სექტემბერში "ქართულ ოცნებას" 60 ათასი ლარი 59-მა პირმა შესწირა

ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ყველაზე უხვი შემომწირველები მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" ჰყავს. ასეა წელსაც და არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც. სექტემბერში "ქართულმა ოცნებამ" უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე სხვა ყველა პარტიამ ერთად.

მმართველმა პარტიამ მხოლოდ სექტემბერში შემოწირულობის სახით 6 515 650 ლარი მიიღო. გასულ თვეს მას 60 ათასი ლარი 59-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა. იყო დღეები, როცა დღიურად მიღებული შემოსავლების მოცულობა მილიონ ლარსაც უახლოვდებოდა. მაგალითად, 16 სექტემბერს "ქართულ ოცნებას" 947 ათასი ლარი შესწირეს, 17 სექტემბერს კი 970 ათასი. შემოწირულობად მიღებული ყველაზე მინიმალური თანხა 1,2 ათასი ლარია.

შემოწირულობებით მეორე ადგილზეა "ლელო". პარტიამ მხოლოდ დეკემბერში 1,3 მლნ ლარზე მეტი მიიღო. პარტიას მაქსიმალური თანხა, 60 ათასი ლარი 7-მა პირმა შესწირა. პარტიას ყველაზე მინიმალური თანხა 200 ლარი გადაურიცხეს.

"ლელოს" 172 ათასი ლარით ჩამორჩება "სტრატეგია აღმაშენებელი". გაერთიანება შემოსავლებით (1 172 837 ლარი) მესამე ადგილზეა. "სტრატეგია აღმაშენებელს" მაქსიმალური თანხა 5-მა პირმა გადაურიცხა, მინალური შეწირულობა კი 3 ათასი ლარი იყო.

მაღალშემოსავლიანი პარტიების ხუთეულში მოხვდნენ "ნაციონალური მოძრაობა" (727,8 ათასი ლარი) და "პატრიოტთა ალიანსი" (622,5 ათასი ლარი). ორი პარტიას 60 ათასი ლარი სამ-სამმა პირმა შესწირა. "პატრიოტთა ალიანსის" ყველაზე მინიმალური შეწირულობა 5 ათასი ლარი იყო, "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი 20 ლარი.

ხუთეულში ვერ მოხვდა "ევროპული საქართველო". პარტიამ 429,6 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. მათ შორის, მაქსიმალური თანხა 1-მა პირმა შესწირა, მინიმალური თანხა კი 500 ლარი იყო.