დარღვევები - დამკვირვებლების ძირითადი შეფასებები ერთად

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები და “ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი”. ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რასაც  ხელისუფლება სპეკულაციად აფასებს. 

იარაღის ტარება, ჟურნალისტებზე თავდასხმა, კოორდინატორების მობილიზაცია უბნებზე სიებით და საეჭვო კონვერტებით, შუქის ჩაქრობა, ყალბი ბიულეტენების დაყრა მაგიდაზე და სანთლის შუქზე დათვლილი ხმები, დარღვეული უსაფრთხოების წესები კორონავისურის გავრცელებისგან თავის დასაცავად, “ქართული ოცნების” დროშები უბნებთან და სავარაუდო “კარუსელის” ფაქტები რიგ უბნებში - ამ და სხვა დარღვევებზე საუბრობდნენ არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მედია და ოპოზიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე და 16 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, დაკავებულია 9 ადამიანი. საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული 1 ნოემბრის სამი საათისთვის, მათ შორის 45 საჩივარი უბნების ბათილად ცნობას შეეხება.

საიას შეფასება

“საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. ამას ემატებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით.”

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასება

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან, 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა.”

“სამართლიანი არჩევნების” შეფასება

“შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.”

ასევე ნახეთ თალაკვაძე: ეუთო-ოდირის შეფასება გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნაში

დარღვევების ნაწილი, რომელიც ყურადღების ცენტრში მოხვდა 2020 წლის 31 ოქტომბერს, დამახასიათებელია ქართული არჩევნებისთვის, ნაწილი კი, მაგალითად შესწორებული ოქმების სიმრავლე - შედარებით იშვიათი ფენომენია. არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები პირობითად რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს.

საეჭვო ოქმები და სავარაუდო კარუსელი

ცესკოს მიერ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა რომ არაერთ ოქმში არჩევნებში მონაწილე პირთა რაოდენობა და შედეგები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ფეისბუკში გვერდიც კი შეიქმნა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები ასეთ ოქმებს აზიარებდნენ. ის, რომ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შემთხვევები იყო, 1 ნოემბერს დაადასტურა “სამართლიანმა არჩევნებმაც”.

სამართლიანი არჩევნების მიერ გამოვლენილ საეჭვო შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი ზოგჯერ ასობით ხმას ეხება. მაგალითად, ხმეტის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 210-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. ამავე ორგანიზაციის გათვლებით, დისბალანსის მქონე ოქმების არჩევნების შედეგებზე მაქსიმალური შესაძლო გავლენა შეიძლება იყოს 4.1%-ზე ნაკლები.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მარნეულში გადაიღო მოქალაქე, რომელმაც სულ მცირე, 10-ჯერ მისცა ხმა, 3-ჯერ მისი გადაღება მოხერხდა.

დამკვირვებლების უფლების შეზღუდვა, შეურაცხყოფა და უბნებიდან გაძევება

სადამკვირვებლო ორგანოზაციების 31 ოქტომბერს სხვადასხვა უბანზე მათი წარმომადგენლების მიმართ არსებულ მტრულ დამოკიდებულებასა და დაკვირვების პროცესში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ.

