გარდაცვლილი ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე და ორი დაკავებული - როგორ უკავშირებს შსს საქმეს ოპოზიციას

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო მის მიმართ მუქარას უკავშირებს. უწყება ამით იმეორებს "ქართული ოცნების" მიერ მანამდე გავრცელებული ვერსიას.

ამ საქმეზე ცესკოს სწავლების ყოფილი სპეცლიალისტი, აკაკი ხუსკივაძე და 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი, აკაკი კობალაძე დააკავეს. ორივე მათგანი დაკავების წინა დღეს "მთავარი არხის" ეთერში იყვნენ და არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობდნენ. აკაკი ხუსკივაძემ დაკავებისას, სანამ პოლიცია მას ხელბორკილებით მანქანში ჩასვამდა, ჟურნალისტის კითხვაზე, რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, დაიყვირა: “არ მაპატიეს გამოსვლა ტელევიზორში”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძე ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 6 ნოემბერს შეხვდნენ და “ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელი 50 ათასი აშშ დოლარი არჩევნების გაყალბების მოტივით თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვების სანაცვლოდ შესთავაზეს”. შსს-ს განცხადების მიხედვით, უარის მიღების შემდეგ გობეჯიშვილს დაემუქრნენ და აიძულებდნენ შეთავაზებას დასთანხმებოდა.

შსს განცხადებაში წერს, რომ "ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს - 2020 წლის 7 ნოემბერს თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

შსს-ს ამ განცხადებას წინ უსწრებდა "ქართული ოცნების" ოფისში, პარტიის ერთ-ერთი “ახალი სახის”, გიორგი ხელაშვილის ბრიფინგი. მან შსს-სგან განსხვავებით დაასახელა ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება ამ ოპოზიციურ პარტიას დაუკავშირა და სამართალდამცველების სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდა. ხუსკივაძე და კობალაძე იმავე საღამოს დააკავეს.

საგამოძიებო უწყებებისა და მმართველი პარტიის ბრალდებები აბსურდულია დაკავებულების ადვოკატისთვის, ბექა ბასილაშვილისთვის. მან "მთავარ არხზე" საუბრისას თქვა, რომ ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიით მანიპულირებს და პროპაგანდისთვის გამოყენებას ცდილობს

"რეალურად, დაკავება, ის ბრალდებები, რაც გაისმის, არის აბსოლუტურად აბსურდული. არის სრულიად უსინდისო, როდესაც ხელისუფლება გარდაცვალების ფაქტზე მანიპულირებით ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას. ისინი [დაკავებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე] შეძრული არიან საკუთარი მეგობრის გარდაცვალების გამო და ეს არის მათთვის ძალიან მტკივნეული", - აღნიშნა მან და განმარტა, რომ საქმის მასალები ადვოკატებისთვის ჯერ არ გადაუციათ.

დაკავებულების კიდევ ერთი ადვოკატი, დავით ჩომახაძე ამბობს, რომ გარდაცვლილის საქმეზე დასაკავებლად "მოძებნეს" ბავშვობის მეგობრები, რომლებსაც მასთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდათ და ამავდროულად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების იყვნენ.

ხუსკივაძისა და კობალაძის დაკავებას პოლიტიკურ პროცესს უკავშირებენ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. იდენტურად აფასებენ მოვლენას "ლელოში", "ნაციონალურ მოძრაობაში", "ევროპულ საქართველოსა" და სხვა პარტიებში.

"ამ ადამიანების დაკავებას ვუკავშირებ პოლიტიკურ ანგარიშსოწორებას. ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ მიცვალებულის სახელს ეფარება ხელისუფლება და აპირებს ამორალური ქმედებები განახორციელოს", - თქვა "ლელოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ.