როგორ დავიბრუნეთ დედა ანუ როცა სიღარიბეში უფრო თბილა

ორი კვირის წინ, სასამართლომ, ჩამორთმეული 2 შვილი დაუბრუნა და მშობლის შეზღუდული უფლება აღუდგინა დედას, რომელსაც თითქმის სამი წელია, რაც ბავშვები ჯერ ნაწილობრივ ჩამოაშორეს და დღის ცენტრში გადაიყვანეს, წელიწად-ნახევრის წინ კი, ორივე ჩამოართვეს და თბილისიდან შორს, ერთ-ერთ რეგიონში მინდობით აღზრდაში გაუშვეს. დღეს ყველანი ერთად, სახლში არიან.

მაშინ კი, წელიწად-ნახევრის წინ, სახელმწიფოს მზრუნველობაში ბავშვების გადაყვანის მოტივი ის იყო, რომ ოჯახს „სათანადო პირობები არ გააჩნდა“, კარგად არ იკვებებოდნენ, სკოლას აცდენდნენ და არც მათი საცხოვრებელი და პირადი ჰიგიენური პირობები აკმაყოფილებდა სტანდარტს. დასკვნაში ისიც ეწერა, რომ „ბავშვები უგულვებელყოფის მსხვერპლნი“ იყვნენ.

ასევე ნახეთ ჩამორთმეული ბავშვები სასამართლომ დედას დაუბრუნა, თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა

პანდემიის გამო, ბავშვებს დედა შვიდი თვის განმავლობაში არ ენახათ. სოცმუშაკისგან იცოდნენ, რომ წელიწადში მხოლოდ 20 დღე ჰქონდათ სახლში რამდენიმე დღით წასასვლელად. მორჩენილ დღეებს კი ითვლიდნენ, რომ ახალ წელს დედასთან ერთად შეხვედროდნენ.

მაგრამ დღეების გამოზოგვა აღარ დასჭირდათ - ბავშვები, 16 სექტემბერს, სასამართლო დარბაზიდანვე დედასთან ერთად სახლში წავიდნენ.

ასევე ნახეთ დედისთვის ჩამორთმეული ბავშვები: არქმევს თუ არა სახელმწიფო ღარიბებს მოძალადის სახელს?

რადიო თავისუფლება მოგითხრობდათ, როგორ დაიბრუნა, რეალურად, სიღარიბის გამო ჩამორთმეული შვილები დედამ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატების დახმარებით, მაგრამ ჩვენ არ მოგვიყოლია, როგორ დაიბრუნეს ბავშვებმა დედა - რას გრძნობდნენ და ფიქრობდნენ ისინი (17 და 11 წლის) მთელი ამ წლების განმავლობაში სიღარიბეში ცხოვრებაზე, ბულინგზე, რომელსაც სკოლაში ყოველდღე აწყდებოდნენ, მინდობით აღზრდაში ახალ ცხოვრებაზე, უდედოდ ყოფნასა და ბოლოს, შინ დაბრუნებაზე.

ამბავს უფროსი, 17 წლის გოგო გვიყვება, თითქმის ჩურჩულით, ორ-სამსიტყვიანი წინადადებებით. მისი შუათანა ძმა ჯერ მხოლოდ 11 წლისაა, უმცროს ძმასთან ერთად თამაშობს და აღმა-დაღმა დაქრის თავისი სახლის ეზოში.

გოგონა კი ყვება, როგორ გადაწყვიტა ჰყოლოდა ადვოკატი, არ შეშინებოდა უფროსების ზეწოლის და სამართლებრივი გზით ეცადა სახლში, დედასთან დაბრუნება.

მის სახელს და გვარს, ისევე როგორც მისი დედის და მისი ძმების ვინაობას, მისივე თხოვნით ისევ არ ვასახელებთ. შეიძლება წლების მერე, ამბობს და ჩვენი დიალოგიც იწყება.

დიალოგი უცვლელად

დღეს როგორ იხსენებ სამი წლის წინანდელ ცხოვრებას, რთული იყო?

