4 მოწვევის პარლამენტარ კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე დღის ინტერვალით 445 ათასი ლარი შესწირეს. ოქრიაშვილი პარტიამ ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს მაჟორიტარ კანდიდატად დააყენა.
ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. მათ შორის, 2012 წელს ის კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი მათ შეუერთდა. "ქართული ოცნებასთან" უთანხმოება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდა, რის შემდეგაც ის მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაასახელეს. ამის შემდეგ ოქრიაშვილმა პარტია "პროგრესი და თავისუფლება" დააფუძნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს.
კახა ოქრიაშვილი მილიონერი დეპუტატია. მას ეკუთვნის ფარმაცევტული კომპანია "პსპ"-ს 95 პროცენტი, ხოლო მის ცოლს - ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პის" 100 პროცენტი. მისი ოჯახის შემოსავალი გასულ წელს რამდენიმე მილიონს აღემატებოდა. ოქრიაშვილის ყოველწლიური ხელფასი პარლამენტში კი 47 699 ლარი იყო.
ყველაზე დიდი თანხა პარტიას სწორედ "პსპ ფარმამ" შესწირა. კომპანიამ პარტიას 120 ათასი ლარი გადაურიცხა, მაქსიმუმი, რისი შეწირვაც კომპანიას წლის განმავლობაში შეუძლია. ამ კომპანიის დირექტორი კახა ოქრიაშვილის ძმა, ვაჟა ოქრიაშვილია. მან კი, პერსონალურად, "ნაციონალურ მოძრაობას" 60 ათასი ლარი გადაურიცხა. ესეც ის მაქსიმალური თანხაა, რისი გადარიცხვაც ფიზიკურ პირს შეეძლო.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 60 ათასი ლარი მიიღო ოქრიაშვილის ცოლის, ლინა თოფურიას კომპანიისგან ("ჯი-ემ-პი"), 105 ათასი ლარი კი "პსპ"-ს ოთხი თანამშრომლისგან, მათ შორის 20 ათასი გადარიცხა ოქრიაშვილების ბიძაშვილმა და, ამავდროულად, კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტის უფროსმა.
თავად კახა ოქრიაშვილმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა მისი ძმა, ვაჟა ოქრიაშვილი ირწმუნება, რომ რაიმე მითითება თანხის შეწირვაზე არ ყოფილა:
"ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების მიხედვით... სავარაუდოდ, ჰქონდათ შემოსავლები და ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს".
პარტიის მსხვილ შემომწირველებს შორის არიან ოქრიაშვილის თანაპარტიელი, ცეზარ ჩოჩელი და მისი ძმა, იაგო ჩოჩელიც. ჩეზარ ჩოჩელიც "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი კანდიდატია. ძმებმა "ნაციონალურ მოძრაობას" 100 ათასი ლარი გადაურიცხეს.
ოქრიაშვილთან დაკავშირებული პირები მსხვილი შემომწირველები იყვნენ "ქართული ოცნებისთვისაც". მხოლოდ "ჯი-ემ-პიმ" 2016 და 2017 წლებში პარტიას 240 ათასი ლარი შესწირა.