"ჩვენი პრინციპული პოზიციის შემდეგ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა" - რას ყვება ბერი კირიონი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული კარტოგრაფების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივზე პროკურატურა არ საუბრობს. ამ თემაზე ვრცელ განმარტებას იძლევა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ბერი კირიონი, რომელიც დავით-გარეჯში 1996 წლიდან ცხოვრობს.

არქიმანდრიტი კირიონი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ის 2007 წლიდან ხვდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების პირებს გარეჯის თემაზე; ის დეტალურად იხსენებს 2014 წლის შეხვედრის შესახებ იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელსაც წინ უსწრებდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.

ბერი კირიონის თქმით, “ირაკლი ალასანია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე სიფრთხილეს და სიდინჯეს იჩენდა” და მას შეჰპირდა, რომ “საკითხს ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლევდა.” Ალასანია 2014 წლის ნოემბრის დასაწყისამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო;

იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს არქიმანდრიტი 2014 წლის გაზაფხულზე შეხვდა. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სხვები; სასულიერო პირი ამბობს, რომ მან დაწვრილებით გააცნო პრემიერს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს მის მიერ მოპოვებული მასალები საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საზღვრის დემარკაციის პროცესზე და ეჭვები, რომ კომისია წლების განმავლობაში საქართველოს საზიანო რუკებს იყენებს საზღვრის დადგენის პროცესში. ბერმა Კირიონმა ირაკლი ღარიბაშვილს თხოვა მისი "პატრონაჟის ქვეშ გაგრძელებულიყო ამ პრობლემის ძირეული მოკვლევა. შეიძლება ითქვას, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრის ღირსების საქმედ გახადა”- ეუბნება ბერი კირიონი გამოძიებას.

Ირაკლი Ღარიბაშვილი “ღირსების საქმეს” 5 წლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებისას დაუბრუნდა. Გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრომ რუკების მოძიება ბიზნესმენ დავით ხიდაშელს შუამავლის საშუალებით სთხოვა.

ასევე ნახეთ დავით ხიდაშელის როლი ე.წ. კარტოგრაფების საქმეში

ხიდაშელის მიერ მოპოვებული რუკების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო “უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“ და კომისიის ექსპერტები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.

გამოძიებას სხვა ბრალდებულები ჯერ არ ჰყავს.

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები, ირმა ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსი”, ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან აზერბაიჯანთან მოლაპარაკებაში “სამშობლოს ღალატსა” და შესაძლო “ფინანსურ დაინტერესებაზე” საუბრობენ. ფინანსურ ინტერესებს ასახელებს გამოძიებასთან ბერი კირონიც.

რას ამბობს არქიმანდრიტი კირიონი დაკავებული კარტოგრაფების შესაძლო დანაშაულის მოტივზე

“კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა მართლაცდა გაუგებრობით ან უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე - პირველი, რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა ფინანსური ინტერესის გამო, ან მეორე, რომ ამგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან და ივერი მელაშვილი მისდა სამარცხვინოდ ამ ყოველივეს ამსრულებელი იყო” - ეუბნება ბერი კირიონი 29 სექტემბერს გამოკითხვისას გენერალურ პროკურატურას.

სასულიერო პირი ჩვენებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, საუბრობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან “ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციებზე”, “დანაშაულებრივ პოლიტიკასა” და “სრულიად არაპროფესიონალურ დამოკიდებულებაზე” დავით გარეჯთან დაკავშირებით და გამოყოფს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნინო კალანდაძეს.

"ივერი მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან 2012 წლის მაისის მოვლენების დროს, ოფიციალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას.

ეს ყოველივე, ჩემი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან:

ამ პრესკონფერენციიდან 2 საათის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა შემდგომი რამ: როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას... ანუ აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის, ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა.