კი, ცოტა.

სკოლაში როგორ მიდიოდით ხოლმე - სახლიდან საკმაოდ შორს იყო ხომ?

ხან ფეხით. ხან „მარშრუტკით“. ნახევარი საათი უნდოდა ფეხით.

ტრანსპორტი სახლთან ახლოს მოდიოდა?

არა, გორადან უნდა ჩავსულიყავით ჯერ გზამდე და მერე... ხანდახან "მარშრუტკას" არ მივყავდით.

რატომ?

ფული არ გვქონდა.

კალთაში ვისვამდი ხოლმე ჩემს ძმას. ჩემს დეიდაშვილებსაც. ერთ სკამზე ოთხნი ვსხდებოდით ხოლმე. მძღოლი გვეჩხუბებოდა. ხმას არ ვიღებდი.

მგზავრობის ფული ხშირად არ გქონდათ?

ძალიან ხშირად.

სკოლაში როგორი იყო, მოგწონდათ იქ?

არა. არ იყო ეგ კარგი სკოლა. სულ ბულინგი იყო.

ვისი მხრიდან?

კლასელების. მასწავლებლების.

რას ამბობდნენ?

ბოლის სუნი გაქვთო. ჩვენ ხო შეშის „ფეჩი“ გვქონდა. მეორე დღეს სკოლაში წასვლა აღარ მინდოდა.

და მერე ერთ დღეს აღარც წახვედით ხომ სკოლაში?

ხო. აღარ. სახლიდან გავდიოდით და სახლთან ახლოს ვიყავით ხოლმე. ვიმალებოდით. სახლში დაბრუნების დრო რომ მოდიოდა, ვბრუნდებოდით. ვერთობოდით და დრო გადიოდა.

რით ერთობოდით?

იქ მიწა იყო გახლეჩილი და იმაზე ვხტუნაობდით. ფოტოებსაც ვიღებდით.

ვინ და ვინ იყავით?

მე, ჩემი ძმა და ჩემი დეიდაშვილები. ერთად მოვიფიქრეთ რომ ასე მოვქცეულიყავით. მათაც იგივე პრობლემა ჰქონდათ სკოლაში.

დიდხანს გაგრძელდა ასე?

კი, ორი წლის განმავლობაში ასე ვაცდენდით ხოლმე დროდადრო. თავიდან კი ვმეცადინეობდი ხოლმე, მაგრამ მერე უკვე მარტო აღარ. ვეღარ.

მინდობით აღზრდაში როცა იყავი, სკოლაში ხომ დადიოდი?

კი, მაგრამ ძალიან ჩამოვრჩი. ვერავინ მამეცადინებდა.

დღის ცენტრი როგორ გახსენდება, სადაც შენ და შენი ძმა მოხვდით?

იქ სკოლის მერე დავდიოდით. დაწყებითებს კი ამეცადინებდნენ, დიდებს არა. კომპიუტერი იყო და თამაშები. ვერთობოდით. ფილმებს ვუყურებდი. თავიდან კარგი იყო. მაგრამ მერე, იქაც იყო ბულინგი.

მაგალითად?

აი, საჭმელს თუ არ შევჭამდით, გვეუბნებოდნენ, ესეთი საჭმელი სახლში გქონდათო? ან თუ თეთრეულის გამოცვლას მოვითხოვდით, სახლში რა, უკეთესი გქონდათო?

რას პასუხობდი?

კი, გვქონდა-მეთქი.

ახლა რომ მიხვედი ამდენი ხნის მერე სახლში, რა გააკეთე?

ჩემს ოთახში შევედი. მენატრებოდა.

დღის ცენტრში რა მოგწონდა?

თეატრში დავყავდით ხოლმე. კინოში. ეგ კარგი იყო. სახლიდან მანდ ვერ დავდიოდით ხოლმე.

ღამით რის შემდეგ დაგტოვეს შენ და შენი ძმა დღის ცენტრში? მანამდე ხომ მხოლოდ დღეს ატარებდით ხოლმე იქ.