  • საიას ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. დაფიქსირდა საიას დამკვირვებლების მიმართ აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ უბანზე დამკვირვებლებს არ მისცეს საშულება ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობა. 2 დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლის ფაქტებიდან ერთ-ერთი იყო რუსთავის #12.20.16 უბანზე, სადაც ხუთამდე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის დამკვირვებელს. იყო შემთხვევები, როცა სხვა უბნებიდან უსამართლოდ გამოაძევეს დამკვირვებლები. რამდენიმე უბანზე კი კომისიის მდივანმა არ ჩაიბარა საჩივრები.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე კომისიამ წილისყრის ჩაუტარებლად გამოავლინა მთვლელები, რაზეც „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გამოთქვა შენიშვნა და კომისიას მოუწოდა პროცედურების დაცვისკენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბარაბაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს და სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც. კომისიის წევრებმა აგრესიული ქცევით, შეუძლებელი გახადეს დამკვირვებლის საქმიანობა უბანზე. ისინი დამკვირვებელს უყვიროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ პროცესში მონაწილეობდა კომისიის ყველა წევრი.
  • გარდაბანში, ქესალოს #64-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ხელში ეკავა მობილური, მაგრამ იმ მომენტისთვის არ აწარმოებდა ფოტო ან ვიდეო გადაღებას. თავმჯდომარემ მას აუკრძალა ფოტოგადაღება და დაემუქრა, რომ დაატოვებინებდა უბანს.
  • მარნეულის #13.22.73 საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი. დამკვირვებლის ინფორმაციით, ის ცდილობდა მობილური ტელეფონით გადაეღო საარჩევნო კაბინაში 3 ადამიანის ერთდროულად შესვლის ფაქტი, რასაც საუბნო საარჩევნო კომისიის გაღიზიანება მოჰყვა.
ასევე ნახეთ გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებზე: პოლიტიკური სიხარბე, ბეწვის ხიდი და გადაჭიმული სიმები

იარაღი და ჩხუბი საარჩევნო უბნებთან

  • იარაღით მოძრაობდა ნაციონალური მოძრაობის წევრი და სიის 38-ე ნომერი, დიმიტრი შაშკინი არჩევნების დღეს ბოლნისში.
  • იარაღი გამოჩნდა გლდანის 84-ე უბანზე, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაძაბულობის რამდენიმე ეპიზოდი იყო. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ უბანზე იარაღით დათო კვიჟინაძე გამოჩნდა, რომელიც ქალაქის მერის, კახა კალაძის მეგობარია.
  • არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს დმანისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ნათესავი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ოქრიაშვილი.

თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

  • გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განლაგებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდა „ტვ პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია;
  • გლდანის #39 საჯარო სკოლასთანვე, "პუბლიკის" ჟურნალისტს, მინდია გაბადაძეს, რომელიც საარჩევნო უბანზე დაპირპისპირებას იღებდა, კამერაში წიხლი ჩაარტყეს;
  • მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე On.ge-ს ჟურნალისტის განცხადებით, მას პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა, მუშაობაში ხელი შეუშალა;
  • ბოლნისში, სოფელ სავანეთში, 51-ე საარჩევნო უბნის გარეთ ორმა უცნობმა პირმა შეავიწროვა ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-ს ჟურნალისტი იდრის რუსთამოვი, რომელსაც ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა. მათ ჟურნალისტისთვის კამერის ჩამორთმევა სცადეს.
  • თბილისში, გლდანში, 35 საბავშვო ბაღთან საარჩევნო უბნის ეზოში გადაღებისას სირთულეები შეექმნა რადიო თავისუფლებასაც.

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე განცხადება გააკეთა მედიაკოალიციამ და სახალხო დამცველმა - ისინი ხელისუფლებას ამ ფაქტების სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას სთხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 ნოემბერს თქვეს, რომ პუბლიკას ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომელიც თავიდან ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა, დაემატა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის კვალიფიკაციაც.

საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე მარნეულში გაითიშა ელექტრო ენერგია, რა დროსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, რომელიც ამ დროს უბანზე იმყოფებოდა, დიდი რაოდენობით ყალბი ბიულეტენები დაიყარა მაგიდაზე. ამ უბანზე მივიდა პოლიცია და სპეცრაზმი.
  • #82 შუახევის ოქლის #26 და #24 საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდით გაითიშა ელექტროენერგია.
  • სანთლის შუქზე ითვლიდნენ ხმებს თბილისშიც, ვაშლიჯვარის საარჩევნო უბანზე.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით, უბნების ნაწილმა ვერ უზრუნველყო ვერც კორონავირუსის გავრცელებისგან საპრევენციოდ შემოღებული წესების დაცვა და ვერც ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის შემთხვევების მინიმიზაცია.

ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები. დღის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით კი ბიულეტენების დათვლის დროს ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა პირბადის ტარებაც კი. ამომრჩეველთა ნების კონტროლად მიიჩნევა ის, რომ მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას.

ასევე ნახეთ პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიცია „წართმეულ არჩევნებს“ აპროტესტებს