რატომ (არ) ხდება ხმების გადათვლა - საოლქო კომისიის ერთი სხდომის მაგალითზე

რადიო თავისუფლება 4 ნოემბერს დაესწრო საბურთალოს საოლქო კომისიის სხდომას. სხდომაზე #52 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადათვალეს. ამავე სხდომაზე არ დაკმაყოფილდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ კომისიის ოპოზიციონერი წევრების არცერთი მოთხოვნა სხვა უბნების მონაცემების ხელახალი გადათვლისა თუ გაბათილების შესახებ. განუხილველად დარჩა არაერთი საჩივარი. ცესკომ განაცხადა, რომ #52 საარჩევნო უბანზე გადათვლის შედეგად მონაცემები არ შეცვლილა. სინამდვილეში კი, შემაჯამებელ ოქმში არ იყო ასახული ოპოზიციური პარტიების/ბლოკების რამდენიმე ათეული მხარდამჭერის ხმა. შედეგების საბოლოო შეჯამება სწორედ ამ ოქმების მიხედვით ხდება.

საბურთალოს #52 უბნის შემაჯამებელ ოქმში მიღებული ხმების ჯამი აჩვენებდა, რომ 92 ბიულეტენი იყო „დაკარგული“. ამ პრობლემასთან დაკავშირებით დაწერილი იყო არაერთი საჩივარი. საკითხი საბურთალოს საოლქო კომისიამ 3 ნოემბერს განიხილა, ხოლო 4 ნოემბერს კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა, მოულოდნელად, თავად გამოიჩინა ამ უბნის მონაცემების გადათვლის ინიციატივა.

„დიდი ნაკლებობა იყო ბიულეტენების, ასე ვთქვათ - დაკარგული ბიულეტენების. მაგრამ ამას კანონი ითვალისწინებს. ეს არ არის დარღვევა. ნაკლებობა რომ ამოდის, ამაზე ვერავის ვედავებით. მაგრამ რადგანაც ჩვენთვისაც საინტერესო იყო, რატომ და რანაირად მოხდა, კიდევ დამატებითად მოვიძიეთ... და შეგვიძლია დავთვალოთ ახლა და ვნახოთ“, - თქვა მან გადათვლის დაწყებისას.

შეფუთული ბიულეტენების გახსნამდე, კომისიის თავმჯდომარემ სხდომის დამსწრეებს აჩვენა უბნის კედლიდან ჩამოხსნილი სადემონსტრაციო ოქმი და #52 უბნის მდივნის 4 ნოემბრით დათარიღებული ახსნა-განმარტება, რომ სადემონსტრაციო ოქმიდან შემაჯამებელ ოქმში შეცდომით გადაიტანა სამი ოპოზიციური პარტიის/ბლოკის პროპორციული არჩევნების შედეგები.

საოლქო კომისიაში, სხდომაზე მოწვეულები იყვნენ #52 უბნის კომისიის მდივანი და თავმჯდომარე. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ორივე დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში. უბნის თავმჯდომარეს და მდივანს სიტყვაც მიეცათ და დაწვრილებით ახსნეს, თუ ხმის დათვლისას როგორ ხმაურსა და სტრესულ პირობებში უწევდათ მუშაობა, რის გამოც „მექანიკური შეცდომა“ დაუშვეს.

4 ნოემბერს, საოლქო კომისიის სხდომაზე ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ სამ პარტიას/ბლოკს თითქმის იმდენი ხმა აკლდათ, რამდენი ბიულეტენის დანაკლისიც იყო და ზუსტად იმდენი, რაზეც ახსნა-განმარტებაში წერდა კომისიის მდივანი:

  • გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ - 33-ის ნაცვლად, შემაჯამებელ ოქმში ეწერა 3;
  • „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ - 42-ის ნაცვლად შემაჯამებელ ოქმში ეწერა 2;
  • „პატრიოტთა ალიანსს“ - 21-ის ნაცვლად შემაჯამებელ ოქმში ეწერა 1.

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ გამქრალი იყო 2 ბიულეტენი.

გვიან ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი“. თუმცა ფაქტია, რომ #52 უბნის შემაჯამებელ ოქმში არ იყო ასახული სამი პარტიის/ბლოკის 90 ხმა.

ეს ფაქტი, არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებისთვის კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ შემაჯამებელ ოქმებში, ყოველი დისბალანსის უკან შესაძლოა დაკარგული ხმები იდგეს.

სხდომაზე საოლქო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ქეთევან შარუხიამ მოითხოვა ჩანაწერთა წიგნი, რომელიც, მისი თქმით, უკეთ დაადასტურებდა მექანიკური შეცდომის არსებობა-არარსებობას. მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

#52 უბნის მონაცემების გადათვლის მოულოდნელმა ინიციატივამ სხდომაზე გააკვირვა ბევრი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცდილობდნენ, ეპოვათ ლოგიკა - რატომ გაიხსნა მაინცდამაინც #52 უბნის მონაცემები და არ იხსნება მრავალი სხვა უბანი, სადაც, შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, აშკარაა ბიულეტენების როგორც ნაკლებობა, ასევე მეტობა.

კომისიის თავმჯდომარის, ბესიკ ლაჩაშვილის განმარტებით, უბნის მონაცემების გადათვლის საჭიროება ახალმა გარემოებამ - კომისიის მდივნის ახსნა-განმარტებითმა ბარათმა გააჩინა.