ეგ უკვე მერე იყო, სკოლის გაცდენები რომ დავიწყეთ. მერე სკოლიდან სოცმუშაკს შეატყობინეს და გაიგეს.

შენი პატარა ძმა დედასთან დატოვეს მაშინ არა?

კი. მეშინოდა, რომ დედაჩემს პატარასაც წაართმევნენ და მე და შუათანა წავედით.

დედა როგორ იყო?

ძალიან განიცდიდა. სადაც შეეძლო, სულ არკვევდა რაღაცას.

მერე რა მოხდა?

მერე სოკო გადაგვედო. მეგობარმა ლეკვი მოიყვანა და იმას ჰქონდა. ჩვენ ვეთამაშებოდით. მერე დედამ წამიყვანა ექიმთან. 70 ლარის წამლები გამოგვიწერეს და ვმკურნალობდი.

დღის ცენტრიდან დედამ წამოგიყვანა როგორც ვიცი. რატომ?

გამიჭირდა იქ. წამიყვანე-მეთქი ვურეკავდი. და წამომიყვანა. მაგრამ არ შეიძლებოდა. ხელი ჰქონდა მოწერილი. და მერე მოვიდა პატრული. მე და ჩემი ძმები ჩემს დეიდაშვილან დავიმალეთ.

სახლში რის კეთება გიყვარდათ ერთად?

ვხატავდით, ფოლმებს ვუყურებდით. მე და დედა ვკერავდით ხოლმე თოჯინის კაბებს.

მერე უკვე მინდობით აღზდაში გადაგიყვანეს...

არა, მანამდე კიდევ ერთი თვე დეიდასთან ვიყავით. დედას არ გვაჩვენებდნენ. შემაკავებელი ორდერი რომ ჰქონდა, ეგ რთული თვე იყო ძალიან. ჩემი ძმა სულ ტიროდა. მერე ისევ დღის ცენტრში წავედით, ოღონდ ერთად.

შენ გიწევდა შენი ძმის მოვლა?

კი, ჩანთის ჩალაგება იყო თუ სხვა რამე. რაც სჭირდებოდა.

მაგ პერიოდში დედის ნახვა შეგეძლოთ?

კი, შაბათ-კვირას. მაგრამ ეგ ცოტა იყო. დედაც კი მოდიოდა ცენტრში, მაგრამ ფოიეში ვისხედით ხოლმე ცოტა ხანი.

და მერე უკვე მინდობით აღზრდაში გადახვედით?

კი. მაგრამ მე მეგონა, რომ არ წავიდოდით მაინც. შორს არ გვინდოდა წასვლა. მაგრამ მაშინო, ცალ-ცალკე გაგიშვებთო. მე და ჩემს ძმას და ჩემს დეიდაშვილებს და ამიტომ დავთანხმდით იქ წასვლაზე. მაგრამ ჩემი დეიდაშვილები მაინც შორს აღმოჩნდნენ. ორ კვირაში ერთხელ თუ ვნახულობდი.

იქ, მიმღებ ოჯახში რას აკეთებდით?

ძირითადად ერთ ოთახში ვისხედით. ტელეფონი მქონდა მეც და ჩემს ძმასაც. ინტერნეტში ვუყურებდით რაღაცებს.

მთელი დღე?

კი. სულ.

არსად დადიოდით?

იშვიათად ძალიან. ხანდახან ვეხმარებოდით ოჯახს.

და სწავლა?

მიჭირდა ძალიან. მე ხომ ჩამოვრჩი პროგრამას. ერთხელ ორჯერ ვიხოვე დახმარება, მაგრამ არავინ იცოდა და მერე აღარავისთვის მითხოვია. მაგრამ სკოლა კარგი იყო იქ. თბილები იყვნენ.

შენს ძმასაც უჭირდა სწავლა?

მათემატიკაში. მაგრამ ვერავინ ეხმარებოდა.

იქაური ბავშვები გაიცანით? გარეთ გადიოდით? თამაშობდით?

