პროკურატურის მტკიცებით, გამოძიება ერთი თვის წინ დაიწყო და დადგინდა, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის” შედეგად საქართველო კუთვნილ ათასობით ჰექტარ მიწას აზერბაიჯანის სასარგებლოდ კარგავდა. ოპოზიცია დაკავებულებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს და მიმდინარე გამოძიებას ქვეყნისთვის საზიანო პროცესად და საშიშ თამაშად მიიჩნევს.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა.
ვინ არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა და რას ედავება მათ პროკურატურა
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან. ბრალდება ამტკიცებს, რომ კომისიის წევრები „სწორ რუკას” მალავდნენ და „არასწორ რუკას” მიზანმიმართულად იყენებდნენ, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, ჯამში 3500-მდე ჰექტარს, დაკარგავდა.
რა რუკებზეა საუბარი
ბრალდება ამბობს, რომ კომისიის წევრები იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს, „რომლებზე დატანილი საზღვრის ხაზები არ ემთხვევა საქართველოს ისტორიულ საზღვარს”. ამავე დროს, პატარა მასშტაბის გამო ეს რუკა უვარგისი იყო კარტოგრაფიული სამუშაოებისთვის, რადგან არ შეიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას. მასზე არ არის დატანილი ცალკეული გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები - მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები და სხვა. ბრალდების თანახმად, ამ რუკის გამოყენებით შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველოს 3 500 ჰექტარამდე მიწის ფართობი დაეკარგა საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე.
რა რუკით უნდა ეხელმძღვანელათ კომისიის წევრებს (ბრალდების ვერსია)
პროკურატურა ამბობს, რომ კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 1938 წელს გამოცემული რუკით, რომელიც ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივად შეთანხმებულ ადმინისტრაციულ საზღვარს.
ბრალდების თანახმად, 1996 წლის ივნისში, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი სწორედ ეს დოკუმენტი უნდა ყოფილიყო.
რა განსხვავებაა რუკებს შორის
მთავარი განსხვავება, ბრალდების თანახმად, ისაა, რომ:
- 1938 წელს გამოცემული რუკა, 1970-80 წლებში გამოცემულ დოკუმენტთან შედარებით ტოპოგრაფიულად უფრო ზუსტია თავისი დიდი მასშტაბის გამო;
- 1938 წლის რუკაზე სახელმწიფო საზღვარი ორმხრივადაა შეთანხმებული ორივე მხარესთან და 1970-80 წლების რუკისგან განსხვავებით საქართველოს ისტორიულ საზღვრებს ემთხვევა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. ივერი მელაშვილი, რომელიც დღეს პროკურატურამ დააკავა, ამ კომისიის წევრი იყო შექმნის დღიდან.
ასევე ნახეთ დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?რით ამტკიცებს პროკურატურა ბრალდებას და როგორ ხსნის დანაშაულის მოტივს
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მათ მოიპოვეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ალბომები, სადაც საზღვრები 1938 წლის რუკაზე დაყრდნობით არ არის დატანილი. ბრალდება ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ალბომებს იყენებდნენ კომისიის წევრების დემარკაციის პროცესზე მსჯელობისას 2007 წლის ჩათვლით პერიოდში.
პროკურატურა, გარდა დაკავებულების სახლიდან ამოღებული ალბომებისა, მტკიცებულებად მიიჩნევს რუკებს, რომელთაგან ერთის, 1937-38 წლების რუკის დედანი ნატალია ილიჩოვას სახლში იპოვეს, მეორე კი, 1970-80-იანი წლების რუკა - ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში. პროკურატურის თქმით, ნატალია ილიჩოვა ამ რუკის დედნის არსებობას მალავდა, კომისიის წევრები კი, რომლებსაც ხელთ მხოლოდ ასლი ჰქონდათ, არაავთენტურობის გამო მას ვერ იყენებდნენ საზღვრის დასადგენად. რაც შეეხება ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტიდან ამოღებულ უფრო გვიანდელ, 70-80-იანი წლების რუკას, პროკურატურა ამბობს, რომ დაკავებულმა ამ დოკუმენტის გადაცემაზე მათ უარი უთხრა და ჩხრეკის ჩატარება დასჭირდათ იმ რუკის ამოსაღებად, რომლითაც მელაშვილი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
დანაშაულის მოტივებზე ბრალდება არ საუბრობს. არ ამბობს არც იმას, დაკავებულები მარტო მოქმედებდნენ თუ ვინმეს დაკვეთით ან ვინმესთან ერთად. ერთადერთი პასუხი არის ის, რომ გამოძიება გრძელდება ყველა მიმართულებით და საზოგადოება ეტაპობრივად ყველაფერს გაიგებს.
