დამალული იყო თუ არა რუკა მასშტაბით 1:200 000

ექსპერტიზას ამ დრომდე არა აქვს დადგენილი იმ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის იურიდიული და შინაარსობრივი ღირებულება, რომლის შეგნებულად იგნორირება-გადამალვასთან დაკავშირებული უმძიმესი ბრალდებითაც ჯერ ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. პროკურატურა თავიდანვე აცხადებდა, რომ სადელიმიტაციო კომისიის ეს ორი წევრი რელევანტური რუკის დედანს თითქმის 20 წლის განმავლობაში მალავდა, საქართველოს საზიანოდ. აქვს თუ არა იურიდიული ძალა "დამალულად" წოდებულ რუკას და დასტურდება თუ არა დამალვის ფაქტი?

თავდაცვის სამინისტროს წიაღში მოქმედმა ჯგუფმა, რომელიც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 6-7 წლის წინ დაუპირისპირდა, სადავო რუკა მასშტაბით 1:200 000 ჯერ კიდევ 2014 წელს მოიპოვა - საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიდან.

სასაზღვრო პოლიცია კი სწორედ შს სამინისტროს ის სტრუქტურაა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დაკავებული ნატალია ილიჩოვა და 2014 წელსაც იქ იყო დასაქმებული.

თავდაცვის სამინისტროს წიაღში მოქმედ ჯგუფში, რომელმაც 2014 წელს იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ყურადღებაც დაიმსახურა, ერთ-ერთ მთავარ როლს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე ასრულებდა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ხანგრძლივი და მძიმე ძებნა-ძიების შემდეგ, რუკა მასშტაბით 1:200 000, 2014 წელს სასაზღვრო სამსახურში იქნა მოძიებული.

„ჩავატარეთ პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრთან... მაშინ იყო ირაკლი ღარიბაშვილი და მე ვუთხარი - ბატონო პრემიერო, აუცილებელია, რომ ეს რუკა მოვიძიოთ.

მან მაშინვე დაავალა მინდია ჯანელიძეს (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელი მდივანი) - მოიძიეთო და სადღაც ერთ თვეში მომიტანეს იმიდან... სასაზღვროდან... რომელიც დავასკანერე და ტირაჟი შემიძლია დავბეჭდო, არ იქნება პრობლემა“.

  • ხორბალაძე არ აკონკრეტებს, იყო თუ არა ეს სწორედ ის რუკა, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში მომუშავე ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახიდან, პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, 2020 წლის 1 ოქტომბერს;
  • თუკი ხორბალაძის მიერ „დასკანერებული“ რუკა 2014 წელს ისევ სასაზღვრო პოლიციაში დაბრუნდა, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - ხომ არ დაუბრუნდა ეს რუკა ისევ ნატალია ილიჩოვას და სწორედ ის ხომ არ აღმოაჩინეს 6 წლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების პროცესში?

როგორც ილიჩოვას ადვოკატმა, სულხან კომახიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერჯერობით არ ჰქონია საუბარი ამ საკითხზე. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ 2014 წელს თავდაცვის სამინისტროში მოქმედმა ჯგუფმა რუკა სწორედ სასაზღვრო სტრუქტურიდან მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურის მიერ „დამალულად“ წოდებული რუკა (მასშტაბით 1:200 000) „სინამდვილეში დამალული არასოდეს ყოფილა“.

ასევე ნახეთ "ჩვენი პრინციპული პოზიციის შემდეგ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა" - რას ყვება ბერი კირიონი

„პარტიზანულად“ მოქმედ ჯგუფს რუკა წლების წინ სწორედ სასაზღვრო სტრუქტურიდან რომ გადაეცა, ამის შესახებ ინფორმირებული იყო ივერი მელაშვილიც. ამის შესახებ მან დაკავებამდე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერშიც ილაპარაკა.

„მესაზღვრეებთან ინახებოდა ეს რუკა. როცა ვნახეთ, რომ მასალა დაწუნებულია, მესაზღვრეებმა წაიღეს... ყოფილი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იყო თუ ვიღაც, იმან აიჩემა - აი, ვიღაცას აინტერესებს და უნდა მივცეთო...

არ ვიცი (ვინ იყო), ბერი კირიონი იყო თუ თავდაცვის სამინისტროდან - ხორბალაძე, არც დავინტერესებულვარ... რუკის გადაცემა მათთვის მოხდა 2013 წელს დაახლოებით“, - ამბობდა მელაშვილი და ყოველთვის ამატებდა, რომ რუკა გასაიდუმლოებული არასოდეს ყოფილა.

ეს რუკა, როგორც მელაშვილი ამბობს, თავდაპირველად ჯერ კიდევ 1996-97 წლებში იპოვეს.

  • პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძის თქმით, „სასაზღვროში“ მოპოვებული რუკა ორიგინალი იყო, თუმცა არ იყო ბეჭდიანი, „საარქივო“, ანუ იურიდიული ძალის მქონე ვარიანტი.
  • ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატების თქმით, ბეჭედი და ხელმოწერა არც - ილიჩოვას კაბინეტში 1 ოქტომბერს (ჩხრეკისას) ნაპოვნ რუკას აქვს და, შესაბამისად, არც ის არის იურიდიული ძალის მქონე.

