„ჩაილურის წყლის“ დალევამდე

გარეჯი საქართველოა!

თბილისი საქართველოს დედაქალაქია!

საქართველო ჩვენი სამშობლოა!

ეს ყველაფერი ბანალური ტრუიზმებია - საყოველთაოდ ცნობილი, გაცვეთილი ჭეშმარიტებები, რომლებსაც არავინ უარყოფს და რომელთა რიგიც უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ: „ვეფხისტყაოსანი პოემაა“, „ზღვის წყალი მარილიანია“, „ივანიშვილი მდიდარია“ და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, უწყინარი ტრუიზმებია, მაგრამ სწორედ ასეთი უწყინარი ტრუიზმები წარმოადგენს საუკეთესო მასალას მანიპულაციებისათვის, თუკი მათ ხელს მოჰკიდებს გამოცდილი, ბიძინა ივანიშვილს რომ დავესესხოთ, ტრიუკების ოსტატი.

უთუოდ გემახსოვრებათ, მისი პირველი ტრიუკები იყო მოულოდნელი, საოცრად ეფექტური და, რაც მთავარია, შედეგის მომტანი, იმდენად ეფექტურ-ეფექტიანი, რომ ხანდახან ტრიუკების მომწყობს თქმაც კი უწევდა, რომ ტრიუკი გააკეთა.

ლექსიკონი გვეუბნება, რომ ტრიუკი მარჯვე ტყუილია მოგების მიზნით. შესაბამისად, ტრიუკისთვის საჭიროა ისეთი ტყუილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში მაინც ვერავინ მიხვდება.

ბოლო, შედარებით წარმატებული, ტრიუკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იხილა ამომრჩეველმა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 600 ათას ადამიანს 1,5 მილიარდი ლარის ვალის ჩამოწერას დაჰპირდა.

ტრიუკი აღარ გამოვიდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩასაგდებად. არავინ დაიჯერა, რომ დაჩი ბერაიას ბიძინა ივანიშვილის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება შეუძლია.

ხარისხიანი ტრიუკების კეთება გაჭირდა. სოლომონ ბრძენობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ „ჯერკუალმან ხემან“ შეიძლება მხოლოდ „ჯერკუალი ნაყოფი“ გამოიღოს და, შესაბამისად, ამას ბევრი აღარ ჭამს!

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც „გარეჯი საქართველოა“ ჭამა, სულ ბოლო და ცხელ-ცხელი ტრიუკი.

რატომ ტრიუკი?

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არც არავინ უარყოფს, რომ გარეჯი საქართველოა. მეტიც, ასევე არავინ უარყოფს იმასაც, რომ აზერბაიჯანთან შეუთანხმებელი მიწის ნაწილიც, სადაც მდებარეობს უდაბნოს მონასტერი, ბერთუბანი, ჩიჩხიტურის კოშკი, რაც ერთი ასად ნაკლებია გარეჯის კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე, ასევე საქართველოა, რაშიც დასარწმუნებელი გვყავს მეზობელი ქვეყანა. არადა, ხელისუფლება და მისი მედიუმები ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ვინმე უარყოფდეს ამ ბანალურ ჭეშმარიტებას, თითქოს ვინმე ამტკიცებდეს, რომ გარეჯი საქართველო არ არის.

ტრიუკია თუნდაც იმიტომ, რომ „კარტოგრაფების საქმეში“ განაჩენი არ დამდგარა. საქართველოს პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

პროკურატურა ჯერ მხოლოდ ცდილობს დაამტკიცოს ამ ხალხის ბრალეულობა. სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ეს ორი ადამიანი რამეშია დამნაშავე. ამ დროს პრიმიტიული მანიპულაციებით (ტრიუკი!) ხდება როგორც ამ ადამიანების, ასევე ყოფილი ხელისუფლებისა და რატომღაც მასთან გაიგივებული საკმაოდ ჭრელი ოპოზიციის დამნაშავეებად, „ძირძველი ქართული მიწების გამყიდველებად“ გამოცხადება.

როგორ?

ტრუიზმის - გაცვეთილი, ყველასათვის მიღებული ჭეშმარიტების - საშუალებით. ტრუიზმი+მეტაშეტყობინება - სწორედ ამ კონსტრუქციაზეა აგებული სარეკლამო ბიზნესის მთავარი ხრიკი.

წარმოვიდგინოთ არარსებული THE CHAILURI WATER company, რომელიც ცდილობს თავისი ნაწარმის გაყიდვას.

„წყურვილის მოკვლით თქვენ მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას“ - ამ ტრუიზმს უნდა მოჰყვეს შეტყობინება: „დალიეთ ჩაილურის წყალი!“

წყურვილის მოკვლით მიღებული სიამოვნების ჭეშმარიტება თითქოს ბრძანებას იძლევა, რომ მხოლოდ ჩაილურის წყლით შეიძლება წყურვილის მოკვლა.

სწორედ ასეთ მეტა-შეტყობინებას გადასცემს ხელისუფლება, პრო-სახელისუფლებო მედიით, წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე.

„გარეჯი საქართველოა, რომელიც 31 ოქტომბერს იმარჯვებს! წარსული, სიბნელე არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანია თავისუფლება, კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება“, - აი, ასეთ „პიტალო ჭეშმარიტებას“ (აკაკი ბაქრაძე) აზიარა მმართველი პარტიის ცნობილმა კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელი არჩევნების წინა დღეს, 30 ოქტომბერს.

გეგულებათ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, რომელიც იმასვე არ იტყოდა? მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამ პრიმიტიული ტრუიზმის ბრძანება მიემართება არა ყველას, არამედ მხოლოდ „ჩაილურის წყალს“ - მმართველ პარტიას, ყველა სხვა პარტიისთვის კი გარეჯი საქართველო არ არის!

მაგრამ, როგორც ჩანს, ტრიუკმა ბოლომდე არ იმუშავა. ამაზე მეტყველებს არჩევნების როგორც შედეგები, ასევე დაბალი ხარისხი, განპირობებული ძალადობით, დარღვევებით, დისბალანსით შემაჯამებელ ოქმებში. ასევე ტრიუკის დაბალ ხარისხზე მეტყველებს ის გარემოება, რომ საჭირო გახდა ტრიუკისათვის ხელის წაშველება, მეტაშეტყობინებაში ცვლილებების შეტანა: არჩევნებამდე თუ მხოლოდ მმართველი პარტიისთვის იყო „გარეჯი საქართველო“, ახლა, როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა, დააზუსტა ფეისბუკში, თურმე სხვა პარტიებსაც აქვთ შანსი იგივე ამტკიცონ, თუკი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ დააყენებენ და პარლამენტში შევლენ.

„მარტივი ტესტი: ვინც პარლამენტში შევა, გარეჯის გაყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია და, პირიქით, რადგან გამყიდველებმა ზუსტად იციან, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ციხე არ ასცდებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი, რომელშიც, ისევე როგორც ყველაფერში (მისივე ცნობილი მეტაფორა რომ ვიხმაროთ), ბიძინა ივანიშვილი სუფევს. ტრიუკები ძველებურად აღარ გამოსდის, მაგრამ მაინც არ ეშვება და, ალბათ, არც არასოდეს მოეშვება, ვიდრე "ჩაილურის წყლით" (პოლიტიკურ) წყურვილს არ მოიკლავს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.