იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდა - როგორ აჩუქა ივანიშვილმა თბილისელებს მათივე იდეა წინასაარჩევნოდ

“ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, დაახლოებით 36 ჰექტარი, თბილისს აჩუქა. ეს ტერიტორია მისი საკუთრება თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო და უცნობია, რა ფასად მოიპოვა წინა ხელისუფლების დროს რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში.

ქალაქის მერი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ისეთივე რეკრეაციული სივრცე გაშენდება, როგორც ცენტრალ პარკია ნიუ-იორკში. ეს უბრანული სივრცე მაჰეტენზე სიგრძეში 4 კილომეტრი, სიგანეში კი 800 მეტრია. ანუ 9-ჯერ უფრო დიდი ვიდრე თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაა.

თბილისური ცენტრალ-პარკისთვის საჭირო ათეულობით მილიონს ისევ ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართუ” ფონდი გადაიხდის.

პროექტის პრეზენტაცია ხვალისთვისაა დაგეგმილი, ასე, რომ ამ მომენტისთვის საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAP Landscape & Urban Design მუშაობს.

თბილისის მერიისა და ფონდ "ქართუს" ერთობლივი განცხადებისას ნაჩვენები დიზაინი, როგორიც შეიძლება იყოს იპოდრომის ტერიტორია

თბილისელების ბრძოლა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიისთვის

თბილისის მოსახლეობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას ჯერ კიდევ 2016 წელს თხოვდა. პეტიცია, რომელსაც ხელს 20 000 მოქალაქე აწერდა, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვა.

“კი არ აჩუქა, დაუბრუნა ქალაქს” - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” გადაწყვეტილებას თორნიკე ლეჟავა, მანისფესტის ავტორი, რომელიც იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის მოთხოვნით ხელმოწერებს წლების განმავლობაში აგროვებდა. მისთვის იპოდრომის ქალაქისთვის დაბრუნება მოულოდნელი და სასიხარულო იყო.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელსაც წლიდან წლამდე მაღალი კორპუსების მშენებლობისთვის მწვანე სივრცე აკლდებოდა 2015 წელსაც გახდა მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი. ყოფილ მერს დავით ნარმანიას, როცა ის მერის სტატუსით პირველად მივიდა თბილისის საკრებულოში ანგარიშის ჩასაბარებლად, აქტივისტებმა წინა დღით იპოდრომზე მოჭრილი 35 ხის ტოტები და მორები დაახვედრეს.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალ პარკის გაშენების იდეა ჰქონდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი. მერობის კანდიდატი ფიქრობდა,რომ ქალაქს შეეძლო ბიძინა ივანიშვილისგან ეს ტერიტორია გამოისყიდოს და წელიწადნახევარში ახალი პარკი გაეშენებინა. ცენტალ პარკისგან განსხვავებით უდუმაშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოცეკვავე შადრევანის გაკეთებას გეგმავდა, და პროექტში უცხოელების ჩართვაზეც ფიქრობდა.

ნატა ფერაძე ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომელიც სხვადასხვა დროს იპოდრომის ტერიტორიაზე მშებებლობების წინააღმდეგ გამოდიოდა. ის დღესაც მიიჩნევს, რომ ქალაქის მთავრობა ცუდად იქცევა, როცა მოსახლოების ჩართულობის გარეშე უკვეთავს ჰოლანდიურ კომპანიას პარკის დიზაინს ისე, რომ არ ეკითხება თბილისელებს.

“პარკი უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს. მიწა ჩემია და ვისაც მინდა იმას შევუკვეთავ, როგორც მინდა ისეთ დიზაინს - არ კეთდება არსად ასე, ცივილიზებულ სამყაროში, დემოკრატიულ საზოგადოებებში ასეთი მნიშვნელოვანი პარკები. ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯები” - ამბობს ეკო-აქტივისტი ნატა ფერაძე. კონკურსის და მოსახლეობის ჩართულობის გარეშე შედგენილი პროექტები საჯარო სივრცეების მოსაწესრიგებლად ის სისტემური პრობლემააა, რასაც ნატაც და სხვა აქტივისტებიც მერიას ხშირად ახსენებენ.

