თბილისის მერიამ პირველ ივნისამდე გაუგრძელა ვადა კომპანია „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენაზე 2015 წლიდან მუშაობს. მერიაში გაკეთებული განმარტების მიხედვით, „სითი ინსტიტუტმა“ ორ თვეში უნდა შეძლოს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გაკრიტიკებული დოკუმენტის სრულყოფა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რა გახდა „სითი ინსტიტუტისათვის“ დამატებითი ვადის გამოყოფის მიზეზი?
თბილისის გენერალური გეგმის პროექტი
- გენერალური გეგმის პროექტის ავტორები ამბობენ, რომ შედგენილი დოკუმენტი მორგებულია თბილისსა და მის ინტერესებს და რომ თბილისის მერიას, მთელ რიგ შემთხვევებში, აუცილებლად მოუწევს კერძო საკუთრებაში გაცემული ტერიტორიების დაბრუნება.
- საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე უსისტემოდ არის დაგეგმარებული და გაცემული - მაგალითად, დიდი დიღმის მიმდებარე ფერდობები, შინდისის მიმართულებით მდებარე ტერიტორიები, მიწის ნაკვეთები თბილისის ზღვის მახლობლად და სხვა.
- „სითი ინსტიტუტის“ გენგეგმის პროექტის მიხედვით, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიაც რეკრეაციულ ზონადაა მონიშნული.
„იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია გენგეგმის არსებობა, მივიღეთ გადაწყვეტილება მივცეთ დრო „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად ხელს შევუწყობთ მერიის ყველა სამსახური, რომ „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი, ხარისხიანი მასალა“, - თბილისის მერმა კახა კალაძემ ეს განცხადება 2 აპრილს თბილისის საკრებულოს შენობაში კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამ დრომდე კალაძე მწვავედ აკრიტიკებდა კომპანიის მიერ შედგენილ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს. არ მოსწონდა ის, რომ, მისი თქმით, მწვანე სივრცეები იზრდებოდა სარეკრეაციო და სატყეო არეალების ხარჯზე, რომ მთლიანად იგნორირებული იყო შიდა კვარტალური სკვერები, გამწვანებული არეალები და მათ საქმიანი, სამშენებლო ზონა ცვლიდა, რომ გეგმა, მთელ რიგ შემთხვევებში, მწვავედ უპირისპირდებოდა კერძო საკუთრებას. თბილისის გენგეგმის ავ-კარგზე საუბარს კახა კალაძემ ვერც 2 აპრილს აუარა გვერდი:
„ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ეს არის კერძო საკუთრების თემის ნაწილი. ეს არის ტრანსპორტის მიმართულება, რაზეც მოგვიწევს მუშაობა. მოგვიწევს წარმოდგენილი რუკების დახვეწა... და ყველა ამ პროცესში მერია მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ დოკუმენტი იყოს სრულყოფილი და შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება. ძალიან ბევრი სამუშაოა გაწეული და თვითონ კონცეფცია „მწვანე ქალაქის“, შეკავშირებული და კომპაქტური, ჩვენთვის მისაღებია. ახლა მთავარია შევიმუშაოთ სწორი ხედვა, მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ, რომ გენგეგმა იყოს ქმედითი და მოერგოს ქალაქს“.
გენერალური გეგმის პროექტის ავტორებიც ამბობენ, რომ შედგენილი დოკუმენტი მორგებულია თბილისსა და მის ინტერესებს და რომ თბილისის მერიას, მთელ რიგ შემთხვევებში, აუცილებლად მოუწევს კერძო საკუთრებაში გაცემული ტერიტორიების დაბრუნება. მამუკა სალუქვაძე „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორი, ამბობს, რომ ახალ ვადაში კომპანია შეეცდება უფრო მკაფიოდ დაასაბუთოს გენგეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების აუცილებლობა:
„ეს ეხება, მათ შორის, საკუთრების ფორმებსაც და ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, მერიისთვისაც არის მისაღები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დასაბუთებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის ამა თუ იმ შემთხვევაში, როცა კერძო საკუთრებას ეხება. სამწუხაროდ, ვინც ჩვენი ქალაქის განვითარების ისტორია იცის, არ სჭირდება შეხსენება იმის, თუ რა ბევრი ნაკვეთია გაყიდული აბსოლუტურად შეუსაბამო ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე იქნება საუბარი, უფრო დეტალურად იქნება გაწერილი ეს საკითხები, რათა შევჯერდეთ მერიასთან, რომ შემდეგ ეს გენგეგმა თაროზე კი არ შემოდონ, არამედ რეალურად განახორციელონ“.