ჯერ დაუდგენელ სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელსაც დავით გარეჯი წარმოადგენდა და რომელზეც მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიები, სადაც სახელმწიფოო საზღვარი დღემდე დაუდგენელია, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე "აპრიორში" ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს მიაკუთვნებდა" - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ნინო კალანდაძე ბრალდებებს ფეისბუკის გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა: "..რაც შეეხება ჩემს 2012 წლის განცხადებას, რომლითაც ბოლო დღეებში ჩვეული არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მანიპულირებს ხელისუფლება და სამთავრობო მედია, რომელიც ავრცელებს კონტექსტიდან ამოგდებულ ვიდეო ჩანაწერს, როცა კომენტარი ეხება კონკრეტულ კითხვას და კონკრეტულ უბანს და არა დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსს, ყველა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ მაშინვე გაიგო ნათქვამის არსი. კერძოდ, დავით გარეჯის ნაწილი, რომელიც სადავო ტერიტორიაზე იმყოფება, საბჭოთა დროიდან მოყოლებული ფაქტობრივად კონტროლდება აზერბაიჯანის მიერ. მაგრამ ვინაიდან დავით გარეჯი არის ერთიანი სამონასტრო კომპლექსი, უძველესი ქართული ისტორიული ძეგლების ერთობლიობა, რომელთა ერთმანეთისგან განცალკევება დაუშვებელია, ეს ტერიტორია მიიჩნევა სადავოდ. შესაბამისად, ზუსტი საზღვარი დღემდე დაუდგენელია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელსაც 1994 წლიდან ოფიციალურად აწარმოებს საქართველო აზერბაიჯანთან, რა მიზნითაც 1996 წელს შეიქმნა ე.წ. „დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია.“- წერს ნინო კალანდაძე და მიმდინარე გამოძიებას წინასწარ დაგეგმილ ბინძურ პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს "რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართულ ან საერთაშორისო სამართალთან, სიმართლის დადგენის მცდელობასთან ან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებთან" და რომლის მიზანი " ბოლომდე კომპრომეტირებული რეჟიმისთვის წინასაარჩევნოდ პატრიოტული ელფერის მინიჭებაა..

არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ახსენებს მიხეილ სააკაშვილსაც და 2007 წელს მის გაკეთებულ განცხადებას დავით გარეჯის კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

“მან [სააკაშვილმა] განაცხადა, მე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, იჰლამ ალიევი საუბრის შედეგად შევთანხმდით, რომ სიმაღლეები, რომლებიც სტრატეგიულია და წარმოადგენს აზერბაიჯანის ინტერესს, გადაეცემათ მათ, ხოლო მონასტრები დარჩება ჩვენს შემადგენლობაში. ეს განცხადება სრულიად არაპროფესიონალურია, ვინაიდან თხემზე სიმაღლე და მონასტრები ერთმანეთისგან გაუმიჯნავია, რადგან თხემის ორივე სიმაღლეზე განთავსებულია მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო, მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ აზერბაიჯანმა თავისი ქმედებით პრეტენზია განაცხადა მთლიან თემზე და თავისთავად მასში მოჰყვა მასზედ განლაგებული ყველა მონასტერი-უდაბნო და ჩიჩხიტური, ასევე მასში მოჰყვა ვერანგარეჯაც. ამ თარგის მიხედვით, ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოს არავითარი სარგებელი არ მიუღია, მოქმედებდა იმჟამინდელი ხელისუფლება და მათ შორის ივერი მელაშვილი. ჩემი ღრმა რწმენით, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, უბრალოდ დამოკიდებულება იყო არასახელმწიფოებრივი და არაეროვნული” - ყვება ბერი კირიონი და განმარტავს, რომ წინა ხელისუფლების ნდობა გარეჯში მცხოვრებ სასულიერო პირებს 2012 წლის 6 მაისს დაეკარგათ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან ერთად ვერანგარეჯაც დაიკავეს.

“აი აქ, იმჟამინდელი ხელისუფლების პოზიციამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკების ქმედებამ საბოლოოდ დაუსვა ჩვენს იმედებს წერტილი” - ამბობს არქიმანდრიტი და ამატებს, რომ მათმა პრინციპულმა პოზიციამ 2012 წელს “იმჟამინდელ ხელისუფლებას თითქოს ნიღაბი მოხსნა” და ისინი სასულიერო პირების მიმართ აგრესიულები გახდნენ.

ბერი კირიონი წინა ხელისუფლების “პოლიტიკის ფუნდამენტურ გამტარებელს” უწოდებს ივერი მელაშვილს და ჩვენებაში ამბობს, რომ ის “ყველა ხრიკს და ღონეს ხმარობდა” პირადად მის დასაბნევად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ პირადი შეხვედრებისას აჩვენებდა “სხვადასხვა წლების რუკებს, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ დავით გარეჯის საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან”.

ბერი კირიონის ჩვენებაში ამბობს, რომ ივერი მელაშვილი ძალოვანი სტრუქტურებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას “სერიოზული ბრალდებების წინაშე დადგა თავისი არაკეთილსინდისიერად წარმოებული საქმის გამო და ვერცერთ კონკრეტულ კითხვაზე გამართულ პასუხს ვერ იძლეოდა”. ივერი მელაშვილს კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე, დავით ჯალაღონია იცავდა, თუმცა არქიმანდრიტის თქმით, მან მასაც შეახსენა, რომ “სრულიად უპრინციპო ხელმძღვანელი” იყო ამ კომისიაში.

ეს შეხვედრა 2015 წელს გაიმართა.

