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსს ჩაუდგა სათავეში. ბაიდენის თქმით, ის ავღანეთში მხოლოდ მცირე კონტინგენტს დატოვებს ანტიტერორისტული მისიებისთვის.
ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდშიც ეწინააღმდეგებოდა ავღანეთში დიდი სამხედრო კონტინგენტის ყოლას.
გარემოს დაცვა
ბაიდენმა გლობალურ დათბობას „ეგზისტენციალური საფრთხე“ უწოდა და პირობა დადო, რომ აშშ კვლავ დაუბრუნდება პარიზის შეთანხმებას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოწოდებულ დოკუმენტს, რომელსაც 2015 წელს მოეწერა ხელი და რომლიდანაც ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გაიყვანა აშშ.
ასევე ნახეთ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენიბაიდენი უპირატესობას ანიჭებს ენერგიის ადგილობრივ განახლებად წყაროებს, როგორებიცაა ქარი და მზის ენერგია და შეეცდება შეამციროს ნახშირწყალბადების შემცველი ენერგომატარებლების მოხმარება.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ ბაიდენი გაამკაცრებს რეგულაციებს ნამარხ ენერგომატარებლებზე და ამით საფრთხეს შეუქმნის ეკონომიკის ზრდას.
ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ აგრძელებდა ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდას და ის ნახშირწყალბადების მსოფლიოში ყველაზე დიდ მწარმოებლად იქცა.
აშშ-ში ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდა ამერიკას ნაწილობრივ აძლევს საშუალებას, ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციები დაუწესოს სხვებს, მათ შორის - რუსეთს, ირანსა და ვენესუელას.
დემოკრატია
ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის მოკავშირეებთან ითანამშრომლებს მსოფლიოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და შეუტევს მცოცავ ავტორიტარიზმს. ის ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიის უკუსვლის გამო ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში, პირველ რიგში - პოლონეთსა და უნგრეთში.
საშინაო საკითხები
ბაიდენი გადაიბარებს ქვეყანას, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში შეძრა ფერადკანიანი ადამიანების მიმართ პოლიციის სისასტიკით, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული ზომებით გამოწვეულმა საპროტესტო გამოსვლებმა.
ოპონენტები ტრამპს ბრალად სდებენ საზოგადოების გახლეჩაში, მათ შორის, რასობრივ საკითხებსა და იმიგრაციასთან დაკავშირებით. ბაიდენს მძიმე ბრძოლა მოუწევს ქვეყნის გასაერთიანებლად მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ.
კორონავირუსთან დაკავშირებით ბაიდენი აცხადებს, რომ ის „მეცნიერებს დაუგდებს ყურს“ და ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეაჩეროს აშშ-ში ვირუსის გავრცელება. საამისოდ ის არ მოერიდება მკაცრ საკარანტინო ზომებს, თუკი ეს საჭირო გახდება. მაგალითად, ის აპირებს სავალდებულო გახადოს საზოგადოებაში პირბადის ხმარება.
ბაიდენის თქმით, ის შეატრიალებს ტრამპის მიერ კორპორაციებისა და ყველაზე შეძლებული ამერიკელებისთვის გადასახადების შემცირების პოლიტიკას და ხელფასების მინიმუმს გაზრდის ქვეყნის ყველაზე ღატაკი მოსახლეობის დასახმარებლად.
მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს გააძლიეროს 2010 წელს მიღებული კანონი ჯანდაცვის შესახებ, რომელიც Obamacare-ის სახელითაა ცნობილი. ტრამპმა ცვლილებები შეიტანა ამ კანონში და, კრიტიკოსთა თქმით, შეასუსტა მისი დამცავი მექანიზმები.