თავყრილობა იპოდრომზე; ფოტოს გადაღების წელი უცნობია. ტრიბუნაზე ჩანს წარწერა, "დიდება სტალინს"

ივანიშვილის საკუთრება

მიწა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქალაქს არჩევნებამდე 25 დღით ადრე გადასცა, წელს ზაფხულში ფონდმა “ქართუმ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია შპს “ინვესტ კაპიტალისგან” შეიძინა. ივანიშვილის ფონდმა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ამ შენაძენში 60 მილიონი ლარი გადაუხადა. ოპოზიციის წარმომადგენლები მაშინ მედიაში ამბობდნენ, რომ ამ ქონებას მმართველი პარტიის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ გამოიყენებდა, საკუთარ კომპანიებს შორის გადარიცხვები კი ფულის გათეთრების ეჭვებს აჩენდა.

შპს “ინვესტ კაპიტალი,” ანუ ის კომპანია, რომლისგანაც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია იყიდა, კობა კობიაშვილს ეკუთვნის. ის ივანიშვილის ნათესავი, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი და ქართუ ჯგუფის ყოფილი პარტნიორია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ამავე კომპანიას ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ქონება, რომელიც სამართავად სახელმწიფოს წლების წინ გადასცა - ძვირადღირებული საკონცერტო დარბაზი შეკვეთილში, ბლექ სი არენა.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა ქალაქს 2018 წელსაც დაუთმო, როცა აქ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე მერიამ ახალი სატრანსპორტო ესტაკადა ააშენა. მაშინ ქალაქის ვიცე-მერი, მაია ბითაძე ამბობდა, რომ ივანიშვილთან ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემაზე შეთანხმება სიტყვიერად არსებობდა. მიიღო თუ არა მმართველი პარტიის ლიდერმა ამ მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია, უცნობია.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელსაც წლიდან წლამდე მაღალი კორპუსების მშენებლობისთვის მწვანე სივრცე აკლდებოდა 2 წლით ადრეც გახდა მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი. 2015 წელს, მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას, როცა ის მერის სტატუსით თბილისის საკრებულოში პირველად მივიდა ანგარიშის ჩასაბარებლად, აქტივისტებმა წინა დღით იპოდრომზე მოჭრილი 35 ხის ტოტები და მორები დაახვედრეს.

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება 2010 წელს;

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება 2020 წელს;

რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი ქალაქისთვის არჩევნებამდე 25 დღით ადრე?

პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების მოსაზრება

“ბევრი წელია აქვს ეს ტერიტორია, ვერ გაანაშენიანა და ახლა გუშინდელი გამოკითხვის შედეგების შემდეგ, როცა დაინახა რომ თბილისში “ოცნების” რეიტინგი არც ისე კარგად გამოიყურება, გამოაჩინა მისი ერთ-ერთი შენახული კოზირი. ეს არის ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ” - უთხრა რადიო თავისუფლებას აქტივისტმა ნატა ფერაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მოქალაქეების ჩართულობა აუცილებელია და ქალაქის მერიის მავნე პრაქტიკა, კონკურსის გარეშე შეარჩიოს დიზაინი ქალაქისთვის მნიშვენლოვანი საჯარო ადგილებისთვის, იპოდრომის შემთხვევაშიც სახეზეა.

“იპოდრომის დაბრუნება ქალაქისთვის, თუნდაც წინასაარჩევნო მოსყიდვის ფარლებში, კარგია საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნო მოსყიდვა, ყალბი საარჩევნო მოსყიდვა, რაც ბიძინა ივანიშვილს ასე კარგად გამოდის. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ აქ ნამდვილად პარკი გაშენდება. ქართული ოცნება გამოირჩევა გატეხილი დაპირებების რეკორდით” - ამბობს ეკოლოგი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში საინტერესო იქნება თავად იმის გამოძიებაც, როგორ აღმოჩნდა ამხელა რეკრეაციული ზონა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში.

საკუთარი რეიტინგის და აქტიურობის დამსახურებად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი.

“ყოველგვარი მორიდების გარეშე ვამბობ - იციან რომ მათ კანდიდატს შანსი არ აქვს პირველ ტურში გაიმარჯვოს და ამიტომაც მსოფლიოში ყველაზე წუწურაქ ივანიშვილს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. კი, ასეა სწორედ საბურთალოელების სიყოჩაღის და ოცნებისადმი ზურგისშექცევის შედეგია ის რომ იპოდრომი ჩვენია დღეიდან!” - დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 5 ოქტომბერს.