ამას სჭირდება იურიდიული კუთხით განხილვა, ამას სჭირდება ეკონომიკური კუთხით განხილვა. მეორე მიმართულება ეს არის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა საყრდენ დოკუმენტაციაში, რუკებში, რომლებიც წარმოადგინეს, და ესეც გამოსწორდება და, მესამე, გეგმის განხორციელების ეტაპები, რომლებიც ხარვეზებად დავასახელეთ...ილია ელოშვილი
მამუკა სალუქვაძის თქმით, საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე უსისტემოდ არის დაგეგმარებული და გაცემული - მაგალითად, დიდი დიღმის მიმდებარე ფერდობები, შინდისის მიმართულებით მდებარე ტერიტორიები, მიწის ნაკვეთები თბილისის ზღვის მახლობლად, ასევე სხვა ცალკეული ტერიტორიები, რომლებიც მოქცეულია ე.წ. შეზღუდვის ზონებში, სადაც მაღალია გეოდინამიკური საფრთხეები და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ „სითი ინსტიტუტის“ გენგეგმის პროექტის მიხედვით, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიაც რეკრეაციულ ზონადაა მონიშნული. თბილისის ვიცე-მერი ილია ელოშვილი ჩამოთვლის იმ სამ საკითხს, რომლებზეც ინტენსიური მუშაობა მოუწევს “სითი ინსტიტუტს“:
„პირველი ეს არის სამართლებრივ ჭრილში ამ დოკუმენტის ქმედითობა, ანუ როგორ უნდა მოხდეს ერთი დოკუმენტიდან (რომელიც გაგვაჩნია) მეორეზე გადასვლა ისე, რომ არ შეილახოს კერძო მესაკუთრეთა უფლებები, იყოს გააზრებული, არ იყოს რისკების შემცველი მერიისთვის. ამას სჭირდება იურიდიული კუთხით განხილვა, ამას სჭირდება ეკონომიკური კუთხით განხილვა. მეორე მიმართულება ეს არის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა საყრდენ დოკუმენტაციაში, რუკებში, რომლებიც წარმოადგინეს, და ესეც გამოსწორდება და, მესამე, გეგმის განხორციელების ეტაპები, რომლებიც ხარვეზებად დავასახელეთ. საჭიროა ამ ეტაპების სწორად გადალაგება და ისე შეჯერება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სწორად დავინახოთ ქალაქის განვითარება“.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მსგავსად, თბილისის საკრებულოს უმრავლესობაც ფიქრობს, რომ 1 ივნისამდე „სითი ინსტიტუტი“ შეძლებს მისაღები დოკუმენტის შექმნას. „სითი ინსტიტუტთან“ ურთიერთობის გაგრძელებას მიესალმება საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა ვაჩეიშვილი.
„მერია თვითონ მიხვდა ამდენი დავიდარაბის შემდეგ, რომ, ფაქტობრივად, ყულფში აქვთ თავი გაყოფილი, უარის თქმა შეუძლებელია, რომ ქალაქი თავზე ემხობათ და რაღაც უნდა იღონონ. ახლა მთავარია დრო არ გაიწელოს, ისევ ქაღალდების გაუთავებელი ტრიალი არ წავიდეს, ქალაქისათვის დამაზიანებელი ნებართვების ფორსირებული გაცემა არ დაიწყოს და არ შეგვრჩეს ქაღალდები და დანგრეული, სახეცვლილი ქალაქი. მთავარია ჯანსაღად წარიმართოს პროცესები. ამის შესაძლებლობა ახლა გაჩნდა“, უთხრა ნიკა ვაჩეიშვილმა რადიო თავისუფლებას.