რამდენიმე კვირის წინ „თამადას“ ლამის ყველა ჩემი მეგობარი აზიარებდა „ფეისბუკზე“. მეთქი ე, რა კარგია, გაიქაჩა. მერე, „იუტუბზე“ შევედი ერთი-ორჯერ მაგის მოსასმენად და მივხვდი, რომ არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე. თითო ტრეკს 3-4 ათასი ნახვა აქვს. უმეტესობამ სულ არ იცით, რაზე ვლაპარაკობ. ამიტომ, რავი, გილოცავთ. ახალი საინტერესო მოსასმენიც გაგეჩითათ.
ჯერ, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, იქიდან დავიწყოთ. „თამადა“ არის ლაშა ჩხაპელია. პროექტია, სადაც ელექტრონული მუსიკის და ზურნა-დუდუკიანი სიმღერებია ერთმანეთში შეზავებული. „საუზმე თამადასთან“ კი პირველი მინიალბომია, რომელშიც 4 ტრეკი შედის.
ეს დუდუკების და ბიტების ეს მიქსი არც ბოლომდე სერიოზულია და არც მაინცდამაინც პაროდიაა. სადღაც შუაშია. თავად ავტორი სტილს Deep Duqan-ს უწოდებს, რაც სასაცილოცაა და ზუსტიც.
ჰოდა, მოდი ჯერ კარგი ვთქვათ. პროექტის იდეა არის საინტერესოც, საკაიფოც და ახალიც. ეხლა, ქართული სიმღერების და ელექტრონული მუსიკის მიქსი „თამადამდეც“ ბევრს გაუკეთებია, ნიკა მაჩაიძიდან კახა ცისკარიძემდე, მაგრამ ეს სულ სხვა ტიპია - ეგ დუდუკა ელემენტები სულ სხვა საქმეს აკეთებს. თან, რომ მოისმენთ, მიხვდებით რომ ცალკე ამბავია - სიმღერებია, თან ელექტრონული ტრეკებია - სხვებს არა გავს.
ელექტრონული მუსიკის დიდი სპეციალისტი ვერა ვარ, ამიტომ ბიტზე და ფაქტურაზე ჭკვიანურს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, აი, კარგად კი ისმინება. აგაცეკვებს. საქმის ცოდნით გაკეთებულს გავს. ეტყობა, რომ ცოცხლად, დიჯეის სეტში განსაკუთრებით გაასწორებს. ისე, თავად კი ჯერ არ მქონია შანსი, მაგრამ მცოდნე ხალხს უთქვამთ ჩემთვის მართლა ძალიან მაგარია დენსფლორზეო და ვენდობი მე და თქვენც ენდეთ.
ასევე, თითო ტრეკი გაძეძგილია უამრავი სხვადასხვა სტილის თუ ჟანრის ელემენტებით - აქ როკია, იქ ფანკის ბასია, სხვაგან სოულის გიტარაა, ფონად ზურნა-დუდუკია. ეს მრავალფეროვნება კიდევ კარგად გადმოსცემს ტფილისური ბოჰემის, მრავალკულტურულობის არსს. (ეს აზრი მთლად ჩემით არ მომსვლია,ხადურს მოვპარე. მიჩივლე, გია, მიჩივლეეეე!)
მოკლედ, ძალიან კარგი დებიუტია. მარტო ეს რომ დარჩეს და ახალი არ მოყვეს, ძალიან საწყენი იქნება. ჯერ ეხლა ვხურდებით. დავაი, ჩაპელ, მიაწექი!
ეხლა ისერად რაც მეჩვენა, ისიც მოვაყოლოთ. ანუ, რატომაა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი დებიუტი და არა - ძალიან კარგი ალბომი.
პირველ რიგში, ალბათ კომპოზიციურად უნდა უკეთ შეკვრა. თითო ტრეკი, მართალია, უამრავი საკაიფო ელემენტისგან შედგება, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ელემენტები ერთ მთლიანად მაინცდამაინც არ იკვრება. თითქოს ეს კომპოზიცია საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა, საკლუბო ტრეკი უნდა იყოს თუ ისე მოსასმენი სიმღერა და საბოლოოდ არც იქითაა და არც აქეთ. და ხო, ვიცი, რომ ოთხი აბზაცით ზემოთ მიწერია, ეგ კარგი რამეაო და ეხლა ისერაში გამყავს. მიჩივლეთ! თან კარგია, თან დასახვეწია.
მთავარი კი, ისაა, რომ, ჩემი აზრით, პროექტს „დიფ“ ნაწილში არაფერი უჭირს, მაგრამ აი „დუქანს“ ცოტა უკეთ უნდა დახვეწა. შეიძლება უფრო დასამახსოვრებელი ტექსტი ჭირდებოდეს (ან საღადაო, ან სერიოზული), ან უფრო ისეთი ვოკალი, რა ქვია...
ჰო, გამახსენდა რაც ქვია და ამბავიც გამახსენდა მაგაზე, რომელიც არ მახსოვს, ვისგან ვიცი, მაგრამ ასე იყო - ნიაზ დიასამიძემ მოყვაო, რომ როცა „33ა“ თავის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერას, „ხვალ ქარის“ წერდა, სტუდიაში ნამდვილი მედუდუკეები მოიყვანეს. ოღონდ, მაგათი დაკრული რაღაც არ გამოდიოდა კარგი. ნიაზი ცდილობდა აუხსნა, როგორი უნდოდა, ყოფილიყო, მაგრამ მაინც „ის“ არ იყო. თითქოს რაღაც აკლდა. ბოლოს, ცოტა სასოწარკვეთილმა, კაი რა, მუღამით დაუკარითო უთქვამს და იმათ - შე კაცო, თავიდანვე ეგრე გეთქვაო და მუღამით დაუკრეს და ის გამოვიდა, რაც უნდა ყოფილიყო.
ჰოდა, აი, „თამადას“ სულ ცოტა მეტი უნდა, მეტი „მუღამი“ და, აი, სუმთლად მაგარი იქნება - დენსფლორზეც და ყურსასმენებშიც.
ეგ ისე, შემდეგისთვის. მანამდე, იქნება რამე დროს შეზღუდვები მოიხსნას და „ცრუ-ზე“ საკაიფოდ ვიძიგძიგოთ ერთად.