ვარგისი იყო თუ არა ასეთი რუკა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისთვის?

ადვოკატებს აქვთ ინფორმაცია, რომ 1:200 000-იანი რუკა ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უკვე წარუდგინა და უარიც მიიღო. ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვცადეთ და უწყებას შესაბამისი შეკითხვებით მივმართეთ. თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ არის.

„თუ რუკა დაუმოწმებელია, ასეთი რუკა თქვენთვის, ჩემთვის და სხვისთვის შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს, მაგრამ ივერი მელაშვილი, რომელიც ამზადებდა დოკუმენტაციას მოლაპარაკებებისთვის, ის ვერ გამოიყენებდა დაუმოწმებელ რუკას - იურიდიული საფუძველი არ ექნებოდა, ამ რუკას უბრალოდ არ განიხილავდა აზერბაიჯანული მხარე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი, დავით გარეჯის საკითხების ცნობილი მკვლევარი ლადო მირიანაშვილი, რომელსაც მიმდინარე გამოძიების პროცესში ბევრი შეკითხვა გაუჩნდა.

ის გამოძიებას ნაჩქარევად მიიჩნევს და პროკურატურის დიდ შეცდომას უწოდებს იმ ფაქტსაც, რომ არ ჩატარებულა ექსპერტიზა ჩხრეკისას ამოღებული რუკის ლეგიტიმაციისა და შინაარსის დადგენის მიზნით - „გამოძიება მხოლოდ იმით დაინტერესდა, ტერიტორიის რა ფართობი დაკარგა საქართველომ ამ რუკის არგამოყენებით, მაგრამ ამ რუკის სანდოობა არავის შეუმოწმებია... ორი ადამიანი დააკავეს და გამოძიებას არ უკითხავს - იქნებ არ არის ეს რუკა ხარისხიანი და სანდო?!“.

ასევე კვლავაც პასუხგაუცემლად რჩება შეკითხვები:

  • თუკი პროცესი 2013-14 წლებიდან იღებს სათავეს და, როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აშკარა ეჭვებს იწვევდნენ, რატომ დაიწყო გამოძიება წლების შემდეგ?
  • რატომ გააჩერა სახელმწიფომ საეჭვოდ მიჩნეული წევრები სადელიმიტაციო კომისიაში კიდევ წლების განმავლობაში?
  • თუკი დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, ხომ არ ჩაიდინეს სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებმა ასევე დანაშაული - დაგვიანებული რეაგირებითა და დანაშაულის დამალვის გზით?

ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ადვოკატებსა და არა მხოლოდ მათ, საქმის პოლიტიკურ მოტივებსა და მმართველი პარტიის მხრიდან წინასაარჩევნოდ ქულების დაწერაზე ალაპარაკებს.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ივერი მელაშვილი 1:200 000-იანი რუკის გამოყენაბაზე, შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით ამბობდა უარს - რადგან ეს რუკა ტექნიკური ხარვეზების გარდა, მისი შეფასებით, არ წარმოადგენდა 1996 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებული 1:500 000-იანი რუკის წინამორბედს. არადა, ეს აუცილებელი პირობა იყო.

  • 1996 წლის 13 ივნისის ოქმში წერია, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დროს ორი სახელმწიფო დაეყრდნობოდა 1938 წელს დადგენილ სასაზღვრო ზოლს (რასაც ასახავდა მხარეების მიერ დამოწმებული, ბეჭედდარტყმული 1:500 000-იანი რუკა);
  • ოქმში ასევე წერია, რომ მუშაობის პროცესში მხარეები გამოიყენებენ მსხვილმასშტაბიან რუკებს - მასშტაბით 1:500 000-ზე;
  • 1:200 000-იან რუკებზე ოქმში არ არის ლაპარაკი.

ამ ფაქტის დასადგენად არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა და არ დადგენილა - შეიქმნა თუ არა 1:500 000-იანი რუკა სწორედ სადავო 1:200 000-იანი რუკის ბაზაზე. კარტოგრაფები განმარტავენ, რომ წვრილმასშტაბიანი რუკები სწორედ მსხვილმასშტაბიანი რუკების ბაზაზე იქმნება და არა პირიქით.

როგორც ედუარდ მარიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ე.წ. დამალული რუკის იდენტური და ასევე დაუმოწმებელია 1:200 000-იანი მასშტაბის ის რუკა, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა მოსკოვიდან.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევენ და წაყენებული ბრალის აღიარება მათთვის გამორიცხულია. ადვოკატების თქმით, მათთვის სასარგებლოა არაერთი გამოკითხულის მიერ მიცემული ჩვენებებიც.

„მელაშვილისა და ილიჩოვას პოზიცია ამ საქმეში არის ერთი და იგივე, რომ მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და აკეთებდნენ იმას, რაც ევალებოდათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი სულხან კომახიძე.

ასევე ნახეთ დავით ხიდაშელის როლი ე.წ. კარტოგრაფების საქმეში

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები - საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

მათთვის წაყენებული ბრალი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს სს კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პროცესი რამდენიმე დღის ფარგლებში უნდა გაიმართოს.