“ივანიშვილი ვერცერთ თბილისელს ვერ გამოუსწორებს იმ სიღარიბეს, უმუშევრობას და საშინელ ყოფას იმით, რომ იპოდრომი გადასცა თბილისის მერიას", - ამბობს ხათუნა გოგორიშვილი, ევროპული საქართველოდან და იხსნებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ვალების ჩამოწერის პროგრამას, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთ შემთხვევას და შეუსრულებელ დაპირებას.

“რაც არ უნდა ილაპარაკონ ახლა, რომ ეს უბრალოდ კერძო საკუთრება იყო და ასე გადაწყვიტა კომპანიამ და კომპანიის დღის წესრიგია, ის რომ კომპანიის დღის წესრიგი პირდაპირ საარჩევნო დღის წესრიგს აჯდება ერთ რამეს ნიშნავს, რომ საარჩევნოდ გულების მოსყიდვის თემაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს პირდაპირ წერია საარჩევნო კოდექსში, ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება. ფაქტი ერთია, რომ ამას ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ აკეთებს იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს გატეხილი სახელი” - ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.

ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტზე საუბრობს ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრი, ირაკლი აბესაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ გადაცემით ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი ნახა.

“ჯერ კიდევ ივნისში, ივანიშვილმა, მის საკუთრებაში არსებული კომპანიისგან, ფონდი ქართუს მეშვეობით, 60 მილიონ ლარად გამოისყიდა ეს ტერიტორია. ანუ მან ფონდ ქართუში ოფშორული კომოპანიებისგან შემოწირული 60 მილიონი ლარი გადაიტანა თავისი ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში და დღეს ირკვევა, თუ რატომ გააკეთა ეს.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილს ჰქონდა განზრახვა ტერიტორის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მაშინ მას შეეძლო ეს გაეკეთებინა საკუთარი შპს - თიც და ამ შემთხვევაშიც ეს ოპერაცია იქნებოდა უსასყიდლო და ივანიშვილს დამატებითი გადასახადების გადახდა აღარ მოუწევდა. ამის ნაცვლად, მან აიღო ოფშორული კომპანიებიდან ჩამორიცხული 60 მილიონი ლარი, გადაიტანა შპს- ში, მაშინვე დავსვით კითხვები, ხომ არ იყო ეს ფულის გათეთრება და რამდენად კანონიერი წარმომავლობის იყო ეს თანხა და რაც მთავარია, რა მიზანი ჰქონდა საქველმოქმედო ფონდიდან, სადაც თანხების ხარჯვაზე მეტი კონტროლი აქვს სახელმწიფოს, ფულის გადატანას საკუთარ შპს-ში. თუ მას უნდა ეჩუქებინა ეს სახელმწიფოსთვის, მაშინ დასტურდება ჩვენი მაშინდელი ვარაუდები, რომ დიდი ალბათობით ეს არის ფულის გათეთრება და დიდი ალბათობით ამ თანხის დიდ ნაწილს ივანიშვილი მოახმარს წინასაარჩევნოდ უკანონოდ ხარჯვასა და მოსყიდვის მცდელობას საზოგადოებაზე” - ამბობს ირაკლი აბესაძე.

თბილისის იპოდრომი; ფოტოს გადაღების წელი უცნობია

ხელისუფლების პოზიცია

ქტივისტებისა და ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველი პარტიის წევრები იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუბებას უნიკალურ საჩუქრად და უპრეცედენტო ქველმოქმედებად აფასებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემა მთელი ქვეყნისთვის უნიკალური საჩუქარია, “ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში” კი - ბიძინა ივანიშვილის უცვლელი ხელწერა. არჩილ თალაკვაძე პასუხს ცემს იმ კითხვასაც, როგორ აღმოჩნდა ქალაქის ცენტრში არსებული რეკრეაციული ზონა “ქართული ოცნების” ლიდერის საკუთრებაში: “ბიძინა ივანიშვილმა წარსულში, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა.”

“ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში კვლავაც უანგარო და მასშტაბურია“ - ასე შეაფასა ნინო წილოსანმა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების სიის 24-ე ნომერმა თბილისის მერიის დღევანდელი ახალი ამბავი.

თბილისის მერია იპოდრომის გარშემო გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემას და პროექტის წარდგენას ხვალ, 6 ოქტომბერს გეგმავს.

ასევე ნახეთ "800 თეთრი კორპუსი" იპოდრომის ტრიბუნებზე