ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ უზუსტობებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში, სადაც არის შემთხვევები, როცა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა არ ემთხვევა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში აცხადებენ, რომ საარჩევნო ოლქის #120 უბნის შემაჯამებელი ოქმების ნახევარზე მეტში უზუსტობებია და შედეგები უნდა გაუქმდეს.
„გასაუქმებელია იმიტომ, რომ კანონში ცალსახად წერია: უბნის ბათილობა შესაძლებელია მაშინ, თუ მოსული ამომრჩევლის რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე ხმები ყუთებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიულეტენები ჩაყარეს. მაგალითად, არის ასეთი ოქმი - საარჩევნო უბანზე მივიდა 700 ადამიანი, ანუ სამაგიდო სიაში არის 700 ხელმოწერა, და ნახავთ ოქმებს, სადაც 700-ზე მეტია სადღაც 10-ით, ზოგან 17-ით, 4-ით, ან 2-ით“, - ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“, გიორგი კირთაძე.
ამომრჩეველთა ხმების შეჯამებისას ყველაზე დიდი დისბალანსი ბათუმის მე-19 უბანზე შედგენილ ოქმში აღმოჩნდა. ეს ოქმი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და აქტიური განხილვის საგნად იქცა. 31 ოქტომბერს აჭარის რეგიონის ამომრჩევლები პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ირჩევდნენ და, შესაბამისად, სხვადასხვა ფერის 4 ბიულეტენს ავსებდნენ.
საქართველოს პარლამენტის პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმიც ცისფერია და მასში მე-19 უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 795-ია, თუმცა მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე გაცილებით მეტი - 1108 ხმით ამ უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ იმარჯვებს, „ქართულ ოცნებას“ კი 1021 ხმა აქვს.
ამავე ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა 3 050-ია.
საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგში ეს მონაცემები არ შესულაო, - გვეუბნება ბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე. მისი განმარტებით, მე-19 უბნის კომისიის წევრებმა ხმების რაოდენობა შეცდომით შეიტანეს და ეს აღნიშნულია განმარტებით ბარათშიც. კერძოდ, ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ 269, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 264 ხმა მიიღო. ციალა შავაძე ამბობს, რომ სწორედ ეს რიცხვებია საერთო მონაცემში: „ოთხი შემაჯამებელი ოქმიდან მხოლოდ ერთში ჰქონდათ რიცხვები არასწორად. დანარჩენი სამი ზუსტად იყო შევსებული. როგორც ჩანს, დაღლილობამაც იმოქმედა და ბოლოს საქართველოს პარლამენტის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში იყო შეჯამებული ყველა ეს რიცხვი ერთად, რაც ფურცელზე ჰქონდათ ჩამოწერილი. ანუ დაჯამება ჰქონდათ ძალიან ბევრი რიცხვის, მათ შორის ბათილი ბიულეტენების და ა.შ.“.
მე-19 უბნის ეს ოქმი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“(საია). სადამკვირვებლო ორგანიზაციას გასაჩივრებული აქვს სულ ოცი ოქმი, სადაც უბნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობას აჭარბებს დათვლილი ხმების რაოდენობა. მაგალითად, ორ სხვადასხვა უბანზე 100-ზე მეტია, ორზეც - 100-ზე ნაკლები. სხვა უბნებზე ერთით, ორით ან ათით მეტი ხმაა. საიას წარმომადგენელი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ საჩივრებში ამ უბნებზე მიცემული ხმების თავიდან დათვლას ითხოვენ.
„ანუ, ტექნიკური პრობლემების გამო ხმების 4-ით მეტობა, 5-ით მეტობა ადრეც შეიძლება ყოფილიყო და ჩვენ ვითვლიდით ამას. მაგრამ 117-ით მეტობა?! ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და უნდა ვნახოთ ტენდენცია როგორ გამოიკვეთება, ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისთვის თუ მოხდა ამ ოც ოქმში ცვლილებები. ანუ, ეს არ ვიცით ახლა, ეს მეტობა საითკენაა. ყველაფერი საჩივრების განხილვისას ოლქში გამოჩნდება“, - გვითხრა პაატა დიასამიძემ.
ასევე ნახეთ “გაყალბებული ოქმები” - რა შეცდომები იყო, რა გასწორდა, რა ვერაბათუმის 28-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ საჩივრების განხილვისას მიიღებენ გადაწყვეტილებას თავიდან დათვლის შესახებ.
შეკითხვას, რატომაა ოქმებში ცდომილება, საოლქო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ერთი მხრივ, 31 ოქტომბერს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, მეორე მხრივ კი, აჭარაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ოთხი სხვადასხვა ბიულეტენის დათვლა უწევდათ. ციალა შავაძის თქმით, პრობლემა შექმნა კორონავირუსმაც: „რთული იყო მთელი დღის განმავლობაში პირბადით, ფარით და ხელთათმანებით მუშაობა. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა. ყველაზე რთული კი ორი არჩევნების ერთ დღეს ჩატარება იყო. წარმოიდგინეთ, უბანზე ოთხი ბიულეტენია და ოთხი ოქმია შესავსები, ეს კი ურთულესი აღმოჩნდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად გამოუცდელი იყო, რადგან დატრენინგებული და გამოცდილების მქონე კომისიის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ ან თვითიზოლაციაში აღმოჩნდნენ“.