გომელაური ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ გადაუხდიათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელს ნამდვილად მისცეს თანხა. მან სპეცოპერაციის მეორე დღეს განაცხადა, რომ მთავარი იყო ადამიანების უსაფრთხოება.

"ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის. საქართველოს ბანკის თანხაა... ეს მსოფლიოში ასე ხდება... თიბისი ბანკი ხო არ გადაიხდიდა საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები", - თქვა მინისტრმა რამდენჯერმე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.