ასევე ნახეთ ვის წისქვილზე ასხამს წყალს „კარტოგრაფების საქმე“? - რამდენიმე მოსაზრება

რა დროიდან იცოდა მოქმედმა ხელისუფლებამ რუკებთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ

არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში იხსენებს 2014 წლის გაზაფხულზე მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან და ახლანდელ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნოდარ ხორბალაძე, თედო გორგოძე, მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე. ბერმა ამ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მის მიერ მოძიებული მასალები გააცნო და პერმიერს სთხოვა, "მისი პატრონაჟის ქვეშ გაგრძელებულიყო დავით-გარეჯის მონასტრის პრობლემის ძირეული მოკვლევა".

ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერი კირიონის თქმით, “ეს საკითხი მისი, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ღირსების საქმედ გაიხადა” და პრობლემის შესწავლა დაავალა მინდია ჯანელიძეს, სახელმწიფო კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს. საქმეში ჩაერთო გიორგი სვანაძე, რომელმაც იურიდიული და კარტოგრაფიული მასალები დააჯგუფა და ადვილად დასანახი სურათი შექმნა. ამის შემდეგ კი, 2015 წლის დასაწყისში გაიმართა გაფართოებული სხდომა, რომელსაც ყველა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ამ შეხვედრაზევე ბერი კირიონის თქმით, მას შემდეგ რაც მას არ მოეწონა თავდაცვის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძის მიერ დასმულ შეკითხვებზე ივერი მელაშვილის პასუხების ტონი და მის მიერ რუკიდან შესრულებული ე.წ. “ვიკაპიროვკა” კალკის ქაღალდზე, მან ივერი მელაშვილს უთხრა, რომ მას აქვს “ლოიალური დამოკიდებულება აზერბაიჯანელთა პოზიციების მიმართ და უპრინციპობა ქართული სახელმწიფო ინტერესებისადმი”.

არქიმანდრიტი კირიონი კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა და მისი ჩვენებების მიხედვით მოქმედმა ხელისუფლებამ, სულ მცირე, 6 წელია იცის იმის შესახებ, თუ რა პრეტენზიები აქვთ სასულიერო პირებს საზღვრის დამდგენი კომისიისა და წინა ხელისუფლების მიმართ. საქმის ასევე მნიშვნელოვანი მოწმის, რუსეთიდან კარტოფრაფიული მასალების ჩამომტანის, დავით ხიდაშელის ჩვენების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ რუკების მოძიებაში დახმარება 2019 წლის ოქტომბერში სთხოვა, 2020 წლის აპრილსა და ივლისის თვეში კი მან ყველა მოპოვებული მასალა საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. 2020 წლის 30 ივლისს დავით ხიდაშელს ჰქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარესთან, ლაშა დარსალიასთან.

არქიმანდრიტი კირიონი წინა წლებში მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით და ქმედებებითაც იყო უკმაყოფილო, რასაც საჯაროდ გამოხატავდა;

არქიმანდრიტის ჩვენება, სარწმუნო არ არის „კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის. „ბერ კირიონს ჰგონია, რომ რაღაც იცის... სინამდვილეში, საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხო!" - თქვა სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილმა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული მეორე ბრალდებული, ნატალია ილიჩოვა კი ამბობს, რომ რუკები, რომელიც მათ საქმეში გამოჩნდა, მათთვის ცნობილი იყო და არასრულყოფილების გამო არ იყენებდნენ.

მე და ივერიმ მთელი საზღვარი ფეხით მოვიარეთ, ჩვენ ვიარეთ ქედები, მდინარეები და ყველა რელიეფი ვიცით. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ამ პროცესისას რუკების შედარება შეიძლება მაგიდასთან, მაგრამ წადით საზღვართან და შეადარეთ რამდენად, სწორია ეს რუკები", - თქვა ნატალია ილიჩოვამ სასამართლო სხდომაზე, სადაც მას და ივერი მელაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული არც ერთი პირი ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ასევე ნახეთ დაუდგენელი მოტივი, დაუსრულებელი დანაშაული, დამალული რუკა - რა გამოიძია პროკურატურამ

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან. ბრალდება ამტკიცებს, რომ კომისიის წევრები „სწორ რუკას” მალავდნენ და „არასწორ რუკას” მიზანმიმართულად იყენებდნენ, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, ჯამში 3500-მდე ჰექტარს, დაკარგავდა. განსხვავებულ ფართობს ასახელებს ბერი კირიონი თავის ჩვენებაში და ამბობს, რომ კომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად იცის, რომ სახელმწიფო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას არასწორი მუშაობის შედეგად, 6700 ჰექტარ მიწას კარგავდა.