STOP COVID-ის აპლიკაციამ, რომელიც 400 ათასზე მეტი დაჯდა, მხოლოდ 27 ინფიცირებული გამოავლინა

STOP COVID-ის აპლიკაციის ჩაშვებიდან 16 სექტემბერს ზუსტად 5 თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, მოწყობილობის დახმარებით, რომლის შექმნაც ბიუჯეტს 412 ათასი ლარი დაუჯდა, მხოლოდ 27 ინფიცირებული გამოავლინა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღო.

ინსტრუქცია ასეთია, მოქალაქეს გადმოწერილი უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, რომელიც მუდმივად გააქტიურებული იქნება. სისტემა მას უნიკალურ კოდს მიანიჭებს და ჩაინიშნავს ყველა იმ მობილურის უნიკალურ კოდს, რომელიც მას ორ მეტრზე ახლოს მიუახლოვდება. ვირუსის დადასტურების შემდეგ მოქალაქეს კოვიდსტატუსის შესახებ ინფორმაცია აპლიკაციაში შეჰყავს, მონაცემები დარდება სახელმწიფოში არსებულ ბაზაზე და შემდეგ სავარაუდო კონტაქტებთან იგზავნება შეტყობინებები.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპლიკაცია სულ 211 308 პირს აქვს გადმოწერილი, საიდანაც 13 867-მა პირმა შეტყობინება მიიღო, რომ ის სავარაუდო კონტაქტი იყო.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ ორ ცნობილ ჟურნალისტს, "TV პირველის" ტელეწამყვან ვიკა ბუკიასა და "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ცხომელიძეს. ორივე მათგანი რადიო თავისუფლებას იდენტურ ისტორიას უყვება. ინფიცირების შემდეგ არავინ დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა მათ STOP COVID-ის აპლიკაცია და არც მონაცემების შეყვანა შესთავაზეს სავარაუდო კონტაქტების გამოსავლენად.

საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 100-ს სცდება. დღეს კი ეს რიცხვი 180-მდე გაიზარდა. ასეთი სურათის ფონზე კონტაქტების მოძიება რთულდება. შესაბამისად, აპლიკაცია, რომელიც სავარაუდო კონტაქტებს შეტყობინებას უგზავნის კიდევ უფრო საჭირო ხდება, თუმცა დღეს მისი რეკლამირება აღარ ხდება.