ჩემს ძმას არ უშვებდნენ, პატარააო, და მე, შვიდიდან რვამდე-ცხრამდე კი. ხანდახან. ოღონდ ზაფხულში. ზამთარში ციოდა. ზედა სართული იქ არ თბება და გვციოდა. ხანდახან ერთად ვწვებოდით ხოლმე ერთმანეთი რომ გაგვეთბო.

დედას ტელეფონით ელაპარაკებოდით?

კი, დღეში ძალიან ბევრჯერ გვირეკავდა. ისიც გვიყვებოდა რას აკეთებდა და ჩვენც.

რაზე გეფიქრებოდა ხოლმე იქ ყოფნისას ყველაზე ხშირად?

როგორ წავიდეთ დედასთან-მეთქი. თან სოცმუშაკი წელიწადში 20 დღეს გვაძლევდა მარტო, დედას რომ აქ წამოვეყვანეთ. სულ ვითვლიდი და ვითვლიდი. რამდენი დამრჩებოდა. ვანაწილებდი - ხუთი დღე ახლა, ათი მერე. კიდე ხუთი ახალ წელს და ასე.

როცა რამე გჭირდებოდა სოცმუშაკისგან, ურეკავდი? გეხმარებოდა?

სახლში წასვლა როცა მინდოდა, ვურეკავდი. მაგრამ სულ რაღაც მიზეზს ეძებდა, რომ არ ეპასუხა, მალე გაეთიშა.

შენ და დედას როგორი ურთიერობა გაქვთ?

მეგობრებიც ვართ. დედა-შვილიც.

ადვოკატი რომ გამოჩნდა, ადვილად დათანხმდი მასთან თანამშრომლობას? შენთვის რას ნიშნავდა, რომ შენ გყავდა ადვოკატი და უკვე შენ იბრძოდი დედასთან დასაბრუნებლად?

სხვა გზა აღარ იყო. ამიხსნეს და უკვე ვიცოდი, რომ ეს გზა მრჩებოდა. ადვოკატი რომ მყავდა, ეს არავის სიამოვნებდა ოღონდ. ეშინოდათ, რომ ვინმეზე რამე ცუდი არ მეთქვა.

თბილისში წამოსვლის დღეს რაზე ფიქრობდი, როგორ წამოხვედით?

დილის ექვსზე გამოვედით. ძალიან ვღელავდი. ჩემი ნივთები მაშინ არც წამომიღია. ჩავაწყვე და ისე დავტოვე ოთახში, ხომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა.

სასამართლოში პირველად იყავი?

კი. თან ამ როლში. ძალიან მიჭირდა. თან ვერც ვიჯერებდი, რომ ეს ხდებოდა. ძალიან გაგვიხარდა დედა რომ დავინახეთ. და მოსამართლემ რომ თქვა, რომ დედასთან წავიდოდით. არ გვჯეროდა. მერე ყველანი ერთად წავედით სახლში.

ახლა რა გინდა რომ აკეთო, რას აპირებ?

როგორმე სკოლა უნდა დავამთავრო. ჩამორჩენა მაქვს და ბევრი რამ მექნება აღსადგენი. ჯერ სახლს ვალაგებთ. ერთ ოთხში რემონტი გვინდა გავაკეთოთ. მერე ვნახოთ. მთავარია, რომ სახლში ვართ. ერთად ვართ და დედასთან, სითბოში.

რისი შეცვლა გინდა?

ყველაფრის.

ბავშვები ახლა სოციალურ სააგენტოს სასამართლოში უჩივიან და იმ მიზეზების მოკვლევას მოითხოვენ, რის გამოც ჩამოაშორეს დედას.

ისინი ადვოკატების დახმარებით ეცდებიან დაამტკიცონ, რომ თავის დროზე, დედისთვის შვილების ჩამორთმევა იყო უკანონო და არასწორი. ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოსგან მოითხოვენ დაშორებით გამოწვეული იმ მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაც მათ მიადგათ.