რატომ არ დაკმაყოფილდა გადათვლის მოთხოვნის სხვა საჩივრები სხვა უბნებთან დაკავშირებით?

  • მეტობის შემთხვევებში (რაც მესამე სექტორს ჩაყრილი ბიულეტენების ეჭვს აღუძრავს) კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა განმარტება, რომ დისბალანსი შესწორების ოქმით არის გასწორებული და გადახედვას აღარ საჭიროებს;
  • ხოლო ნაკლებობის შემთხვევებში (რაც ე.წ. კარუსელებისა და ხმების დამალვის ეჭვებს აღძრავს) კომისიის თავმჯდომარემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ამომრჩევლების მიერ თან წაღებული ბიულეტენების გამო ყველა უბნის გადათვლა შეუძლებელი იქნებოდა.

სხდომაზე საერთოდ განუხილველად დარჩა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ არაერთ უბანთან დაკავშირებით წარდგენილი 3 საჩივარი.

კომისიის წევრს „ევროპული საქართველოდან“, ლიკა რამონაშვილს განუმარტეს, რომ საჩივრები არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო დაწერილი. პარალელურად, არ დაკმაყოფილდა არც მისი დამატებითი მოთხოვნა #73 უბანთან დაკავშირებით, სადაც პარტიამ 0 ხმა მიიღო მაშინ, როდესაც, რამონაშვილის ინფორმაციით, უბანზე სპეცსიით ჰქონდა ხმა მიცემული „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს და ასევე არსებობდა ინფორმაცია კიდევ 35 ხმის დაკარგვის თაობაზე.

სხდომაზე არ დაკმაყოფილდა არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრის, ქეთევან შარუხიას წინადადება - 20-მდე უბნის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, სადაც, მისი თქმით - „სახეზე გვაქვს 823 ბიულეტენის ნაკლებობა და 89 ბიულეტენის მეტობა“.

კომისიის თავმჯდომარის პასუხი ასეთი იყო:

„საბურთალოს ოლქში არის 133 ათასი ამომრჩეველი. აი, ამ ამომრჩევლებიდან და აი, ამ მასიდან, თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ ბიულეტენი დაიკარგა, დავუშვათ, 800... სახლში წაიღო თუ რა გააკეთა ამომრჩეველმა, ჩვენ საგამოძიებო ორგანო ხომ არ ვართ“.

შარუხიამ და რამონაშვილმა საოლქო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ასევე ნახეთ კახა კალაძე: 11 უბანზე მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

სხდომაზე არ დაკმაყოფილდა არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის #13 უბანთან დაკავშირებული საჩივარი, სადაც 34 ბიულეტენი იყო „გამქრალი“ შემაჯამებელი ოქმის მიხედვით.

არ დაკმაყოფილდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოთხოვნებიც. მაგალითად, #18 უბანთან დაკავშირებით, სადაც ზედმეტი ბიულეტენი იყო, კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ შესწორების ოქმია შედგენილი, პრობლემა გასწორებულია და შეკითხვები აღარ არსებობს.

ბიულეტენების მეტობასთან დაკავშირებით მსგავსი პასუხი მიიღო „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წარმომადგენელმაც. ბიულეტენების ხელახალი გადათვლა, როგორც სიმართლის დადგენის ერთადერთი საშუალება, დღის წესრიგში არც ამ შემთხვევაში დამდგარა.

ამ ორგანიზაციის კიდევ ერთ საჩივარს შესაბამისი მინდობილობის არარსებობის მიზეზით კომისია განუხილველად ტოვებდა. მას შემდეგ კი, რაც აღმოჩნდა, რომ მინდობილობა არსებობდა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს უარი სხვა მიზეზით უთხრეს: ბიულეტენების მეტობა შესწორების ოქმით გასწორებულია და შეკითხვებს აღარ იწვევსო.

ასევე ნახეთ უბანზე "ნაპოვნი" ხმები და ხელახალი დათვლის მოლოდინი

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის ვადა 5 ნოემბრამდე იყო გაწერილი, არასამთავრობო სექტორი პროცესს არაეფექტიანად მიიჩნევს და ყველა განუხილველი საჩივრით ახლა უკვე სასამართლოში აპირებს ბრძოლას.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურისტმა, ნინო რიჟამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საოლქო კომისიების პასუხი ძირითადად უარყოფითია. ორგანიზაციას 160 უბანთან დაკავშირებული საჩივრები აქვს დაწერილი.

აქედან, ნინო რიჟამაძის თქმით, ბიულეტენების სრულად გადათვლა შესაძლებელი გახდა 2 ოლქში - გორსა და სამგორში. სამგორის მაგალითმა აჩვენა, რომ ბათილ ბიულეტენებთან ერთად იყო შერეული ოპოზიციური სუბიექტების 149 ხმა. გორის შემთხვევაში კი, 2 ბათილი ბიულეტენი მაჟორიტარულ ნაწილში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იყო დათვლილი.

ვითარება რადიკალურად შეცვალა ქსნის ციხეში მიცებული ხმების ხელახალმა დათვლამ და გაბათილებამ, რაც, ამ შემთხვევაში, უშუალოდ მცხეთა-მთიანეთის საოლქო კომისიის ინიციატივით მოხდა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს პირველ ტურში არ გადაულახავს 50% და მეორე ტური იყო დასანიშნი.