ასევე ნახეთ ზალკალიანი გარეჯზე: გაგვიჩნდა მყარი არგუმენტები რომლითაც ვისაუბრებთ კომისიის ფარგლებშიივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პოზიცია
3 ოქტომბერს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ივერი მელაშვილი ამბობს, რომ 1938 წლის რუკას, რომლის არგამოყენებაც მისთვის ბრალდების წაყენების საფუძველი გახდა, იცნობდა როგორც ის, ასევე კომისიის სხვა წევრები, თუმცა არ იყენებდნენ იმის გამო, რომ მნიშვნელოვან ტექნიკურ ხარვეზებს შეიცავს.
ივერი მელაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა. ადვოკატის ცნობით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და იმის გამო, რომ უკიდურესად შეურაცხყოფილია, არც გამოძიებასთან აპირებს რაიმე ფორმით თანამშრომლობას.
ნატალია ილიჩოვა შსს-ს მოქმედი თანამშრომელია და გამოძიების პროცესში, მათ შორის, გამოკითხვამდე და მას შემდეგ, ამ თემაზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.
რა მოვალეობები და უფლებები აქვს კომისიას ქვეყნებს შორის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში
მოქმედი კანონმდებლობით, კომისია ვალდებულია, „პერიოდულად მოახსენოს საქართველოს მთავრობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიმდინარეობის, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხებისა და საზღვარზე წამოჭრილი სირთულეების შესახებ. მოამზადოს რეკომენდაციები პრობლემების გადაწყვეტის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“; იმ შემთხვევაში, თუკი კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშაობდა, მაშინ მოქმედ ხელისუფლებას კარგად უნდა სცოდნოდა სამუშაო პროცესის სპეციფიკა, კომისიის წევრების პროფესიული ხარვეზები.
კომისიას აქვს ვალდებულება, წელიწადში ერთხელ მაინც შეიკრიბოს, საქართველოს მთავრობას კი უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმა დელიმიტაციის პროცესის სწრაფად დასრულების მიზნით.
ასევე ნახეთ საქართველომ აზერბაიჯანს გადასცა საზღვართან დაკავშირებული ახალი მასალებიმეზობელ ქვეყნებთან საზღვრის რა მონაკვეთებია დასადგენი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილი და სამართლებრივად გაფორმებული აქვს მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან. დანარჩენ მეზობლებთან საზღვრები მხოლოდ ნაწილობრივად არის დადგენილი და კომისიაც სწორედ ამ პროცესის სწორად სამართავად არსებობს. სომხეთის რესპუბლიკასთან სასაზღვრო მონაკვეთის 71%, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 66% უკვე შეთანხმებულია. რაც შეეხება სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან, სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია მთლიანი სახელმწიფო საზღვრის 36%. ასეთი მოცემულობა აქვს საქართველოს 2014 წლის შემდეგ.
რამდენად შესაძლებელია, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხები კომისიის წევრების დონეზე გადაწყდეს
საზღვრების შეთანხმება სახელმწიფო დონეზე რთული და ხანგრძლივი სამართლებრივი პროცედურაა და ის არა კომისიების, არამედ პარლამენტების და საგარეო უწყებების ჩართულობით, პრეზიდენტების ან პრემიერ-მინისტრების დონეზე წყდება.
საზღვრების დადგენისას მხარეებს შორის უნდა არსებობდეს შეთანხმება, პარლამენტების მიერ იყოს რატიფიცირებული და არსებობდნენ უფლებამოსილი პირები ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერებისთვის და ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, როგორც ორივე ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს.
როგორ აფასებს პროკურატურის ამ საქმეს ოპოზიცია
ოპოზიცია ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არა ამ კონკრეტული ორი ადამიანის ბრალეულობის გამოძიებისთვის, არამედ წინა ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობის პირების და მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს პროცესი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საშიშად და საზიანოდ გამოიყურება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი სომხეთთან ომში ჩაება მთიან ყარაბაღში.
ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დავით გარეჯის საქმის გამოძიება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე არ აისახებაპროკურატურის მიერ, მნიშვნელოვან არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, წინ უსწრებდა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მზადდებოდა ახალი საქმე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ საქმისთვის კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა დავით ხიდაშელმა ქართულ მხარეს მიაწოდა გასული საუკუნის 20-იანი წლების რუკები, რომლებიც მან მოსკოვის არქივში მოიპოვა. ნიკა გვარამია ამბობდა, რომ რუკების ჩამოტანა საჭირო გახდა იმ სცენარის გასათამაშებლად, თითქოს, ქართულმა მხარემ სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში არ გამოიყენა მის ხელთ არსებული მოგებიანი რუკები.
თავად მიხეილ სააკაშვილმა 30 სექტემბერს პროკურატურის მიერ წამოწყებული გამოძიება ცეცხლთან თამაშად და იაფფასიან რუსულ სპეცოპერაციად შეაფასა და თქვა, რომ აზერბაიჯანთან, 2012 წლის NATO-ს სამიტზე ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეული იყო მათ შორის გარეჯის საკითხზეც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობები ვერ შეინარჩუნა.
ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უწყებების წყარო ნამდვილად დავით ხიდაშელი იყო, დაადასტურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ხიდაშელის წყალობით მოპოვებულ იქნა არა გასული საუკუნის 20-იანი წლების, არამედ 1938 წლის რუკის „ორიგინალური ვერსია“.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2020 წელს
26.03 - საქართველოს პრემიერმა დაამტკიცა კომისიის ახალი შემადგებლობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას თავმჯდომარეობით. კომისიის ამ შემადგენლობაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არ შედიან.
17.08 - საქართველოს პროკურატურა წერილით მიმართავს თავდაცვის სამინისტროს და აწვდის როგორც ინფორმაციას „საზღვრის დამდგენი კომისიის ცალკეული წევრების საეჭვო საქმიანობის შესახებ”, ასევე „მნიშვნელოვან საარქივო და ტოპოგრაფიულ მასალას”.
24.09 - საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მიმდინარეობს და კარგი იქნება, თუ ამ საკითხის გადაწყვეტას სპეციალისტებს მივანდობთ. მან თქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, სპეციალისტებს შეეძლოთ თავისუფალ გარემოში მუშაობა და სპეკულაციებმა და პოლიტიკურმა განცხადებებმა პროცესი არ უნდა დააზიანონ. ჯეიჰუნ ბაირამოვმა ისიც თქვა, რომ ამ თემას მესამე ძალა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად იყენებს.
ამავე დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება ორმხრივი სტრატეგიული ინტერესია.
2019 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ეს მოულოდნელობა ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოში სწორედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირეს.
27.09 - მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა. ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ომში ჩართულ აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენისას არსებულ ხარვეზებზე საუბარი საქართველოსთვის უკიდურესად საზიანოა.
29.09 - პროკურატურამ საჯაროდ თქვა, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
01.10 - ნატალია ილიჩოვას სახლი და ივერი მელაშვილის ოფისი გაჩხრიკეს.
02.10 - ნატალია ილიჩოვა პროკურატურაში დაკითხეს.
03.10 - პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ივერი მელაშვილი. ამ დღეს მან თქვა, რომ „ახლად აღმოჩენილი რუკები” სინამდვილეში კომისიის წევრებისთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, იმის გამო, რომ ტექნიკურად გამართული არ არის, კომისია მას ვერ იყენებდა, ვინაიდან მეორე მხარესთან საკუთარი პოზიციების დასაცავად მხოლოდ მყარი მტკიცებულებებით არის საუბარი შესაძლებელი.
07.10 - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავეს.
ოპოზიციამ და აქტივისტებმა მათ მხადასაჭერად პროკურატურასთან აქცია გამართეს და თქვეს, რომ ორივენი „ივანიშვილის პირადი პატიმრები” არიან.
საზღვრის დადგენის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს, მხარდაჭერა გამოუცადა საქართველოს ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ.
ივერი მელაშვილს გამძლეობა უსურვა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც კომისიის ყოფილი წევრების დაკავება საქართველოში არსებული პრობლემების გადაფარვის მცდელობად შეაფასა.